არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, 2 ოქტომბერს ქართველი ხალხი გადაწყვეტს თუ ვის ჩააბარებს საკუთარი მუნიციპალიტეტის მართვის სადავეებს… ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იმითაა საინტერესო, რომ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე გაჩნდა ახალი რეიტინგული მოთამაშე – პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სახით. პარტიის საარჩევნო სიები და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატთა სპექტრი ცხადყოფს იმას, რომ აქ გზას უხსნიან არა იმ ძველ სახეებს, რომლებიც 30 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე „ჯადოსნური წრეზე“ ატრიალებენ ქვეყანას, არამედ ახლაგაზრდა, ენერგიულ და პროფესიონალ კადრებს. ვესაუბრებით პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ირაკლი თავდგირიძეს.
- ბატონო ირაკლი, თქვენ წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და წევრი იყავით, რატომ გადაწყვიტეთ დაგეტოვებინათ პარტია და გადასულიყავით გახარიას გუნდში?
- ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ გაუჩინა შიშები და ეჭვები იმისა, რომ ის პირები, რომლებიც პრემიერობის დროს გახარაის მიმართ, კარგი კრიზის-მენეჯერობის გამო სიმპათიას გამოვხატავდით, გადავიდოდით ექსპრემიერის მხარეს. ხელისუფლებამ დაიწყო ჯერ არშექმნილი პარტიის მხარდამჭერების დევნა. ასე და ამგვარად, მეც გავხდი პოლიტიკური ნიშნით დევნის ნაწილი და თანაც იმ ხალხისგან, ვინც 2011-2012 წლებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გამო გვდევნიდა, ეს კი ჩემთვის რადიკალურად მიუღებელი გახლდათ… გული დამწყდა, რომ „ქართული ოცნება“ იმ პოლიტიკურ ძალას დაემსგავსა, რომელსაც 2011-2012 წლებში ვებრძოდით. ვფიქრობდი, რომ პოლიტიკური დევნის მანკიერი ტენდენცია წარსულში გვქონდა დატოვებული, თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, დღესაც იმ რეჟიმის ანუ „ოცნების“ კარზე აღზევებული „ნაციონალების“ წინააღმდეგ მიწევს ბრძოლა…
- როგორ შეაფასებდით მიმდინარე წინასაარჩვენო პროცესს?
- წინასაარჩევნო პროცესი ძალიან დაძაბულია. ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას ერთდროულად უწევს პარტიის ჩამოყალიბებაც და საარჩევნო პროცესებში ჩაბმაც. გვქონდა უამრავი პრობლემა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა შეძლო მათი დაძლევა. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი პარტიის ლიდერებსა და წევრებს სახლებთან ხვდებათ სუსის „შკოდები“ და უთვალთვალებენ მათ. ჩვენი მხარდამჭერების მიმართ არის დაშინებები და მოსყიდვების ფაქტები, მაგრამ ჩვენ ამას არ ვუშინდებით, ყოველდღიურ რეჟიმში უფრო და უფრო აქტიურად ვერთვებით პოლიტიკურ საქმიანობაში და ვხვდებით ხალხს. ძალიან პოზიტიური განწყობა იქმენბა ხალხში ჩვენს მიმართ და ზუსტად ეს გვაძლევს ყველაზე დიდ სტიმულს იმის მიმართ, რომ ჩვენ ეს ბრძოლა გავაგრძელოთ გამარჯვებამდე.
- ბატონო ირაკლი, თქვენ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საარჩევნო შტაბის უფროსი ხართ და რა გამოწვევებს ხვდებით ქალაქში?
- ჩვენს გუნდში არის ბევრი გამოცდილი და ახალგაზრდა წევრი, რომლებიც ენერგიით არიან სავსე. მათი შემართება და ქვეყნის სიყვარული მაძლევს იმის თამამად თქმის საფუძველს, რომ ჩვენ ერთად გამოვიყვანთ ქალაქს ამ კრიზისული და დაძაბული გარემოდან. უამრავი პრობლემა აქვს ქალაქს, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში კარდაკარ ვხვდებით მოსახლეობას და ვისმენთ მათ პრობლემებს, ჩვენი პროგრამაც ზუსტად გაწერილია იმ პრობლემების აღმოფხვრაზე, რაც ძირითადად აწუხებს ბათუმის მოსახლეობას.
- რა მოლოდინები გაქვთ საარჩევნოდ?
- მოლოდინები ძალიან დიდია. ჩვენი ყველა კანდიდატი შერჩეულია სამი ძირითადი პრინციუპით: ეს არის ღირსება, პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება. ბათუმს სჭირდება ახალგაზრდა და ენერგიული ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად კონტაქტზე იქნებიან მოსახლეობასთან. ზუსტად ამას სთავაზობს ჩვენი პარტია ამომრჩეველს. სწორედ ხალხთან მუდმივი და უშუალო კონტაქტის საფუძველზე ჩვენი პარტია იქნება არა მესამე, არამედ პირველი ძალა და მჯერა, რომ 2 ოქტომბერს ხალხი ღირსეულ კანდიდატს აირჩევს.
- რით განსხვავდებით „ქართული ოცნებისგან“, რა არის თქვენი მთავარი მიზანი?
- ჩვენი პოლიტილკური ძალა, ზუსტად იმ მიზნებითაა დაფუძნებული, რაც სჭირდება დღევანდელ პოლიტიკას. ეს არის არავის წინააღმდეგ, საბოლოოდ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს პოლიტიკური ესკალაცია და ყოველდღიური ჩხუბი ორ პოლიტიკურ პარტიას შორის. ჩვენ ვართ არავის წინააღმდეგ – საქართველოსთვის. ჩვენი ინტერესის სფეროში არც ერთი პოლიტიკური პარტიის არც დაშლა და არც განვითარება არ არის.
ჯანო ქობულაძე