დღეიდან აჭარაში სამედიცინო დაწესებულებები ვაქცინაციას კლინიკის გარეთ პირველად განახორციელებენ. ბათუმის ორ მოლში – ,,ბათუმი მოლი“ და „მეტრო სითი”, ამცრელი ჯგუფები განთავსდა და სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინით მოქალაქეთა იმუნიზაცია დაიწყო. იმისათვის, რომ იმუნიზაციის პროცესი ვაქცინის მსურველებისთვის რაც შეიძლება ხელმისაწვდომი და გამარტივებული იყოს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მოქალაქეები ყოველდღიურად, 10-დან 18 საათის განმავლობაში, შეძლებენ ორივე ლოკაციაზე მიიღონ სრულფასოვნად სერვისი. პროცესს ადგილზე დაესწრო აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.
აჭარაში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. დღის განმავლობაში აცრას 2000-მდე მოქალაქე იტარებს. გასული 24 საათის განმავლობაში ვაქცინაცია 1844-მა მსურველმა ჩაიტარდა. აქედან ფაიზერით აიცრა 1154 პირი, ასტრაზენეკით 80, სინოვაკით 20, სინოფარმით 590. ჯამში აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩატარებული აქვს 45 000 მდე პირს.
დღეს აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა 378 მოქალაქეს, გამოჯანმრთელდა – 129 პაციენტი. ვაქცინაცია აჭარის ექვსივე მინიციპალიტეტში მიმდინარეობს. იმუნიზაციის პროცესს ადმინისტრირებას ექვსი კლინიკის 19 ამცრელი ბრიგადა უწევს.