ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საპატრიარქოში ეყოფათ გონიერება და თავიანთ მრევლს არ წააქეზებენ, რომ სხვა ადამიანები სცემონ. იმედია, ძალიან მშვიდობიანად ჩაივლის 5 ივლისი, – ამის შესახებ “თბილისი პრაიდის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა.
ის ამბოვს რომ,ისეთი ქვეყნის აშენება სურთ, სადაც ყველა ჯგუფს ექნება აქციის ჩატარების უფლება.
მისი თქმით, “პრაიდის” ორგანიზატორები გეგმის ცვლილებას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში მოსახლეობას მიმართავენ, რომ 5 ივლისს, ქაშუეთის ტაძართან შეიკრიბონ და მსოფლიოს აჩვენონ, რომ ღირსებას იცავენ და „გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა“ მიუღებელია.
„კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ე.წ.პრაიდის მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას. ეს ქმედება ჩვენს ხალხში, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, დაძაბულობასა და არეულობას იწვევს.ყოველივე ამაზე კი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნული აქტივობების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერთ“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლიკა შარაძე