მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ინოვაციები, რომლებიც ამარტივებენ ცხოვრებას

ინოვაციები, რომლებიც ამარტივებენ ცხოვრებას

428
0

მულტისაზომი სამაჯური, აეროპონიკა, სმარტ დრონი, მზის პანელის ავტომატური მართვა. რობოტი მანქანა, ეს მცირე ჩამონათვალია იმ ინოვაცური პროექტებისა, რომელიც 23 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ STEAM ფესტივალ 2023-ზე სტუდენტებმა და მოსწავლეებმა წარმოადგინეს.

საქართველოს უნივერსიტეტი მეცნიერების, მათ შორის, კომპიუტერული მეცნიერებების, ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის, ინფორმაციული და ტელეკომუნიკაციების პოპულარიზაციის მიზნით უკვე მეორე წელია ფესტივალს მასპინძლობს და მონაწილეებს საშუალებას აძლევს წარმოადგინონ თავიანთი ორიგინალური იდეები და პროექტები, რომელიც შეიმუშავეს და განახორციელეს ამავე უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის idealab-ში.

ფესტივალზე, ინოვაციურ პროექტების ავტორებს შორის აუცილებლად შეამჩნევნევდით გიორგის, შოთას და გოდერძის, რომლებიც სიამაყით უზიარებდნენ ფესტივალზე მყოფებს ე.წ „სმარტ დოქტორის“, იგივე მულტისაზომი სამაჯურის შესახებ ინფორმაციას: „წარმოიდგინეთ მარტო სახლში არის ხანში შესული ადამიანი, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გააკონტროლოს პულსაცია და სატურაცია, მაგრამ არავინ ჰყავს, ვინც გაუზომავს და ექიმს გადასცემს ინფორმაციას, ჩვენი შემუშავებული მოწყობილობის საშუალებით სატურაციაც და პულსაციაც ავტომატურად გაიზომება და მითითებულ ნომერზე დისტანციურად გადაეცემება პირად ექიმს ან ოჯახის წევრს“- გვიყვება გიორგი. საბოლოოდ, გუნდის წევრები 6 თვის ვადაში  გეგმავენ რომ მოწყობილობას  დაემატოს წნევის გაზომვის შესაძლებლობა და ჩაუშვან სატესტოდ.

ალბათ, ბევრჯერ გიფიქრიათ, როგორ დაგეჩქარებინათ ხის თუ მცენარის გაზრდა, ან მოგეყვანათ თქვენთვის სასურველი მოსავალი პატარა მონაკვეთზე. ფესტივალის მონაწილე ბიჭებმა, საქართველოს უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტებმა – ილიამ, ნიკამ და გერონტიმ შეიმუშავეს ე.წ აეროპონიკა, რომელიც აჩქარებს ხის, მცენარის ზრდას 30 %ით. „მაგალითად, თუ ჩვეულებრივ მარწყვის ბუჩქს სჭირდება 2 კვირა გასაზრდელად, აეროპონიკით გაიზრდება 9 მაქსიმუმ 10 დღეში“ -ამბობს ნიკა, „გარდა ამისა, ჩვენი გამოგონება საინტერესოა მათთვის, ვისაც მცირე მიწის ნაკვეთზე სურს მეტი მოსავლის მოყვანა. წარმოიდგინეთ, თუ ფერმერის შემოსავალი იყო 1 ჰექტარზე 100 000,  აეროპონიკის საშუალებით შესაძლოა 300 000 -მდე გაიზარდოს.“

ჩვენს კითხვაზე, თუ რა იყო ინსპირაცია შეექმნათ მსგავსი მოწყობილობა, ილია გვპასუხობს, რომ „ინტერნეტში ვნახეთ ვიდეო, სადაც ადამიანს უნდოდა პატარა ნაკვეთზე მოეყვანა მეტი პროდუქტი. დავიწყეთ ფიქრი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო გამოსავალი და მივედით აეროპონიკამდე, რომლის საშუალებითაც 50 კვადრატულმეტრ მიწის ნაკვეთზეც შეძლებს პირი მაწყვის ან ნებისმიერი ხილის თუ ბოსტენულის მოყვანას. აქვე, აუცილებელია ვთქვათ, რომ პროექტისთვის  დაიწერა სპეციალური კოდი, რომლითაც პროგრამა ზომავს სიმშრალეს და თვითონ ხვდება როდის სჭირდება ნიადაგს/მცენარეს მორწყვა.“

როგორც იდეის ავტორები გვიყვებიან, პროექტზე 1 თვის განმავლობაში მუშაობდნენ საქართველოს უნივერსიტეტის იდეალაბში, და გეგმავენ უფრო გააუმჯობესონ იდეა და ბუჩქებთან ერთად ხეების გაზრდაზე იმუშაონ.