აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე 2022 წლის პრიორიტეტების და სტრატეგიის შესახებ იმსჯელეს. ასევე, დეტალურად განიხილეს გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მიმდინარე მასშტაბური პროექტები. სამინისტრო აჭარაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, რომლებიც პანდემიის მიუხედავად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აჭარაში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების შესახებ ისაუბრეს. აჭარაში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გაზრდილია, რის გამოც საპრივატიზაციო პროცესი ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. თორნიკე რიჟვაძემ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ტურიზმის გააქტიურების პარალელურად, ეკონომიკური აქტივობა გაძლიერდა. “საბიუჯეტო პროგრამების ეფექტურად დაგეგმვა მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. მომავალი წლები უნდა იყოს გარღვევის ეტაპი მშენებლობის და კონკრეტული ახალი პროექტების განხორციელების მხრივ”- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.