მთავარი სტატიები 1919 წლის 31 აგვისტოს ისტორიული ყრილობა ბათუმში

1919 წლის 31 აგვისტოს ისტორიული ყრილობა ბათუმში

580
0

გრანდიოზული ცვლილებები რუსეთის იმპერიაში 1917 წლის თებერვალში დაიწყო. პეტროგრადში რევოლუციურად აზვირთებულმა მოსახლეობამ თვითმყრობელობა დაამხო. გზა გაეხსნა დემოკრატიულ თავისუფლებებს. მართალია მსოფლიო ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, მაგრამ რუსეთს საშუალება მიეცა განვითარების ახალ გზას დადგომოდა. თითქოსდა საქმე მარტივად გამოიყურებოდა, ჩატარდებოდა დემოკრატიული არჩევნები და დამფუძნებელი კრება გადაწყვეტდა უკეთესი მომავლის ბედს.
თებერვლის რევოლუციამ საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა. უკვე მარტში აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები ლეგალურ სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ, ტარდებოდა სხვა პროგრესული ღონისძიებები.
ყოფილი უზარმაზარი იმპერიის ერებისა და ეროვნებებისათვის იმ ეტაპზე ავტონომიური უფლებების მიღება რეალურ პერსპექტივას წარმოადგენდა.
1917 წლისათვის რუსეთის არმიას კავკასიის ფრონტზე მნიშვნელოვანი წარმატებები ჰქონდა მოპოვებული. მთელი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველო და საერთოდ თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი მის საოკუპაციო რაიონს შეადგენდა. ესეც ჩვენს ქვეყანას სასიკეთო მომავალს უქადდა.
ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი მაჰმადიანურ რეგიონს წარმოადგენდა (თურქეთის რესპუბლიკაში დარჩენილი ნაწილი დღესაც წარმოადგენს). აქ ოსმალთა ბატონობამ, ძირითადად ხვჳ საუკუნიდან, თავისი გავლენა მოახდინა. მართალია მისი ნაწილი (1878 წლიდან) ორმოცი წელია რაც სამშობლოს დაბრუნებული ჰქონდა, მაგრამ ოსმალოფილები სიტუაციის შესაბამისად აქტიურობდნენ. 1918 წელს მათ ჩამოაყალიბეს ორგანიზაცია ,,სედაი მილეთი“.
ოსმალურ ორიენტაციას აჭარაში უპირისპირდებოდნენ ქართველი პატრიოტი მაჰმადიანები, რომლებმაც 1917 წლის `მაისში მოინდომეს ორგანიზაციის შექმნა, მაგრამ არჩევნებმა შეუშალა ხელი. მხოლოდ 1917 წლის შემოდგომაზე მოხერხდა ამ ნაბიჯის გადადგმა. 1917 წლის ოქტომბერში ბათუმში მოიწვიეს აჭარის მოსახლეობის წარმომადგენელთა შეკრება, სადაც შექმნეს საქველმოქმედო საზოგადოება. საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს მემედ აბაშიძე. ამ შეკრების ჩატარებაში ასევე უნდა ითქვას ჰაიდარ აბაშიძის, ჯემალ ქიქავას, ზექერია შერვაშიძისა და სხვათა დამსახურებაზე. ამ შეკრების მოწვევას ყოველნაირად უშლიდა ხელს ოსმალოფილური საზოგადოება… მიუხედავად ამისა, შეკრება წარმატებით ჩატარდა. ჩამოყალიბდა ისეთი საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც მტკიცედ იდგა ქართულ პოზიციაზე“.
1917 წლის 25 ოქტომბერს (7 ნოემბერს) პეტროგრადში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ბოლშევიკები. მათ კურსი აიღეს სოციალიზმის დაჩქარებული დამყარებისკენ. ასეთი პოლიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა პოლიტიკური პარტიების უმრავლესობისათვის, მათ შორის ამიერკავკასიაშიც. შედეგად, ამიერკავკასია მოწყდა ბოლშევიკურ რუსეთს. კავკასიის ფრონტმა დაშლა დაიწყო. რუსი ჯარისკაცები თანდათან სახლში მიდიოდნენ. შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა ოსმალეთმა. 1918 წლის დასაწყისში მათი ჯარი შეტევაზე გადმოვიდა და თავიდან დაიპყრო არა მხოლოდ მსოფლიო ომის დროს დაკარგული ტერიტორიები, არამედ მთელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველო. კიდევ მეტი, ისინი სრულიად საქართველოს ემუქრებოდნენ დაპყრობით.
1918 წლის აპრილში თურქი ოკუპანტები ბათუმში შემოვიდნენ. მალე აქვე ჩამოვიდა ოსმალეთის პარლამენტის დელეგაცია ხელილ ბეის მეთაურობით. მათ წინაშე სიტყვით გამოვიდა მემედ აბაშიძე, რომელმაც განაცხადა: ,,კეთილი იყვეს თქვენი ჩვენთან სტუმრად მობრძანება, ჩვენ ქართველები სტუმართმოყვარენი ვართ, ვიცით სტუმრის მიღება და პატივისცემა, მაგრამ მინდა ისიც იცოდეთ, რომ სტუმარს უფლებას არ მივცემთ ჩვენს შინაურ საქმეებში ჩაერიოს… თქვენ ბატონ-პატრონად ნუ იგულებთ თავს ჩვენს მიწა-წყალზე“. ამის გამო მემედ აბაშიძე, ასევე მისი თანამოაზრეები ჯემალ ქიქავა, დავით სირბილაძე და ხასან ლორთქიფანიძე დააპატიმრეს და მოათავსეს ტრაპიზონის ციხეში. მემედ აბაშიძეს სიკვდილით დასჯა ელოდა. თუმცა მისი ციხიდან გაქცევა მოხერხდა.
1918 წლის 15 მაისს ოსმალებისაგან შეპყრობას გადარჩენილმა აჭარის პატრიოტებმა თბილისში დააარსეს ,,სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი.“ მის თავმჯდომარედ აირჩიეს ჯერ კიდევ ოსმალეთის ციხეში მყოფი მემედ აბაშიძე. ამ კომიტეტის პროგრამაში ჩამოყალიბდა მიზანი: ,,სამუსლიმანო საქართველო შეუერთდეს დედასაქართველოს ფართო ავტონომიურ ნიადაგზე და ამით საქართველოს პოლიტიკური მთლიანობა განმტკიცებულ იქნას“.
1918 წლის 26 მაისს საქართველომ გამოაცხადა დამუკიდებლობა. ,,სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა“ ფართო მუშაობა გაშალა ოსმალთა მიერ მიტაცებული ქართული მიწების გამოხსნის მიზნით.
1918 წლის ბოლოს გერმანია და მისი მოკავშირე ოსმალეთის იმპერია მსოფლიო ომში დამარცხდნენ. თურქები იძულებულნი გახდნენ აჭარიდან წასულიყვნენ. 1918 წლის დეკემბრიდან ჩვენს რეგიონში შემოვიდნენ ინგლისელები. ბათუმის ოლქის სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა კუკ-კოლისი (ინგლისელები აქ 1920 წლის ივლისამდე დარჩნენ).
1919 წელს ინგლისელთა ოკუპაციის პირობებში აჭარაში შეიქმნა რთული და გაურკვეველი მდგომარეობა. აქ რამდენიმე პოლიტიკური ძალა ებრძოდა ერთმანეთს დამკვიდრებისთვის. კერძოდ, რუს თეთრგვარდიელებს სურდათ ძველი იმპერიის აღდგენა, ოსმალოფილებს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ოსმალეთის საზღვრებში მოქცევა, გარდა ამისა იყო აზრი და 1919 წლის 22 იანვარს მცდელობაც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (ძირადად ბათუმის, ყარსის და არტანის ოლქების გაერთიანებით) შექმნილიყო დამოუკიდებელი მაჰმადიანური სახელმწიფო. სომეხ ნაციონალისტებს ბათუმი საკუთარი ქვეყნისთვის სურდათ, აზერბაჯანელ ნაციონალისტებს კი საკუთარი ქვეყნისთვის. შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, რომ დასავლეთში ზოგიერთი გავლენიანი პოლიტიკური წრეების აზრით ბათუმის ოლქში უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფო, უფრო სწორად მინი სახელ-მწიფო.
შექმნილ პირობებში ,,სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებული კომიტეტი“ მემედ აბაშიძის მეთაურობით ატარებდა უდიდეს სამუშაოს ადგილობრივი, განსაკუთრებით ქართველი მაჰმადიანი მოსახლეობის პატრიოტული ცნობიერების ამაღლების და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დედა სამშობლოსთან დაბრუნების საქმეში. კომიტეტმა დაიწყო გაზეთ ,,სამულისმანო საქართველოს“ გამოცემა. იგი 1919-1921 წლებში იბეჭდებოდა და გამოვიდა 500 ნომერი.
საქართველოს, აჭარის პატრიოტებმა მიიღეს დროული, მამაცური, სწორი გადაწყვეტილება შეექმნათ ლეგიტიმური წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც იბრძოლებდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დედა სამშობლოსთან დაბრუნებისათვის. მათ 1919 წლის 31 აგვისტოსთვის დაგეგმეს ბათუმის ოლქის მოსახლეობის წარმომადგენელთა ყრილობის ჩატარება.
,,ინგლისის საუკუპაციო მთავრობა თავიდან ყრილობის მოწვევის წინააღმდეგი იყო. მაგრამ განმათავისუფლებელი კომიტეტის და მისი მეთაურის მ. აბაშიძის დაჟინებულმა მოთხოვნამ იძულებული გახადა დათმობაზე წასულიყო. კომიტეტმა ყრილობის მოწვევის ნებართვა მიიღო“. ,,სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ წევრებმა გასწიეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საორგანიზაციო სამუშაო. ამ პატრიოტულ წამოწყებას აღშფოთებით შეხვდნენ ოსმალოფილები, ხედავდნენ რა მასში სერიოზულ ძალას და ცდილობდნენ მისთვის ხელის შეშლას. ისინი ,,1919 წლის 14 აგვისტოს გენერალ კუკ-კოლისს აცნობებდნენ შემდეგს: ,,ჩვენთვის ცნობილი გახდა ის, რომ ქართული ორიენტაციის მომხრეები აპირებენ ყრილობის მოწვევას და ამ მიზნით ეწევიან ხალხში აგიტაციას. მაგალითად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს სოფელ მუხაესტატეში იმყოფებოდნენ ისინი და ხალხს ეუბნებოდნენ, რომ სულ მალე ჩატარდება დიდი ყრილობა, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს ჩვენი კუთხის ბედსო. ისინი ხალხს მოუწოდებდნენ, რომ მათ აერჩიათ ყრილობისათვის დელეგატები. აგრეთვე შეერჩიათ ისეთი ხალხი, რომლებსაც სიტყვით გამოსვლა შეეძლებოდა. ხალხი დაპირდა მოსულებს, რომ აუცილებლად წამოვიდოდა ყრილობაზე დასასწრებად.“ იმავე კუკ-კოლისს აცნობებდნენ 1919 წლის 18 აგვისტოს, რომ ყველაზე მეტად აქტიურობს მემედ აბაშიძე. ის არის მთელი ამ ,,ბუნტის“ მოთავე. ის ხელმძღვანელობს ყოველივე ამას და ცდილობს მოსახლეობა განაწყოს საქართველოსადმი სიმპათიით. მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მის სიტყვას ,,მისი მომხრეები“ ენდობიან… ამჯერად ის ყველაზე სახიფათო პიროვნებაა. ასევე დახასიათებულია ზია აბაშიძე, სულეიმან დიასამიძე, ჯემალ ქიქავა, იუნუს წულუკიძე და სხვები. 1919 წლის 21 აგვისტოს დასმენაში კი საუბარია ჯემალ ქიქავაზე, რომელიც ხშირად ატარებს აგიტაციას ხალხში, არ ერიდება ინგლისელების კრიტიკას, მოსახლეობას ურჩევს არ მოუსმინოს ოსმალოფილებს. ასევე ხალხს მოუწოდებს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობაზე და ა.შ.
არც ოსმალოფილებს ეძინათ, ისინი საპასუხო დარტყმისათვის ემზადებოდნენ. ხალხს მოუწოდებდნენ არ მოესმინათ ,,დემაგოგებისათვის“ , ისინი ცდილობდნენ ჩვენს ,,გაგიაურებას“, ,,ჩვენი მხარის მოსპობას“, სადაც მათ წააწყდებოდნენ ,,გაასწორებდნენ“, ჩაეშალათ ყველა ის შეკრებები, რომელსაც ეს მოღალატეები ჩაატარებდნენ, ,,გამოეპანღურებინათ“ სოფლებიდან მათი ,,პროვოკატორი პროპაგანდისტები“ და ა.შ.“ მიუხედავად მცდელობებისა ოსმალოფილთა უგუნური ზრახვები ჩაიშალა. ადგილებზე, სახალხო შეკრებებზე აირჩიეს ყრილობის დელეგატები. ამის შესახებ გაზეთი ,,ბრძოლა“ იუწყებოდა: ,,ბათუმის ოლქის ყველა კუთხეში ჩატარდა სახალხო კრებები, რომლებზეც მოსახლეობა ირჩევდა თავის წარმომადგენლებს“. თვითმხილველები ადასტურებენ დაპირისპირების თაობაზე და მიუხედავად ამისა, რეგიონის მოსახლეობის უმეტესობის მიერ თავიანთ წარმომადგენლების არჩევის შესახებ. რადგან არჩევნები შესაძლებლობის მიხედვით დემოკრატიულად ტარდებოდა, ამიტომ დელეგატთა შემადგენლობა ერთგვაროვანი არ ყოფილა. მასში იყვნენ რეაქციონერი დელეგატებიც.
ოსმალოფილები გენერალ კუკ-კოლისს აცნობებდნენ: ,,მიუხედავად ჩვენი მხრიდან აქტიურობისა მათი ყრილობა მაინც ჩატარდა. ჩვენ ვერ შევძელით ხელის შეშლა. თუმცა ამისათვის არც ძალი და არც ღონე დაგვიკლია. ხალხს მოვუწოდებდით არ დასწრებოდნენ ამ შეკრებას. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი მაინც არ წამოსულა. თვით ყრილობის დღეს ჩვენი ხალხი დარბაზში მიმავალ ხალხს აფრთხილებდა, რომ არ შესულიყო შიგ. წინააღმდეგ შემთხვევაში სანანებელი გაუხდებოდა ეს საქციელი. ასევე ვაშინებდით, რომ შეიძლებოდა დარბაზში ბობმი აფეთქებულიყო. მიუხედავად ამისა, მაინც შეიკრიბა ასამდე კაცი“.
ყრილობა გაიმართა დაგეგმილ დღეს 1919 წლის 31 აგვისტოს ბათუმი ქალაქის საბჭოში. მასზე წარმოდგენილი იყო 100 დელეგატი. ყრილობას ესწრებოდნენ საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები: პ. საყვარელიძე, ს. ფირცხალავა, პ. სურგულაძე. საქართველოს კონსული ნ. აღნიაშვილი, აზერბაიჯანის კონსული ეფენდიევი, სომხეთის კონსული ედიგაროვი, სპარსეთის კონსული, ბათუმელ ქართველთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჯაყელი. დელეგატთა შორის იყვნენ ,,სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ წევრები: მემედ აბაშიძე, ისკანდერ ცივაძე, სულეიმან ბეჟანიძე, ზია აბაშიძე, იზეთ ხალვაში, ხაფიზ სურმანიძე, ჯემალ ქიქავა, სულეიმან ვარშანიძე და სხვები.
ყრილობამ აირჩია პრეზიდიუმი ცხრა კაცის შემადგენლობით, თავმჯდომარედ კი აირჩიეს მემედ აბაშიძე.
ჩვენი რეგიონის ამ მნიშვნელოვან ფორუმს თავიანთ გამოსვლებში მიესალმნენ აზერბაიჯანისა და სპარსეთის კონსულები.
ყრილობაზე გამოსვლისას მემედ აბაშიძემ აღნიშნა, რომ ომმა და რევოლუციამ ძველი ცხოვრება დაანგრია და კაცობრიობა განახლებულ გზას დაადგა. ამ დროს ჩვენი რეგიონი კუნძულია რომელსაც ყველა ეპოტინება, ჩვენი გამოსავალი კი საქართველოსთან ერთად ყოფნაა. ამასთან გამომსვლელმა ხაზი გაუსვა რელიგიის ფაქტორს, მან თქვა: ,,ნურავინ ფიქრობს, რომ სარწმუნეობა და ეროვნება ერთი და იგივეა. ჩვენ მტკიცე მუსლიმანები ვართ, მაგრამ მასთან ერთად ჩვენ ქართველები ვართ, საქართველოს ღვიძლი შვილები… დღეს ჩვენმა ხალხმა უკვე გამოიღვიძა ხანგრძლივი ძილისაგან და გადაწყვიტა შეერთებული ძალებით თვითონ შეიქმნას თავისი ბედის პატრონი, რასაც მოწმობს დღევანდელი კრება“.
მ. აბაშიძემ ამ ფორუმზე კიდევ ერთი სიტყვა წარმოთქვა სადაც კვლავ შეეხო ეროვნებისა და სარწმუნოების საკითხს: ,,ჩვენთვის დღევანდელი დღე ბრწყინვალე დღეა. ბრწყინვალეა მიტომ, რომ დღეს სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენლებმა თავი მოიყარეს და თავიანთი სვებედის დაცვა და გაძღოლა თავს იდვეს… რამდენადაც მტკიცედ ვადგავართ ჩვენ სარწმუნოებას, იმდენად მტკიცე და შეურყეველი ვართ ჩვენ ეროვნულ შეგნებაში… ჩვენ, ჩვენო მეზობლებო და ღვიძლო ძმებო, საქართველოს შვილები ვართ“.
როგორც აღვნიშნეთ ყრილობის დელეგატთა შემადგენლობა პოლიტიკური შეხედულებებით არაერთგვაროვანი იყო. თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს ერთად ყოფნის პოზიციაზე იდგა, რაც აისახა ყრილობის დოკუმენტებში და რეზოლუციაში.
ბათუმის ოლქის ქართველ მუსლიმანთა წარმომადგენელთა ყრილობის დადგენილება აჭარის საქართველოსთან შეერთების შესახებ.

1919 წლის 31 აგვისტო

ბათუმის ოლქის მუსლიმან ქართველთა წარმომადგენლები, შეკრებილნი ქალ. ბათუმში, რიცხვით ასი, 1919წ. აგვისტოს 31-სა, კვირას, ვაცხადებთ ერთხმად ღვთისა და ქვეყნის წინაშე:

1. ბათომის ოლქის მკვიდრნი, სარწმუნოებით მუსლიმანები, ისტორიით, სისხლითა და ხორცით, ენით, კულტურით და ადათებით ქართველები ვართ, მუსლიმანი ქართველები, და ტერიტორიალურად და ეკონომიკურად ყოველთვის ჩვენი მხარე დედა სამშობლოს საქართველოს განუყრელ ნაწილს შეადგენდა.
2. ბათომის ოლქის აწინდელი მდგომარეობა აუტანელ პირობებში აყენებს მთელ ხალხს, ართმევს მართვა-გამგეობაში მონაწილეობის მიღების უფლებას და საშვალებას, აძლიერებს უპასუხისმგებლო ჯგუფების პოლიტიკურ თარეშს და ხელს უწყობს მშვიდობიანობის და კეთილგანწყობილების დამარღვეველ ადამიანთა ბოროტ განზრახულებას. ამის გამო შეუძლელებლია მშვიდობიანი განვითარება.
3. ბათომის ოლქის მკვიდრთა პოლიტიკური, ეკონომიური და კულტურული საჭიროებანი, აგრეთვე ამიერკავკასიის ყველა ერის ინტერესი და ურთიერთშორის კეთილმეზობლური განწყობილება და დიდი სახელმწიფოთა ღირსება თხოულობს, რომ ბოლო მოეღოს ოლქის დღევანდელ მდგომარეობას, სახელმწიფოებრივი წესიერება დამყარდეს და ხალხმა მშვიდობიანი კეთილდღეობით ცხოვრება მოიპოვოს.
4. ვინაიდგან ეს შესაძლებელია მხოლოდ მუსლიმან ქართველების განთავისუფლებით და საქართველოს რესპუბლიკასთან შეერთებით, ამიტომ გამოვსთქვამთ შეურყეველს ნებისყოფას და მტკიცე გადაწყვეტილებას:
ამიერიდგან და სამარადისოთ ბათომი და ბათომის ოლქი შეუერთდეს თავის ბუნებრივ სამშობლოს საქართველოს რესპუბლიკას სამუსლიმანო საქართველოს ფართე ავტონომიის ნიადაგზე და ამ ავტონომიის ფარგლებში ეროვნულ უმცირესობათ მიენიჭოთ ჩვენთან თანასწორი პოლიტიკური და მოქალაქეობრივი უფლება.
5. დადგენილება ესე ეცნობოს პარიზის საზავო კონფერენციას და ეთხოვოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას მიიღოს ყოველივე ზომა ჩვენი დადგენილების განსახორციელებლად.
ეს დადგენილება დაეგზავნა ინგლისის საოკუპაციო ხელისუფლებას ბათუმში, პარიზის საზავო კონფერენციას და ყველა ევროპულ სახელმწიფოს (8.321). ამას ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა. იურიდიულად, ჩვენი რეგიონის მოსახლეობის მიერ არჩეულმა ყრილობამ მიიღო გადაწყვეტილება და აწი მისი გათვალისწინების გარეშე არც ერთ დამპყრობელს არ შეეძლო აშკარად დაეჭირა მხარი ანტიქართული ძალებისათვის რომელთა მიზანიც აჭარის საქართველოდან ჩამოშორება იყო.
ყრილობამ დეპეშა გაუგზავნა საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეს, სადაც ვკითხულობთ: ,,სამუსლიმანო საქართველოს წარმომადგენელთა ყრილობა მხურვალე სალამს უძღვნის დედა-სამშობლო საქართველოს უზენაესი ნების გამომხატველ დამფუძნებელ კრებას და მისი სახელით მთელ ქართველ ერს.
ყრილობა გამოთქვამს თავის ღრმა რწმენას, რომ სამულისლიმანო საქართველო, უკუღმართი პირობების გამო დღეს მოწყვეტილია თავის დედა-სამშობლოს, მალე შეუერთდება მას ფართო ავტონომიურ საფუძველზე, ერთობა ჩვენს განუყრელ ძმებთან, ქართველ ქრისტიანებთან, მათთან ჭირისა და ლხინის გაყოფა, მათთან სიცოცხლე და მათთან სიკვდილი, აი, ყრილობის ერთსულოვანი გადაწყვეტილება. გაუმარჯოს ამ ერთობას! გაუმარჯოს საქართველოს დამფუძნებელ კრებას! გაუმარჯოს საქართველოს სამუსლიმანო საქართველოს ფართო ავტონომიას დედა-სამშობლო საქართველოს ფარგლებში“.
ყრილობამ აირჩია მეჯლისი, ხოლო მეჯლისის თავმჯდომარედ კი აირჩიეს მემედ აბაშიძე. ახლად არჩეულ წარმომადგენლობითი ორგანოს მოვალეობას შეადგენდა ბრძოლა ყრილობის რეზოლუციის განხორციელებისათვის. ამრიგად, ,,სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელმა კომიტეტმა“ გზა დაულოცა სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისს.
,,1991 წლის 31 აგვისტოს ჩატარებულ ყრილობას და ყრილობაზე მიღებულ დადგენილებას ის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მან დიდი გამოხმაურება გამოიწვია საქართველოს ყველა რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც“.
გაზეთი ,,ერთობა“ სიამაყით წერდა: ,,31 აგვისტო ისტორიული დღეა როგორც სამულისმანო საქართველოს, ისე მთელი საქართველოსათვის. ამ დღეს ითქვა ის, რაც შეადგენს ყოველი მუსლიმანი ქართველის სათაყვანებელ საქმეს, მის წმიდათაწმინდას… ითქვა არა ერთი და ორი პირისაგან, არა ერთი და ორი საზოგადოებისაგან, არა მხოლოდ სამულისმანო საქართველოს რომელიმე ერთი და ორი კუთხისაგან, არამედ ხალხის წარმომადგენელი ყრილობისაგან… ვულოცავ ამ დღეს ჩვენს საყვარელ სამშობლოს“.
განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ მიუხედავად შექმნილი რთული მდგომარეობისა, როცა ბათუმის ოლქი იმყოფებოდა ინგლისელთა ოკუპაციის ქვეშ (1918 წლის დეკემბრიდან – 1920 წლის ივლისამდე), როცა ჩვენს რეგიონს ოკუპანტთა მხარდაჭერით ფაქტობრივად განაგებდნენ დენიკინელები, როცა ჩვენს ოლქს ებღაუჭებოდა სხვადასხვა ქვეყნის აგრესიული წარმომადგენლები, უპირველს ყოვლისა ოსმალები საკუთარი აგენტების მეშვეობით, იმარჯვა ქართულმა პატრიოტულმა ძალებმა. ფაქტი გახდა, რომ მათ მხარს უჭერდა მოსახლეობის უმრავლესობა და ისინი მზად იყვნენ ბოლომდე ებრძოლათ საკუთარი ქვეყნის ერთიანობისათვის, ამასთან, გამომდინარე რეალობიდან ითხოვდნენ ავტონომიას საქართველოს შემადგენლობაში.
1920 წლის იანვარში გამოქვეყნდა საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური ცნობა, რომ სამულისმანო საქართველოს ენიჭებოდა ავტონომია. თუმცა იმ დროს, ჩვენს რეგიონში ინგლისელთა ოკუპაციის პირობებში მისი განხორციელება შეუძლებელი იყო. 1920 წლის ივლისში ინგლისელები წავიდნენ და ბათუმის ოლქიც დაუბრუნდა საქართველოს. ამის შემდეგ, მენშევიკთა მმართველობის დროს ჩვენს რეგიონში ავტონომია ვერ ჩამოყალიბდა, რაც გარკვეულ უხერხულობას და მემედ აბაშიძის უკმაყოფილებას იწვევდა. 1921 წლის თებერვალში საქართველოს რესპუბლიკაში ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც სამუსლიმანო საქართველო (ბათუმის მხარეს) ენიჭებოდა ავტონომიური მმართველობა. ამ კონსტიტუციას განხორციელება არ ეწერა, იმავე თებერვალში საქართველოში შემოიჭრა წითელი არმია, ჩვენი ქვეყანა გასაბჭოვდა.
1921 წლის მარტში, როცა თბილისში უკვე საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა ფრიალებდა, აჭარაში კვლავ რთული მდგომარეობა შეიქმნა. მენშევიკები გასაქცევად ემზადებოდნენ და თურქები შეეცადნენ დაუფლებოდნენ აჭარას. იმ დროს მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1919 წლის 31 აგვისტოს ყრილობაზე ჩამოყალიბებულმა მეჯლისმა, მისმა მოწინავე პატრიოტულმა ნაწილმა მემედ აბაშიძის მეთაურობით. კერძოდ, 1921 წლის მარტში ბათუმში ჩამოვიდა თურქეთის ხელისუფლების დელეგაცია. ისინი შეეცადნენ მემედ აბაშიძე დაერწმუნებიათ, რომ მეჯლისს, როგორც მოსახლეობის წარმომადგენლობით ორგანოს გამოეტანა გადაწყვეტილება აჭარის თურქეთთან შეერთების თაობაზე. ამ შემთხვევაში ადგილობრივი ოსმალოფილების მობილიზებით თურქეთის ჯარიც შემოვიდოდა და წითელ არმიას აჭარაში არ შემოუშვებდნენ. შესაბამისად აჭარა ავტონომიის საფუძველზე იქნებოდა თურქეთის შემადგენლობაში. ასე ირწმუნებოდნენ თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ კრიტიკულ მომენტში მეჯლისის თავმჯდომარემ მემედ აბაშიძემ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი, რომლის შედეგად აჭარა დარჩა საქართველოს შემადგენლობაში. ამით მეჯლისის მთავარი მიზანი შესრულდა. რაც შეეხება მეორე მიზანს, ავტონომიის შექმნას, 1921 წლის ივლისში საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.
ალექსანდრე ჩხაიძე,
ისტორიის აკადემიური დოქტორი