ჯუმბერ ლეჟავას სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიის პრეზიდენტი ქალბატონი გულნაზ ხარაიშვილი რამდენიმე პიროვნებასთან ერთად, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს ისრაელში გახლდათ მიწვეული.
აღნიშნული ვოიაჟისთვის აკადემია განსაკუთრებულად ემზადებოდა, რადგან ვიზიტის ფარგლებში, ისრაელში მცხოვრებ აკადემიის წევრ ქართველ ებრაელებთან ერთად, კულტურული ღონისძიებების გამართვა იგეგმებოდა. ღონისძიებებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გახლდათ საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიის ეგიდით გამოცემული ქართული კულტურის დესპანის, ჩვენი ისრაელელი თანამემამულის ბატონ აბრაამ პაატა იოსებაშვილისადმი მიძღვნილი წიგნის „სიკეთის ელჩის“ წარდგინება. სამწუხაროდ, ქალბატონი გულნაზის ტრავმის გამო, აღნიშნული ვიზიტი და შესაბამისად, ღონისძიებაც გაურკვეველი დროით გადაიდო… ასევე გაუქმდა „ანთოლოგიის“ მე-14 ტომისა და ქალბატონი იზოლდა მოშიაშვილის წიგნის წარდგინებაც.
ისრაელში დაგეგმილი და არშემდგარი რამდენიმე ღონისძიება ქალბატონი გულნაზის გარეშე თბილისში, ჯუმბერ ლეჟავას სახელობის საერთაშორისო აკადემიაში გაიმართა. 7 დეკემბერს 600 – გვერდიანი სამეცნიერო შემეცნებითი „ანთოლოგიის“ პირველი განხილვა, ხოლო 9 დეკემბერს, წიგნის – ,,სიკეთის ელჩის” წარდგინება გაიმართა.
აკადემიის პრეზიდენტი ქალბატონი გულნაზ ხარაიშვილი მადლობას უხდის პოეტ ნინო უძილაურს, რომელმაც ღირსეულად და მთელი სიღრმით განიხილა ბატონი აბრაამ პაატასადმი მიძღვნილი წიგნი. წარდგინებას აკადემიის წევრებთან ერთად, ცნობილი მწერალი და ექიმი ირმა კეკელიძე, ასევე, მწერალთა კავშირის თავჯდომარე ქალბატონი მაყვალა გონაშვილი ესწრებოდა, რომელმაც ღირსეულად დალოცა ბატონი აბრაამ პაატა.
წიგნში „სიკეთის ელჩი“, თავმოყრილია მასალები ბატონი აბრაამ პაატა იოსებაშვილის მიერ გაწეული კეთილი საქმეების შესახებ, ასევე დაბეჭდილია წიგნის მთავარი გმირისადმი მიძღვნილი ლექსები, წინასიტყვაობაში ჯუმბერ ლეჟავას სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიის პრეზიდენტი ქალბატონი გულნაზ ხარაიშვილი იხსენებს გზას ქუთაისიდან (სადაც დაიბადა აბრაამ პაატა იოსებაშვილი) ისრაელამდე (სადაც დღეს ცხოვრობს და მოღვაწეობს იგი). ამბობს, რომ ის საქართველოში ყველას მეგობარია, რომ მკერდში სიყვარულით გამთბარი გული უძგერს და დიდი ასოებით აწერია „გულთა“ კავშირი…
წიგნი ასევე გვიყვება ქალაქ ხაიფას დიდი არქიტექტორის, მრავალი წოდების და რეგალიის მქონე აბრაამ პაატა იოსებაშვილის ოჯახზე, მის მიერ განვლილ ცხოვრებისეულ გზაზე, საქართველო-ისრაელის მეგობრობის ბალავარში ჩაშენებულ უდიდეს სითბოსა და სიყვარულზე…
ასევე დაბეჭდილია ებრაელთა წინაპრების მიერ ნაანდერძევი ქართველებთან ძმობის ისტორია, ბატონი აბრაამ პაატას წერილი ქალბატონი გულნაზისადმი, ამბავი თუ როგორ გახდა ბატონი იოსებაშვილი ჯუმბერ ლეჟავას აკადემიის წევრი და სხვა.
წიგნში ცალკე აქვთ დათმობილი ადგილი ბატონი პაატას მეუღლეს, ქალბატონ ლოლა იოსებაშვილს, მის შვილებსა და შვილიშვილებს. წიგნი გვიყვება ასევე, თუ როგორ დააკავშირა ბატონმა აბრაამ პაატამ აკადემიას ქართველი ებრაელი პოეტი იზოლდა მოშიაშვილი.
წიგნის ცალკეულ გვერდებზე აბრაამ პაატა იოსებაშვილის მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეებზე საუბრობენ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი მაყვალა გონაშილი, ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტი და დიპლომატი მანანა დუმბაძე, ჟურნალისტი ჯემალ მეგრელიძე, პოეტი, ფილოლოგი და მთარგმნელი მზია კვირიკაშვილი – ლოურენსი, პოეტი ნინო უძილაური, ორგანიზაცია „პოეტები საქართველოსი“ მანანა სამყურაშვილი, აკადემიის წევრები ბელა მოდებაძე, ხათუნა ელიაშვილი, ლია ალადაშვილი და მზიური შავაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი ია ჯღარკავა, იურისტი, პოეტი და მხატვარი ფიქრია ბროლაშვილი, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო-ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე, პედაგოგი ნანა სხირტლაძე, სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი ნადარეიშვილი, აკადემიკოსი სამართალსა და ეკონომიკაში თემურ გოგსაძე, წიგნში ცალკე ადგილი აქვს ასევე დათმობილი თვით იზოლდა მოშიაშვილის საკმაოდ ვრცელ პუბლიკაციას აბრაამ პაატა იოსებაშვილის შესახებ.
წიგნს თანდართული აქვს სხვადასხვა დროს შექმნილი ფერადი ილუსტრაციები, რომლებიც აბრაამ პაატა იოსებაშვილთან ურთიერთობის ისტორიას შემოუნახავს…