თბილისში, ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მრავალპროფილიან საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიაში ტელეკომპანია ტვ12-ის გენერალურ დირექტორს, ჟურნალისტ ჯემალ მეგრელიძეს დაბადებიდან 50 წელი აღუნიშნეს.
საიუბილეო საღამო მისმა ორგანიზატორმა – აკადემიის პრეზიდენტმა გულნაზ ხარაიშვილმა გახსნა და ჯემალ მეგრელიძის შემოქმედებაზე, მის დამსახურებებსა და შემოქმედებით წარმატებებზე ისაუბრა, იუბილარს ასევე მიესალმნენ საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი მამა ამირან ამირანაშვილი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე ერეკლე საღლიანი, ჟურნალისტები ბესიკ ჩუბინიძე და ნაზი მეშველიანი, პოეტები: ეთერ ჭელიძე, ნინო უძილაური, ხათუნა ელიაშვილი, მზია ელიაძე, აკდემიის წევრები დავით სხირტლაძე, ქეთევან ხაჭაპურიძე და სხვები.
იუბილარმა აკადემიის პრეზიდენტსა და დამსწრე საზოგადოებას გულთბილი დახვედრისა და კეთილი სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ჯემალ მეგრელიძეს განვლილი გზისთვის ღვაწლმოსილის წოდება მიანიჭა. პოეტებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს, მამა ამირანმა ექსპრომტად რამდენიმე სიმღერა შეასრულა, საღამოს აღმოჩენა გახლდათ 9 წლის გიორგი ქენქაძე, რომელმაც საოცარი ემოციით წაკითხული ლექსებით გააოცა მაყურებელი.
საიუბილეო საღამო მამა ამირანის მიერ აღვლენილი ლოცვის ფონზე ტორტის გაჭრითა და 50 ანთებული სანთლის შუქზე აკადემიის პრეზიდენტ გულნაზ ხარაიშვილის მიერ დედა-შვილური დალოცვით დაგვირგვინდა. სახელდახელოდ მოფიქრებულ ამ ლამაზ რიტუალს დიდი ერეკლე საღლიანის გულწრფელი სურვილებიც დაერთო.
იმ დღეს ჯუმბერ ლეჟავას სახელობის სამეცნიერო აკადემიის პატარა დარბაზში, რომელიც ერთი შეხედვით წმინდა სალოცავს მოჰგავს და ჭეშმარიტად „სულის ტაძარია“, არფერი იყო ხელოვნური, პირიქით, აქ ყველაფერს ყველასადმი დედა-ღვთისმშობელივით მზრუნველი ქალბატონი გულნაზის ხელი აჩნდა და იუბილის მოსალოცად მოსული სტუმრების გულწრფელი სიყვარულით გაცისკროვნებული სახეები ალამაზებდა…
ცნობისათვის: ჯემალ მეგრელიძე არის ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მრავალპროფილიანი საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსი, ბეჟან ხარაიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ქართული ქორეოგრაფიის ამაგდარი, საქართველოს რეგიონნული მედიის ასოციაციის წევრი, გაზეთ „აჭარა P.S.“-ის მთავარი რედაქტორი, ტელეკომპანია ტვ12-ისა და გაზეთ „ჩემი ქობულეთის“ დამფუძნებელი, მედიაჰოლდინგ „აჭარა P.S.“-ის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, გასული წლის ნოემბერში მას საქართველოს მწერალთა კავშირმა „ქართული კულტურის რაინდის“ წოდება მიანიჭა.