მთავარი სტატიები გაუქმებული ჯავშნები, ცარიელი სასტუმროები და იმედიანი სტატისტიკა

გაუქმებული ჯავშნები, ცარიელი სასტუმროები და იმედიანი სტატისტიკა

644
0

წლევანდელი საკურორტო სეზონის იმედი და ასეულობით ათასი დოლარის ღირებულების ჯავშნები სასტუმროს ნომრებზე – ერთ ღამეში გაქრა… 20-21 ივნისის მოვლენებმა რუსი ტურისტების უდიდესი ნაწილი „დააფრთხო“ და… ქობულეთი (და არა მარტო ქობულეთი) ერთი ხელისმოსმით დაიძირა… ვისთვის ეს ყველაფერი ეროვნული სიამაყეა, ვისთვის კი ვალგადაუხდელი იპოთეკარების მორიგი არმია და მომვალი ზამთრის შიში… ასეთია პოლიტიკა, მით უმეტეს, როცა იგი პუტინს ეხება და ამ „დიდ დათვს“ შეუძლია ყველა არტერია ერთ ღამეში გადაგიკეტოს…
მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, პროგნოზები დამაიმედებელია.
„თიბისი კვლევების“ ივნისის თვის მაკრო ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, გლობალური ზრდის პროგნოზები შემცირდა. ამასთან, აშშ დოლარი შედარებით დასუსტდა და ასევე გაიზარდა განვითარებადი ქვეყნების მიმზიდველობა.
მიმდინარე წლის მაისში ეკონომიკის ზრდამ საქართველოში 4.7% შეადგინა. მაშინ, როდესაც ძირითადად ერთჯერადი ფაქტორების გამო, ექსპორტი და სამშენებლო სექტორები სუსტი იყო, ტურიზმისა და გზავნილების ზრდის ტემპი მაღალი გახლდათ. ასევე ძლიერი იყო ფისკალური სტიმული და შეინიშნებოდა საკრედიტო აქტივობის ზრდის ტემპის დასტაბილურება. ძლიერი ფისკალური სტიმულის მიუხედავად, საგარეო ბალანსი უმჯობესდებოდა.
ბოლო პერიოდში არსებული შემცირების დინამიკის შემდეგ, ივნისში თურქეთიდან ვიზიტორების მკვეთრი მატება დაფიქსირდა. აღნიშნული სხვა წყაროებიდან მზარდ ნაკადებთან ერთად, ამყარებს პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, მომდევნო 12 თვეში ტურისტული შემოდინებების ზრდა დაბალი, თუმცა პოზიტიური იქნება. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მაისამდე, როდესაც ტურისტების მატება რუსეთის გადამწყვეტი წვლილის გამო 18%-მდე გაიზარდა, ტურიზმის ზრდის ტემპი საკმაოდ ზომიერი იყო.
ლარის გაცვლითი კურსი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლებისა და ღვინის ექსპორტის ნაწილის შეზღუდვების გაჟღერებამდეც, არაერთი შეფასებით გაუფასურებული იყო. საბაზო სცენარით, ლარის გამყარებაა მოსალოდნელი შემდეგი არგუმენტების გათვალისწინებით. პირველი იმაში მდგომარეობს, რომ დაახლოებით 200 მილიონ დოლარიანი წმინდა დანაკარგი შემოდინებებში მომდევნო 12 თვის განმავლობაში არ არის ის თანხა, რაც საგარეო დისბალანსს გამოიწვევს. საგარეო ბალანსი მაინც დადებითი, თუმცა უფრო ზომიერი იქნება. ამასთან, ლარის არსებული რეალური ეფექტური კურსის პირობებში, მნიშვნელოვნად იზრდება ინფლაციის რისკები. არსებული შეფასებებით, ევრო/დოლარის მიმართ სხვა მნიშვნელოვანი რეგიონული ვალუტებისა და სასაქონლო ფასების სტაბილურობის პირობებში, 5%-მდე ინფლაციის მისაღწევად დოლარი ლარის გაცვლითი კურსი 2.7-ზე რამდენადმე მყარი უნდა იყოს.
ეკონომიკის ზრდის პროგნოზის მხრივ, რუსეთიდან ტურისტული შემოდინებების განახევრების შემთხვევაშიც კი, მომდევნო 12 თვეში 4%-იანი ზრდა რეალისტური დაშვებაა. აღნიშნული, 2019 და 2020 წლებისათვის 4%-ზე მცირედით მეტ ზრდას გულისხმობს.
„პუტინის ჯინაზე ეწვიეთ საქართველოს“, – ასეთი მოწოდებით გამოდის „სი-ენ-ენი“ მოგზაურების, ღვინის მოყვარულების, დამსვენებლების, რომანტიკოსების, ისტორიკოსების, თავგადასავლების მაძიებელთა მიმართ.
ამერიკული მედიასაშუალების თანახმად, თბილისში გამართული საპროტესტო აქციების საპასუხოდ პუტინი ცდილობს, დასაჯოს და დაამარცხოს ქართველი ხალხი იმისთვის, რომ ისინი ხელისუფლებას სიმართლეს ეუბნებიან. ეს თავისუფლება პუტინს უფრო მეტად აშინებს, ვიდრე ნებისმიერი ჯარი. გამოცემის ცნობით, კრემლის ლიდერს ეშინია, საპროტესტო მუხტი რუსეთშიც არ გავრცელდეს.
რას მოუტანს პუტინის მიერ რუსი ტურისტებისთვის დაწესებული შეზღუდვა საქართველოს ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ახლა ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს საფიქრალი მოემატათ, მაგრამ პირველ რიგში ოპტიმისტური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ… სხვა რა გზაა, მეტი განსაცდელიც აგვიტანია!
ჯემალ მეგრელიძე