ევროპის დღეების ფარგლებში, ბათუმში რაგბის ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრა ბრიტანელი სამხედრო ინსტრუქტორებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სარაგბო გუნდებს შორის ბათუმის რაგბის სტადიონზე გაიმართა. მატჩს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი დაესწრო.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების ქვეითთა მომზადების ცენტრის პირველი საწვრთნელი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში რვადღიანი ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტი ორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეთა შორის ჯერ კიდევ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას ისახავს მიზანად.
ამხანაგური შეხვედრა ქართველი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა.