მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ევროპული სასწავლო პროგრამა, როგორც ხიდი საერთაშორისო განათლებისკენ

ევროპული სასწავლო პროგრამა, როგორც ხიდი საერთაშორისო განათლებისკენ

373
0

„ორი წლის წინ ახალციხის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ვსწავლობდი.ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საზღვარგარეთ გავაგრძელებდი სწავლას – ეს შეუძლებლად მიმაჩნდა. ვფიქრობდი, რომ ამისთვის ან ძალიან ჭკვიანი უნდა ვყოფილიყავი, ან ძალიან მდიდარი და ჩემი ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გამო, სულ მიუღწევლად მეჩვენებოდა. შემოდგომიდან ამერიკის ერთერთ წამყვან უნივერსიტეტში ვისწავლი და ეს მართლა ხდება“ – ეს სიტყვები 18 წლის ახალციხელ გოგოს – ნინო ჟუჟუნაძეს ეკუთვნის.

ნინო აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის 2021 წლის კურსდამთავრებულია,  რომელმაც Minerva Schools at KGI-ის უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვა და სწავლას სან-ფრანცისკოში გააგრძელებს. სწავლის გადასახადს – 21 000 აშშ დოლარს ნინოს უნივერსიტეტი დაუფინანსებს, სადაც ის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს დაეუფლება, მოგვიანებით კი ბიოქიმიურ ინჟინერიას შეისწავლის.

ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ორი წლის წინ ნინოს მეგობარმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გადაწყვიტა, აპლიკაცია გაეგზავნა. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ მან კიდევ ორი – შიდა გამოცდა და გასაუბრების ეტაპები გაიარა და ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამაზე ჩაირიცხა. „ამ სკოლაში გადმოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ სწავლება ევროპული სისტემით მიმდინარეობდა, კვალიფიციური ლექტორები გვყავდნენ და სკოლა ხარისხიან განათლებას გვაძლევდა, ექვსი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან თანაცხოვრება დამეხმარა,  სამყაროსთვის სხვა კულტურული პრიზმიდან შემეხედა და მრავალფეროვნების მიმართ მიმღებლობა გამეზარდა“.

ნინო ევროპულ სკოლაში სწავლის საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ სწორედ აქ შეძლო, გაეაზრებინა – გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლება თუ სხვადასხვა ცოდნისა და გამოცდილების ადამიანები ერთად იმუშავებენ. „სწავლის პროცესში განმივითარდა კვლევის, კრიტიკული აზროვნებისა და პრეზენტაციის უნარები. მჯერა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე მიღებული გამოცდილება, როგორც მომავალ მეცნიერს, ახალ საუნივერსიტეტო გარემოში წარმატების მიღწევაში დამეხმარება. ისეთი პატარ-პატარა ბარიერების დაძლევამ, როგორიცაა ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრება და პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება, იმდენად გამაძლიერა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრებას და ქვეყნიდან შორს ყოფნას დაბრკოლებად ვერ აღვიქვამ. ყველა სიახლისთვის მზად ვარ და ეს თავდაჯერებულობა სწორედ ამ სკოლის დამსახურებაა“.

სწავლას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით რომ გააგრძელებდა, ნინომ ეს სამი წლის წინ გადაწყვიტა. ფიქრობს, რომ მისი მომავალი მეცნიერებას, ბიზნესს და განათლებას უკავშირდება. კარიერის გრძელ გზაზე მაგისტრის და დოქტორის ხარისხის მოპოვებას, დამოუკიდებელი კვლევების ჩატარებას, უჯრედის შესწავლას და სასწავლო ლაბორატორიის გახსნას აპირებს. „სპეციალიზების შემდეგ, საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები. აქ არ გაგვაჩნია ლაბორატორიები, სადაც ჩემი სფეროს წარმომადგენლები შეძლებდნენ მუშაობას, ამიტომ ხშირად ვფიქრობ ხოლმე დაბრუნების შემდეგ საკუთარი სკოლა-ლაბორატორიის შექმნას. ამისთვის ძალიან დიდი შრომის გაწევა მომიწევს, ეს გააზრებული მაქვს, თუმცა, პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგი“ – ამბობს ნინო.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა ევროკავშირის ინიციატივაა პარტნიორობის ექვსი ქვეყნისათვის – აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვას რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. პროგრამა ფოკუსირებულია საშუალო განათლებაზე და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერებას, ის მაღალი ხარისხის განათლების მიღებას სთავაზობს ბოლო ორი, დამამათავრებელი კლასის მოსწავლეებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან. მოსწავლეები სწავლის წარმატებით დასრულებისას მოიპოვებენ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დიპლომს ევროპათმცოდნეობის დარგში. 2021 წლის გამოსაშვები კლასის 34 მოსწავლიდან 11 საქართველოდანაა, მათ შორის თბილისიდან, ხაშურიდან, რუსთავიდან და ახალციხიდან.

ლუკა ხაჩიძე ევროპული სკოლის კიდევ ერთი კურსდამთავრებულია, რომელიც სწავლას საზღვარგარეთ, ლიეტუვაში, კაუნასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით გააგრძელებს. ევროპულ სკოლაში ჩარიცხვამდე ლუკა ხაშურის წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონში სწავლობდა. „სემინარიაში სწავლისას სხვადასხვა ინტერესები მქონდა, მაგალითად, ხატწერას ვსწავლობდი, ქართული ფოლკლორი და კულტურა მიტაცებდა. პარალელურად კი, დაინტერესებული ვიყავი პროგრამირებით, ვსწავლობდი ჩემით და ვაწყობდი ასისტენტებს, რამდენიმე თამაში შევქმენი. თავიდან ეს ყველაფერი მხოლოდ ჰობი იყო ჩემთვის, მოგვიანებით, მათემატიკისა და ფიზიკის მიმართ ინტერესი გაცილებით გამიღრმავდა. სწორედ ამ პერიოდში, მეგობრისგან შევიტყვე, რომ არსებობდა სკოლა, სადაც ბევრად უკეთესი განათლების მიღება შემეძლო. გადავწყვიტე, „ახალ სკოლაში“ აპლიკაციის შეტანა. საბოლოოდ, გადავლახე შესარჩევი ეტაპები, საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამაზე ჩავირიცხე და სასწავლებლად ხაშურიდან თბილისში გადავედი“ – გვიყვება ლუკა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამის უპირატესობებზე საუბრისას, ლუკა აღნიშნავს, რომ ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ინგლისურ ენაზე სწავლება და უცხოელი კვალიფიციური პედაგოგები არიან. მისი თქმით, ევროპულ სასტიპენდიო პროგრამას სხვა სკოლებისგან საერთაშორისო გარემო გამოარჩევს. “დავუმეგობრდი ძალიან ბევრ უცხოელ კურსელს, ვცხოვრობდი და ვსწავლობდი მათთან ერთად, რამაც გონებრივი განვითარებისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობა მომცა. ფაქტობრივად, ეს არის ორწლიანი მოსამზადებელი ეტაპი საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად. პირდაპირ საჯარო სკოლიდან რომ წავსულიყავი ლიეტუვაში სასწავლებლად, მექნებოდა შიში, რომ უცხო გარემოში, უცხო ქვეყანაში მომიწევდა ცხოვრება, მაგრამ საერთაშორისო ბაკალავრიატის გავლის შემდეგ, ეს შიში აღარ მაქვს. ნელ-ნელა, იმდენად გავძლიერდი პიროვნულად, რომ სადაც არ უნდა წავიდე სასწავლებლად, ვგრძობ, თავს მარტივად დავიმკვიდრებ. ეს სკოლა გაძლევს არა მხოლოდ იმის საშუალებას, ქიმია და ფიზიკა იცოდე კარგად და მიიღო კარგი განათლება, არამედ, გძენს ადამიანებთან კომუნიკაციის უნარებსაც. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრ რამეზე შემეცვალა წარმოდგენა და ბევრი რამ გადავაფასე. გამიფართოვდა სააზროვნო არეალი“.

ლუკას, როგორც პიროვნების ცვლილებაზე, მისი დედა, თამუნა ხაჩიძეც საუბრობს. მისი თქმით, ლუკა ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა, გაცილებით კომუნიკაბელური, დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი გახდა. „მიუხედავად იმისა, რომ 18 წლისაა, გადაწყვეტილებების მიღებასა და პრობლემების გადაჭრას დამოუკიდებლად ახერხებს. არგუმენტირებულად შეუძლია როგორც საკუთარი ცხოვრების წარმართვა, ისე ჩვენთვის, ოჯახის წევრებისთვის, საინტერესო რჩევების მოცემა. ვხედავ, როგორ გაეზარდა ინტერესთა სფეროც, გაუფართოვდა სამეგობრო წრე, გააუმჯობესა ინგლისურის ცოდნა და ზუსტად იმავე გარემოში, სადაც ორი წლის წინ ცხოვრობდა, ახლა ბევრად თავდაჯერებულია. სწორედ ჩემი შვილის მაგალითზე ვხედავ, რამხელა ცვლილება შეუძლია მოახდინოს სკოლამ და განათლების მისაღებად შექმნილმა სწორმა გარემომ. ეს ყველაფერი კი უდაოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის დამსახურებაა“.

„თავიდან რომ გადავედი თბილისში სასწავლებლად, ეშინოდათ ჩემს მშობლებს, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ ძალიან კარგ გარემოში აღმოვჩნდი, სადაც მაქსიმალურად ორიენტირებული ხარ განათლების მიღებაზე. შემეცვალა ინტერესები, რაც შესამჩნევი გახდა მშობლებისთვისაც“, – ამბობს ლუკა.

ლუკა დარწმუნებულია, რომ საზღვარგარეთ სწავლება მისი წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ახალგაზრდებს მოუწოდებს, აუცილებლად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა: „ყოველთვის ძალიან მინდოდა იმ სკოლის მოსწავლეებისთვის მიმემართა, რომლებსაც უჭირთ გადაწყვეტილების მიღება და იმ შესაძლებლობის გამოყენება, რასაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა გვთავაზობს. მინდოდა მეთქვა, რომ ნორმალურია, როცა რამის გეშინია; შიშთან გამკლავება მაშინვე სჯობს, როცა აღმოაჩენ, არ ღირს ეს შიში ცხოვრების ბევრ ეტაპამდე გაიყოლო, რადგან შიში ერთ-ერთია, რაც ძალიან გვიშლის ხოლმე ხელს წარმატების მიღწევაში. აუცილებლად უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რაც ხარისხიანი განათლებისა და უკეთესი მომავლის გარანტი შეიძლება გახდეს“.

ნინო და ლუკა საუნივერსიტეტო სწავლებაში შემოდგომიდან ჩაერთვებიან, 2021-2023 აკადემიურ სასწავლო წელს კი აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის  პროგრამას კიდევ 40 მოსწავლე შეუერთდება, რომლებმაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე კონკურენტული შერჩევის პროცესი, მათ შორის წერილობითი ტესტები და ინტერვიუები, წარმატებით გაიარეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა თანაბრად ხელმისაწვდომია მოსწავლეებისათვის საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან და სთავაზობს მათ როგორც ხარისხიან განათლებას, ასევე ყველა საჭირო პირობასა და საინტერესო, მრავალფეროვან გარემოს სტუდენტურ საცხოვრებელში.

ავტორი: თამარ კურატიშვილი
სტატია მომზადდა პროექტის „EU NEIGHBOURS east” ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.