ბოლოს შეიძლება წვერავა აღმოჩნდეს ბრალდებულის სკამზე ცრუ ჩვენებისთვის და სიცრუისთვის, – ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტის რატი წვერავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტზე ბრალდებულის რომეო კეკუტიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ძალადობა თავად ჟურნალისტების პროვოცირებული იყო.
ადვოკატის თქმით, ის ბრალდებულების ქმედებას არ გმობს.
სამართალდამცველებმა რომეო კეკუტია, გიორგი კახიანი, თედო ბურდული და გიორგი ნასყიდაშვილი 2021 წლის 9 და 10 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 20 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.
ლიკა შარაძე