მთავარი სხვადასხვა კლიმატის ელჩების მონაწილეობით შეხვედრა „ახალგაზრდები უსაფრთხო მომავლისთვის“ გაიმართა

კლიმატის ელჩების მონაწილეობით შეხვედრა „ახალგაზრდები უსაფრთხო მომავლისთვის“ გაიმართა

22
0

კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, კლიმატის ელჩების მონაწილეობით, შეხვედრა „ახალგაზრდები უსაფრთხო მომავლისთვის“ გაიმართა. მონაწილეებმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე იმსჯელეს და ინიციატივები წარადგინეს.
შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ნილს ქრისტენსენსმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანმა გახსნეს.
„საგანმანათლებლო პროგრამების, სტიპენდიებისა და სასკოლო გრანტების მეშვეობით, ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებს, რომ კლიმატის ცვლილების საკითხებში ცოდნა გაიღრმავონ და გარემოსდაცვით აქტივობებში ჩაერთონ. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობა მზად იყოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანმა.
ღონისძიებაზე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „გმადლობთ ამ სამყაროსთვის“ პრემიერა გაიმართა. ფილმში კლიმატის ელჩი რეზი დგებუაძე მონაწილეობს. „გმადლობთ ამ სამყაროსთვის“ პროექტია, რომელიც გვიყვება, თუ რას ფიქრობენ ახალგაზრდები კლიმატის ცვლილებაზე და როგორ ხედავენ საკუთარ მომავალს ცვალებად რეალობაში.
„ახალგაზრდები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საქმიანობის ეპიცენტრში არიან. მათი ჩართულობა და მონაწილეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია კატასტროფებისგან დაცული, უსაფრთხო და მდგრადი მომავლის მშენებლობისთვის. გაეროს განვითარების პროგრამა სიამაყით უჭერს მხარს ახალგაზრდულ ინიციატივებს, რომლებიც ცვლიან საზოგადოების დამოკიდებულებას და ხელს უწყობენ ცხოვრების მდგრადი წესის დანერგვას“, – განაცხადა ნილს ქრისტენსენმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში.
ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) ორგანიზებით, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთის საელჩოსა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით გაიმართა.