მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მზია სალვარიძე ტვ12-ს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ე.წ. პლაგიატისთვის უჩივის

მზია სალვარიძე ტვ12-ს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ე.წ. პლაგიატისთვის უჩივის

867
0

ჩვენი შეფასებით ფართო მკითხველისათვის ნაკლებადცნობილი აჭარელი მწერალი /პოეტი/ მზია სალვარიძე, რომელიც პიროვნების შეურაცხმყოფელი ერთ ერთი ფეისბუქპოსტის გამოქვეყნების გამო ტვ12-ზე გასულ გადაცემა „ჟურნალისტის დღიურებში“ გადაცემის წამყვანის ჯემალ მეგრელიძის შეფასების ობიექტად იქცა, არხის დირექტორს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის. სალვარიძემ ქარტიას ორი განცხადებით მიმართა, რადგან თემა შემდგომ გადაცემაშიც გაგრძელდა. მომჩივანი ფიქრობს, რომ გადაცემაში ქარტიის 1,7 და მე-11 პრინციპები დაირღვა. აღნიშნული პრინციპებიდან ერთ ერთი ანუ მე-11 პრინციპი საავტორო უფლებების დარღვევას ნიშნავს.

-„გადაცემის წამყვანმა, მზია სალვარიძის ნაწარმოებებიდან ამოიღო ორმაგი შინაარსის მქონე ტაეპები/ტექსტი და დამახინჯებულად, კონტექსტიდან ამოვარდნილად, მულტიპლიკაციისათვის დამახასიათებელი ალეგორიულობით წარმოადგინა, თან ისე, რომ არ ჰქონდათ მითითებული წყარო . ყველას შეუძლია ტექსტი თავისებურად გაიგოს, მაგრამ დასცინოს და ანგარიშწორების იარაღად გამოიყენოს ლიტერატურული ნაწარმოები, ვფიქრობთ, ყველაფერთან საავტორო უფლებების დარღვევააცაა.“ – ნათქვამია ქარტიისათვის გაგზავნილ განცხადებაში.

ტვ12-ის დირექტორი და გადაცემის წამყვანი ჯემალ მეგრელიძე აცხადებს, რომ სალვარიძეს უფლება აქვს იჩივლოს სადაც უნდა და რამდენიც უნდა, თუმცა ეჭვობს, რომ ამ საჩივრების უკან მარტო სალვარიძე არ დგას და მას წამქეზებელიც ჰყავს, რადგან მეორე განცხადების ტექსტშივე იკითხება ეს ყველაფერი…

– ზუსტად ვიცი, ვინ არის სალვარიძის თანამოსარჩელე და ამასაც ძალიან მალე აეხდება ფარდა, ამბობს მეგრელიძე და მოჰყავს ციტატა სარჩელიდან: „მოგესალმებით, გიგზავნით მეორე მადისკრიმინირებელი გადაცემის მცირე მიმოხილვას, რომლის გაგზავნაც სთხოვეთ მზიას. და თქვენს კითხვაზე: გთხოვთ დაგვიზუსტოთ, თქვენს მიერ გამოგზავნილ ახალ სადავო გადაცემასთან დაკავშირებით, თქვენი არგუმენტაცია და სადავო პრინციპები იგივე არის თუ არა?  გპასუხობთ, რომ დიახ, მაგრამ არის ერთი ნიუანსი, სადაც გვჭირდება თქვენი კონსულტაცია, ეს ეხება საავტორო უფლებებს, რაზეც ქვემოთაც ვისაუბრებთ.

ჯემალ მეგრელიძე: – ვთვლი, რომ მზია სალვარიძის ბრალდებები ორთავე განცხადებაში უსაფუძვლო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. პირველ გადაცემაში გავიდა მხოლოდ შეფასებები და ჩემი აზრი იმ ფაქტის შესახებ, რაც მზია სალვარიძემ ჩაიდინა ჩვენი წამყვანის ნანა მომცელიძის დისკრედიტაციის მიზნით. კერძოდ, მან სოციალურ ქსელში ერთმანეთის მიყოლებით გამოაქვეყნა 3 პოსტი, პირველში აკრიტიკებდა მისთვის ანა კალანდაძის პრემიის მინიჭებას, მეორე პოსტში შეურაცხყოფდა მას, ხოლო მესამე პოსტი გახლდათ ალეგორიული ლექსი, რომლითაც სალვარიძემ პრაქტიკულად ღორთან გააიგივა ნ. მომცელიძე და მისი მეუღლე, რაც, რა თქმა უნდა, მე ტელეკომპანიის ერთგვარ შეურაცხყოფადაც აღვიქვი. შემდეგ სალვარიძემ მეორე და მესამე პოსტები წაშალა და გააქრო თავისი ნამოქმედარი, თუმცა ეკრანის ანაბეჭდები შენახულია. ამასთან მეორე გადაცემაში გასული არც ერთი ფრაზა /ისევე როგორც პირველში/ არ შეიცავს რაიმე სახის ბრალდებებს ან შეურაცხყოფას, აგებულია მოსარჩელე სალვარიძისა და მისი მხარდამჭერებისა თუ მოწინააღმდეგეების პოსტებზე დაყრდნობით, რაც მიეწოდა მაყურებელს ყოველგვარი კონტექსტიდან ამოგლეჯისა და შემცირება-დამახინჯების გარეშე ავტორების მითითებით. ამდენად ვერ მივიღებ ვერანაირ ბრალდებას გადაცემაში რომელიმე პრინციპის დარღვევის შესახებ. ამასთან მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ამ ქალბატონის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, რადგან მან პოლიციაშიც იჩივლა ყოვლად გაურკვეველი ბრალდებებით, თუმცა ამ აბსურდში მონაწილეობაზე უარი განვაცხადეთ და შესაბამის ორგანოებთან არ ვითანამშრომლეთ.

რაც შეეხება პლაგიატის თემას, ჯემალ მეგრელიძის განცხადებით, სასაცილოა, როცა მწერლობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანმა პლაგიატის, იგივე საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ ელემენტარული წესი არ იცის, რომ პლაგიატი სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მითვისებას ანუ საკუთრად გასაღებას ნიშნავს…

– ვნანობ, რომ ამ თემას ძალიან დიდი დრო დავუთმე, თუმცა სალვარიძის ყველა მოქმედება ხალისიან განწყობას მიქმნის და დამღლელი სამუშაო დღის ბოლოს კარგი გასართობი დესერტია – დასძენს ჯემალ მეგრელიძე.

„აჭარა P.S.“

სურათზე: ნ. აგლაძის „პლაგიატის ბუნდოვანი ზღვარი“