ღარიბაშვილი არის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც რუბიკონი გადალახა და დაუპირისპირდა კობახიძესთან ერთად, ივანიშვილის დავალებით მთელს საერთაშორისო საზოგადოებას. ფაქტობრივად, მათ განაცხადი გააკეთეს საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგან, 2 ოქტომბერს „ხელისუფლება წააგებს“, რადგან დაუპირისპირდა ყველას – როგორც ადგილობრივ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას და ჟურნალისტებს.
„სამართლიანი საზოგადოებრივი და საერთაშორიო პროტესტი არ მინელდება, პირიქით, უფრო გაგრძელდება, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. უნდა გადადგეს ბატონი ღარიბაშვილი და გომელაური, თუ ამ ნაბიჯებს არ გადადგამენ – მათთვისვე უარესი. თუ ღარიბაშვილს მოხსნიან, მთელი ეს ძალადობრივი ინფრასტრუქტურა, რომლის სათავეშიც დგას თავად ღარიბაშვილი, ჩამოეშლებათ, ამის გარეშე „ოცნება” არის განეიტრალებული და ეს მათ იციან.
თუ ღარიბაშვილი არ გადადგება, მასთან ერთად საარჩევნო კამპანიის წარმოება პრაქტიკულად წარმოუდგენელია მათთვისაც კი. როგორც მოიქცევიან მათი გადასაწყვეტია, რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგან, 2 ოქტომბერს ეს ხელისუფლება წააგებს, რადგან დაუპირისპირდა ყველას, როგორც ადგილობრივ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას და ჟურნალისტებს. ამიტომ, ელემენტარული ადამიანური და პროფესიული სინდისი რომ ჰქონდეთ ამ ადამიანებს, უკვე უნდა გადამდგარიყვნენ, მაგრამ ივანიშვილის გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამენ”, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, წინა ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე შეცდომა, როდესაც ტელეკომპანია „იმედთან“ მიმართებაში „ჩაიდინა სისულელე“ და მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწია, „თუმცა ამ ხელისუფლებამ გააკეთა კიდევ უფრო უარესი, როდესაც მთელს ჟურნალისტთა ოჯახს ფიზიკურად დაუპირისპირდა“
ლიკა შარაძე