11 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონის“ დარბაზში რეგიონის საზოგადოებამ, აზერბაიჯანული დიასპორის, ბათუმში აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკების გენერალური საკონსულოებისა და აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ბათუმის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი აზერბაიჯანის საერთო-სახალხო ლიდერის ჰეიდარ ალიევის ხსოვნას, რომლის გარდაცვალებიდან 12 დეკემბერს 20 წელი სრულდება.
2023 წელი აზერბაიჯანელთა საერთო-სახალხო ლიდერის – ჰეიდარ ალიევის წელია, მას 10 მაისს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა… მართალია, ის დღეს მარადისობის მკვიდრია, მაგრამ დიდი ლიდერები, როგორც წესი, არასდროს კვდებიან, პირიქით, რაც დრო გადის, მეტად იკვეთება მათი ღვაწლი და საკუთარი ერის სიამაყედ იქცევიან ხოლმე, აკი ამაყობს კიდეც მისით აზერბაიჯანელი ხალხი და სამართლიანადაც აქვს საამაყო!..
ჰეიდარ ალიევის ხსოვნის საღამო წუთიერი დუმილით დაიწყო, შემდეგ აჟღერდა ორი მეგობარი ქვეყნის – საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები, დარბაზს სიტყვით მიმართა და ჰეიდარ ალიევის დამსახურებებზე ისაუბრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ბათუმში პარვიზ ისმაილზადამ, ქართულ-აზერბაიჯანულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობებში დიდი ლიდერის მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა შავაძემ. საღამო, რომლის ორგანიზებაც ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა საკონსულომ გასწია, დასრულდა ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის მიერ საფუძველჩაყრილი საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებით.
ჯემალ მეგრელიძე, ავთანდილ ქათამაძე