მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება რუსეთმა შესაძლოა, ბენზინის ექსპორტი შეზღუდოს

რუსეთმა შესაძლოა, ბენზინის ექსპორტი შეზღუდოს

405
0

რუსეთის მთავრობა აპირებს, ბენზინი იმ პროდუქციის ჩამონათვალში შეიტანოს, რისი ექსპორტიც დროებით შეიზღუდება. ეს წინადადება რამდენიმე დღის წინათ ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკთან თათბირის დროს განიხილებოდა. რუსული „კომერსანტის“ ცნობით, თათბირის პროტოკოლიდან ირკვევა, რომ მთავრობას შედგენილი აქვს შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების სია, რისი ექსპორტიც განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიზღუდება ან საერთოდ აიკრძალება. მთავრობამ დაავალა კიდეც ენერგეტიკის სამინისტროს, რომ მან „ნავთობპროდუქტების ცალკეულ სახეობათა დროებითი აკრძალვის“ შესახებ აქტის პროექტი შეიმუშავოს. საუბარია იმაზე, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტმა ბენზინის ექსპორტის აკრძალვა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საზღვრებს გარეთ მყოფ ქვეყნებში ოპერატიულად შეძლოს.

ინტერნეტ-გამოცემა Vtimes აპრილში წერდა, რომ ბენზინის ექსპორტის შეზღუდვის ინიციატივით ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და პრემიერ-მინისტრის ახლანდეელი მრჩეველი იგორ არტიომოვი გამოდის. მან ვიცე-პრემიერ ნოვაკს წერილობითი ინიციატივით მიმართა, რომ ნავთობროდუქტების ზოგიერთი სახეობის ექსპორტი დროებით შეზღუდულიყო, აგრეთვე, საფონდო ბირჟაზე ბენზინის სავალდებულო რეალიზაციის სტანდარტი მისი წარმოების მოცულობიდან 15%-მდე გაზრდილიყო.

„როსსტატის“ მონაცემებით, წლის დასაწყისში ბენზინზე საცალო ვაჭრობის ფასი 3,03%-ით გაიზარდა. მხოლოდ მარტის თვეში, თებერვალთან შედარებით, ამ მაჩვენებელმა 1,12%-ით მოიმატა, ხოლო წლიური მონაცემით – 5,22%-ით. 29 მარტიდან 5 აპრილამდე საწვავის საცალო ვაჭრობის საშუალო ფასმა 13 კაპიკით მოიმატა და ლიტრი ბენზინი 47,56 რუბლი გახდა.

სოფიო პაქსაძე