მთავარი სტატიები სიყვარულის ტყვეობაში

სიყვარულის ტყვეობაში

308
0

„სიყვარულო ძალსა შენსა, ვინ არის, რომ არ გმონებდეს“ – ამბობს პოეტი და არ შეიძლება, არ დაეთანხმო ამაში მას. რაც უნდა მაღალი რანგის და ასაკის პიროვნება იყოს, ქალის სიყვარულს მაინც გვერდს ვერ უვლის და მის ცეცხლში ეხვევა. ამის დასტურია 74 წლის დიდი გერმანელი მწერლის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს (1749-1932) საქციელი, რომელმაც 17 წლის ურლიკა ფონ ლევეცოვი შეიყვარა თავდავიწყებით და მისი ცეცხლით იწვოდა. რომ არა მეგობრების ჩარევა, იგი ალბათ მას ცოლადაც შეირთავდა. სწორედ ურლიკას მიუძღვნა მან თავისი ლირიკული სიმფონიის მწვერვალი „ტრაგედია ვნებისა“.

ასეთივე პიროვნება იყო დიდი ფრანგი ფერმწერი და მოქანდაკე პოლ გოგენი (1848–1903), რომელმაც ჯერ 45 წლისამ, შემდეგ კი 47 წლის ასაკში ცოლად შეირთო 13 წლის ტაიტელი გოგონები ტეხურა და პახურა და თავს ბედნიერად გრძნობდა მათთან.  პახურასთან მას ორი შვილიც კი შეეძინა.

რაღა შორს მივდივართ, განა სულ ახლახან არ იყო ცნობილი მეცნიერის, პროფესორისა და სახელოვანი მწერლის ვახუშტი კოტეტიშვილის (1935-2008) თავდავიწყებული სიყვარული მასძე 29 წლით უმცროს სტუდენტ მზეო გოგოჭურზე, რომელიც მალე ქორწინებით დაგვირგვინდა? მათ ერთად 15 წელი იცხოვრეს, სანამ ვახუშტი გარდაიცვლებოდა, და ბედნიერად და სიამტკბილობაში გაატარეს ეს დრო.

სიყვარულის ცეცხლით იწვოდა ასევე ხანში შესული აკაკი წერეთელი (1840–1915). ამის შესახებ დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია იხილოს 1996 წლის ჟურნალ „მნათობის“ მე-9 და მე-10 ნომრებში ნორა კოტინოვის მიერ მიკვლეული აკაკის 19 გამოუქვეყნებელი წერილი ანასტასია ბაგრატიონ-დავითაშვილ-მაჩაბლისადმი. ეს წერილები მანამდე თბილისში არსებულ გიორგი ლეონიძის სახელობის სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმის „აკრძალულ ფონდში“ ინახებოდა. აღნიშნული წერილებიდან, ასევე აკაკი წერეთლის „სიკვდილის წინეთი აღსარებიდან“, რომლის დაწერის თარიღს ნორა კოტინოვი ვანო მაჩაბლის დაღუპვის თარიღს, 1898 წელს უკავშირებს, ირკვევა, რომ აკაკი ტასოს თავდავიწყებულ სიყვარულს ოცი წლის განმავლობაში ატარებდა და ამ გრძნობის გამხელა მან  მხოლოდ ვანო მაჩაბლის უგზო-უკვლოდ დაკარგვის შემდეგ შეძლო. „და თუ ეს ასეა, – წერს  ჯემალ მჭედლიშვილი („ახალი ქართული გაზეთი“, 1998 წლის 26 დეკემბერი, №131), – გამოდის, რომ აკაკის ტასო 1878–1879 წლებიდან  ჰყვარებია, რაც ცოტა გადამეტებულად მიგვაჩნია, რადგან ამ დროს ტასო მხოლოდ 9–10 წლის ბავშვი იყო (იგი დაიბადა 1869 წლის 6 დეკემბერს, ხოლო ათი წლის შემდეგ პირველად ეწვია თბილისს, სადაც სასწავლებლად ჩამოიყვანეს”).

ჩვენ სავსებით ვიზიარებთ ჯ. მჭედლიშვილის მოსაზრებას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ პოეტის ტასოსადმი სიყვარულის ხანგრძლივობას თავად აკაკი აზვიადებს, რომ მას ტასო თითქოს ოცი წლის განმავლობაში უყვარდა. ჯ. მჭედლიშვილის მოსაზრებით კი, აკაკის ტასო 12 წლის მანძილზე უნდა ჰყვარებოდა წერილის მიწერამდე, ანუ მის გათხოვებამდე. და თუ ეს ასეა, დასძენს იგი ისევ, მაშ, „რამ შეუშალა ხელი, რომ გაცილებოდა თავის ქარაფშუტა მეუღლეს, რომელიც უმეტეს დროს მისგან დამოუკიდებლად ცხოვრობდა, ვიდრე მასთან, და მაჩაბელზე გათხოვებამდე ეთხოვა ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილის ასულის ხელი?! მას ხომ კაცი არ ეტყოდა ამაზე უარს, მიუხედავად იმისა, რომ 29 წლით იქნებოდა უფროსი; აკაკი ამ დროისათვის მაინც ახალგაზრდა, 46 წლისაა“.

ალბათ უფრო რეალურია, განაგრძობს ჯ. მჭედლიშვილი, რომ აკაკის ტასო მას შემდეგ შეყვარებოდა, როცა მან თბილისში ჩამოსვლისას ვანო მაჩაბლის ოჯახში დაიწყო სიარული და ღამის თევა. ეს კი ალბათ პირველად 1891-1892 წლებში მოხდა. ამ წლებში კი აკაკი ხშირად ავადმყოფობდა და სიკვდილის მოახლოებასაც გრძნობდა. აქედან გამომდინარეობს ალბათ მისი ერთ-ერთი წერილის სათაურიც „სიკვდილის წინეთი აღსარება“, რომელშიც პოეტი პირველად უმხელს ტასოს თავისი იდუმალი გრძნობის შესახებ: „ოცის წლის განმავლობაში მე შენ მიყვარდი…ასეთის აღტაცებით და აღფრთოვანებით, როგორიც შესაძლოა მხოლოდ რჩეულთათვის! გეტრფოდი სრულის ჩემი არსებით! შენ იყავ ჩემი ზეჩამაგონებელი… პოეზიაცა და სიცოცხლეც. უშენოდ ქვეყანა ვეღარ წარმომიდგენია!!! ერთი შენი თანაგრძნობით შემოხედვა, მეგობრული ღიმილი და ტკბილი სიტყვა მკურნავდა! მაგრამ ეს სოფელი განა დიდხანს ვინმეს ახარებს?“… „რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ მარტო, სულით ურწმუნო და გულით უნდო?“– კითხულობს დიდი პოეტი.

ასეთივე თაყვანისცემა იგრძნობა აკაკის სხვა წერილებშიც, მაგრამ ტასო აკაკის ახლოს არ იკარებდა. პირიქით, თავის საპასუხო წერილებში იგი საყვედურობდა აკაკის, რომ ვანოს გაუჩინარების შემდეგ აქტიურად არ იცავდა მის პოზიციას და ხმას არ იღებდა.

როგორც ჩანს, ამ საყვედურის პასუხად დაწერა აკაკიმ თავისი ცნობილი ლექსი „პატარა ამბავი“ (ივანე მაჩაბლის სახსოვრად)“. ეს ლექსი მიწერილია ტასოს მიერ აკაკისადმი გაგზავნილ ბარათზე, წერს ნ. კოტინოვი, რომელიც დათარიღებულია 1902 წლით. ამ ლექსში აკაკი ვანო მაჩაბლის დაღუპვაში ადანაშაულებს საზოგადოებას, „რომელიც სდევნიდა მას და ბოლოს აიძულა, რათა გასცლოდა ამქვეყნიურ ცხოვრებას“:

„არყოფნა სჯობს მაშინ ყოფნას, როცა მეფობს მრუდე ძალა“, –

ასე სთქვა და ცხოვრებას სულ მოეშორა, მოეცალა“, – წერს მგოსანი. 

ნ. კოტინოვის აზრით, ამავე პერიოდს განეკუთვნება აკაკის წერილი ელისაბედ თარხნიშვილისადმი, რომელიც ტასოს დეიდაშვილი ყოფილა. ეს წერილიც „აკრძალულ ფონდში“ აღმოჩენილა. მასში პოეტი შესჩივის თავის მეგობარ ქალს ტასოს გულგრილობის გამო და საოცარი მხატვრული ფერებით გვიხატავს სატრფოს პიროვნებას. იგი თავის თავს ადარებს „საორქვეყნოდ მშრომელ ფუტკარს“, რომელიც თავს ევლება სატრფოს – „მწიფე მსხალს“. მას კი ბუზები შემოუხვევია კერპებად და ახლოს არ იკარებს ფუტკარს: „კარგი ხის სანაქებო ნაყოფო, – მიმართავს შეყვარებული ფუტკარი სატრფოს, – შენ მაგ ტყუილა-ბზუილა ბუზებს იახლოებ, რომ თავი შეიქციო და ფუტკარი კი, რომელიც შენს მახლობლად, სიწმინდით აგზნებული, ღვთის კურთხევით საორქვეყნო სანთელ-თაფლს მოამზადებდა, მოგიშორებია“.

როგორც ცნობილია, ვანო მაჩაბელი უგზო-უკვლოდ დაიკარგა 1898 წლის 26 ივნისს, რამაც არასასიამოვნო მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოებაში.ზოგიერთი თანამემამულე ვანო მაჩაბლის დაღუპვაში ბრალს აკაკის სდებდა. „დარწმუნებით უნდა ითქვას, – წერს ჯ. მჭედლიშვილი, – რომ აღნიშნული ჭორები საფუძველს მოკლებულია, რადგან აკაკი ის კაცი არ გახლდათ, კაცის მოკვლა რომ შეძლებოდა, მით უმეტეს, მეგობრის! მაგრამ ის კაცი კი იყო, რომელსაც ასევე არ შეეძლო სიყვარულზე უარის თქმა“. ამის დასტურია ზემოთ აღნიშნული 19

წერილი და მისი ლექსები „ტასო მაჩაბლისას“, „ჩემი ლოცვა“ და „ტ. ბაგრატიონის ალბომში“.

მეორე წერილში, რომლის სათაურია „ღამის ოთხი საათი“, აკაკი დიდ გულისტკივილს გამოთქვამს ვანო მაჩაბლის დაკარგვის გამო და მეტად შეურაცხყოფილია თანამემამულეთაგან, რომლებიც ამაში ბრალს მას სდებდნენ. „განა შეუძლია ქართველს, ერთის ისე ამაღლება, რომ მეორე არ დაამდაბლოს? – წერს იგი. – მსხვერპლი საჭიროა და ის მსხვერპლი მე ვარ, მე ამომიღეს ნიშანში. ამიერიდან ჩემთვისაც ყოველივე გათავდა“.

1881 წელს ივანე მაჩაბელი დაქორწინდა ულამაზეს ანასტასია (ტასო) ბაგრატიონ-დავითაშვილზე. სანამ ვანო ანასტასიას გაიცნობდა და ცოლად შეირთავდა, მანამდე იგი აკაკი წერეთელს გაუცვნია და მისი სილამაზით მოხიბლულა. ტასოს სილამაზის შესახებ აკაკის თავისი შთაბეჭდილება ვანოსთვის გაუზიარებია. ამის შემდეგ ვანოსაც უმალ გაუცვნია ტასო და იგიც მოხიბლულა მისი სილამაზით. მალე ისინი შეუღლდნენ და შესანიშნავი ოჯახი შექმნეს. შეეძინათ ორი შვილი – ნიკო და ელენე, რომელთა სახელებს ხშირად ახსენებს აკაკი თავის წერილებში, განსაკუთრებით დაინტერესებულია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

ტასო არა მარტო მეუღლე, არამედ უახლოესი მეგობარიც ყოფილა ვანოსი. მას თავდავიწყებით ყვარებია იგი და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ამ სიყვარულის ერთგული დარჩენილა.

ვანოსა და ტასოს ქორწილში აკაკის შთამბეჭდავი სიტყვა უთქვამს. ამის შემდეგ იგი მათი ოჯახის ხშირი სტუმარი ყოფილა, რამაც, როგორც ჩანს, აკაკის ტასოსადმი სიყვარული უფრო გაუღვივა. ასე შექმნა მან ლექსების ციკლი: „ქებათა ქება“, „საიდუმლო ტრფიალე-ბა“, „დიდება მაღალთა შინა“, „რაც არ იწვის არ ანათებს“, „ქრისტე აღსდგა“ და მრავალი სხვა.

ძნელია იმის თქმა, ხვდებოდა თუ არა ივანე მაჩაბელი აკაკის ტასოსადმი სიყვარულს. ამ დროისათვის ვანო ტუბერკულოზით იყო დაავადებული და მძიმე ოპერაცია ჰქონდა გადატანილი.

მეორე წერილში, რომლის სათაურია „ღამის ოთხი საათი“, ვგებულობთ, რომ 1898 წლის 25 ივნისს აკაკი კვლავ სწვევია  მაჩაბლებს. დაწოლამდე ვანო და იგი ნარდის თამაშით გართულან, 10 საათისათვის კი დასაძინებლად წასულან.

დილის 8 საათზე აკაკი ვანოს ოთახში  შესულა, მაგრამ ვანო არსად ჩანდა. მაგიდაზე იდო მისი საათი, ძეწკვი, პერანგის ოქროს ღილები და ფული, რომელიც წინა დღით გამოუტანია ბანკიდან, რადგან, როგორც ტუბერკულოზით დაავადებული, აბასთუმანში აპირებდა დასასვენებლად წასვლას.

ივანე მაჩაბლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით დაიკითხა უამრავი ადამიანი, მაგრამ ამაოდ, დაკარგულის კვალს ვერავინ მიაკვლია. გაჩნდა ერთმანეთის საწინააღმდეგო რამდენიმე ვერსია:

ერთი ვერსიით, ვანო მაჩაბლის გაუჩინარება დაკავშირებულია თვითმკვლელობასთან, რომელსაც ვანოს რთული პერიოდით ხსნიდნენ (ილია ჭავჭავაძესთან დაპირისპირება სათავადაზნაურო ბანკისა და გაზეთ „დროების“ გამო, ავადმყოფობა, ოპერაცია, ვალები).

მეორე ვერსიით კი ვანოს გაუჩინარებაში აკაკის ადანაშაულებდნენ, ტასოს სიყვარულის გამო. ამ ვერსიით აკაკი თითქოს ტასოს საყვარელი და ვანოს მკვლელი იყო.

ცხადია, ეს ვერსია ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული, რადგან აკაკი ტასოს სიყვარულს ფარულად ატარებდა გულში, რაც დასტურდება „სიკვდილის წინეთი აღსარებაში“ გადმოცემული მისივე სიტყვებით. მგოსნის გრძნობა ტასოსთვის კი გვიან გახდა ცნობილი. ვანოს გაუჩინარებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ აკაკიმ ვეღარ დამალა თავისი გრძნობა და ტასოს სიყვარულში გამოუტყდა.

„გინდ დამახრჩვე, გინდა დამწვი, გინდ ამკეპე ასო-ასო,

თუ არ ცხადად, ძილში მაინც, წამომცდება „ტასო! ტასო!“

 საპასუხოდ ტასომ სთხოვა აკაკის, რომ მის სიახლოვესაც კი არსად გამოჩენილიყო და მასთან მეგობრობაზეც სამუდამოდ აეღო ხელი.

„ძალიან გააფთრებული ვარ ჩემს თავზე. ყმაწვილი რომ ვიყო, თავს მოვიკლავდი, მაგრამ ბებერი ვარ და რაღა საჩქაროა? ისეც ველი სიკვდილს…“ – წერს აკაკი თავის მეცხრე წერილში.

ალბათ ამ სიყვარულის მიზეზით იყო, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მაჩაბლის გაუჩინარება აკაკის სახელს დაუკავშირა, რასაც ტრაგიკულად განიცდიდა დიდი პოეტი.

ზემოთ აღნიშნული წერილების გარდა, აკაკის სხვა წერილებშიც გადმოცემულია მისი ცალმხრივი, პლატონური სიყვარული ტასოსადმი, ეს უკანასკნელი კი, როგორც აღვნიშნეთ, საერთოდ არ თანაუგრძნობდა პოეტს და თავის საპასუხო წერილებში ხშირად კიცხავდა მას ასეთი საქციელისთვის. გულდათუთქული პოეტი წერს ტასოს: „იმ თავიდან ამ ბოლომდე, ამდენი ხნის განმავლობაში, კამკამ წყაროსავით მქონდა თქვენ წინ გადაშლილი ეგებ პოეტურად ახირებული, მაგრამ მაინც წრფელი გული კი და თქვენც შეგეძლოთ თქვენის საკუთარი თვალით, და არა სხვების სათვალეებით, ჩაგეხედათ შიგ და დარწმუნებულიყავით, რომ აქ ძირამდე სიწმინდის მეტი არა იყო რა“.

ანალოგიური წერილების მიუხედავად, ტასო მაინც გულცივი და ყრუ იყო აკაკის გულისტივილის მიმართ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი სიცოცხლის ბოლომდე ერთგული დარჩენილა თავისი სათაყვანო მეუღლისადმი. ამიტომაც იყო, რომ მას შემდეგ, რაც აკაკიმ გაუმჟღავნა თავისი გრძნობის შესახებ, ტასომ შეწყვიტა მასთან მეგობრული ურთიერთობა და აუკრძალა მასთან შეხვედრა. აკაკი კი ღრმად შეურაცხყოფილია ტასოს ამგვარი გულგრილობის გამო. „ეგ ზიზღი, რომელსაც თქვენ მიჩვენებთ, არ დამიმსახურებია. დღემდი მე ღირსად მიმაჩნდა თავი თქვენთან მეგობრობისა. დღეიდან კი მკვდარი ვარ, როგორც ხორცით, ისე ზნეობითაც“, – წერს აკაკი თავის მეათე წერილში.

მეთორმეტე წერილში იგი ისევ მიმართავს ტასოს: „მე ვერ წარმომიდგენია, რომ ადამიანმა, და მერე თქვენისთანამ, ისე გაიმეტოს და გასწიროს უბედურებაში ჩავარდნილი კაცი და ისე გულგრილად გაიმეტოს, როგორც გუშინ. ავაზაკიც რომ იყოს, მაინც მიტოვება და განსაცდელში ჩაგდება არ არის კარგი! ერთი გზის მეტი აღარა დამრჩენია რა და ის გზა საშინელებაა“…

თავის ბოლო მეცხრამეტე წერილში აკაკი ისევ დასტირის თავის ბედს, რამაც იგი „მწარე სინამდვილეში“ გადაიყვანა და ობლად დააგდო „სულით ურწმუნო, გულით უნდო და ჭკუით მაშვრალი“.

ახლა მკითხველს მინდა გავაცნო მეორე ვერსია, რომელიც ვანოს უგზო-უკვლოდ დაკარგვას ეხება. ამ ვერსიის თანახმად, ვანოს გაუჩინარება დუხობორების სახელს უკავშირდება. დუხობორები ის ხალხი იყო, რომლებიც უარს აცხადებდნენ მეფის ჯარში სამსახურზე, რის გამოც, მათ იმპერატორისგან ემიგრირების ოფიციალური ნებართვა მიიღეს, იმ პირობით, რომ ისინი იმპერიის საზღვრებს აღარ დაუბრუნდებოდნენ. მათ გამგზავრებას მფარველობდა ლევ ტოლსტოი, პრაქტიკულად კი მისი უფროსი ვაჟი სერგეი. მათი მოსაზრებით დუხობორები აუცილებლად უცხო ენების მცოდნე პირს უნდა მიეცილებინა გემით კვიპროსამდე, ოღონდ – ინკოგნიტოდ. შესაძლოა, ერთ-ერთი ასეთი ინკოგნიტო-გამცილებელი, უცხო ენების უბადლო მცოდნე, ვანო მაჩაბელიც ყოფილიყო. სავარაუდოდ, ღამის 4 საათზე სერგეიმ წაიყვანა იგი, როგორც თარჯიმანი, რადგან ის ამ დროს  მის სახლთან დაუნახავთ.

ემიგრირებული დუხობორები კუნძულ კვიპროსზე ჩასვლისთანავე ციებ-ცხელებით დაავადებულან, რასაც ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თუ მაჩაბელი მათ ახლდა, ბუნებრივია, ის ამ დაავადებას ვერ გადაიტანდა, რადგან ცოტა ხნით ადრე იგი ტუბერკულოზით იყო ავად და მძიმე ოპერაციაც ჰქონდა გადატანილი.

ვანო მაჩაბლის გაუჩინარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კერძოდ, 1898 წლის 7 აგვისტოს, ბათუმიდან გასულა სამი გემი დუხობორებით, რომელთაგან ერთი გემი „გურონი“, 1126 დუხობორით, ჩაძირულა. იქნებ ვანო მაჩაბელიც ამ გემზე იყო?

ზოგიერთი მკვლევრის აზრით, მაჩაბლის გაუჩინარება მის პირად ცხოვრებას არ უკავშირდება. ამ დროს მიმდინარეობდა ქართული ეროვნული სულის გასანადგურებლად ბრძოლა და ნადირობა ეროვნული მოძრაობის აქტიურ წევრებზე.

აქედან გამომდინარე, ივანე მაჩაბლის გაქრობაც, შესაძლოა, იმ ძალებს უკავშირდება, ვინც საქართველოს დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე და ბევრი სხვა ჭეშმარიტი მამულიშვილი მოუკლა. ამ მხრივ, ვანო მაჩაბელს, ყიფიანისა და ჭავჭავაძისგან განსხვავებით, საფლავიც კი არ ეღირსა.

ჯ. მჭედლიშვილის აზრით, ვანო მაჩაბელმა საზოგადოების განუწყვეტელ შეურაცხყოფას ვერ გაუძლო და „საბოლოო განსასვენებელი ვერის საკირეში ჰპოვა“. ასე დაასრულა მან თავისი ლამაზი სიცოცხლე. ამის მიზეზად ჯ. მჭედლიშვილს მიაჩნია არა მარტო საზოგადოების მიერ მისდამი უსამართლო დამოკიდებულება, არამედ ასევე ყველაზე ახლობელი მეგობრის, აკაკის ფარული სიყვარული ტასოსადმი, რაც შეუძლებელია, მას არ სცოდნოდაო.

იბადება კითხვა: ზემოთ დასახელებული ვერსიებიდან რომელია ჭეშმარიტებასთან ახლოს? ამის გარკვევა ახლა ძალზე ძნელია – მოკლეს, თავი მოიკლა, დუხობორებს გაჰყვა თუ სამშობლოდან გადაიხვეწა? მწერალი ალექსანდრე კალანდაძე წერს: „მაინც რა უჭირდა მაჩაბელს, რამ აიძულა საკუთარი საფლავიც კი არ დაეტოვებინა შთამომავლებისათვის?“ – კითხულობს იგი.

გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე, ტუბერკულოზით დაავადებულ ივანე მაჩაბელს მძიმე ოპერაცია გაუკეთეს და სამი ნეკნი ამოაჭრეს. იქნებ სწორედ ავადმყოფობა გახდა მიზეზი მისი უკვალოდ გაუჩინარებისა? მაგრამ, თანამედროვეების გადმოცემით, ამ დროისათვის იგი თითქმის გამოჯანმრთელებული ყოფილა.

დასასრულ გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჯ. მჭედლიშვილი აკაკის პოემა „გამზრდელის“ შექმნას ყოველივე ზემოთ აღნიშნულ საიდუმლო ამბავს უკავშირებს, რადგან ორივე შემთხვევა ერთი და იმავე წელსა და თვეს ხდება. აქვე იგი დასძენს, რომ ჩემი მოსაზრება „არც დოგმაა და არც იმის დაჟინება, რომ ეს აუცილებლად ასე იქნებოდა და ამდენად, ცხადია,  მისი გამოქვეყნებით არავის ვახვევთ თავს ჩვენს აზრს!“

ასეთია დიდი ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის ფარული სიყვარულის ისტორია მისი მეგობრის ვანო მაჩაბლის მეუღლის ანასტასია (ტასო) ბაგრატიონ-მაჩაბლისადმი და ივანე მაჩაბლის უგზო-უკვლოდ დაკარგვა, რაც, სამწუხაროდ, დღემდე  ბურუსითაა მოცული.

ნოდარ ბასილაძე