მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი სუმგაითის ტრაგედია – დანაშაული ეროვნული ნიშნით

სუმგაითის ტრაგედია – დანაშაული ეროვნული ნიშნით

845
0

31 წლის წინ აზერბაიჯანულ ქალაქ სუმგაითში მოხდა მასობრივი დანაშაული სომხური მოსახლეობის წინააღმდეგ. 1988 წლის 27 – 29 თებერვალს, ღიად და შეუფერხებლად, სამართალდამცავი ორგანოების და ათასობით მოქალაქის თვალწინ, აზერბაიჯანელების მონაწილეობით ხდებოდა უდანაშაულო სომხების სასტიკი მკვლელობები, გაუპატიურებები, მათ შორის ჯგუფური, წამება და დამცირება და მათი ქონების მიტაცება. საბჭოთა პროპაგანდის ოფიციალური მონაცემების თანახმად, სამი დღის განმავლობაში დაიღუპა 27 სომეხი, დაიჭრა 100, დაარბიეს 200 ბინა. არსებობს თვითმხილველთა მრავალი მოწმობა და ფაქტი, რომლებიც მიუთითებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი მეტად აღემატებოდა. დამნაშავეები მიზანმიმართულად დევნიდნენ სომეხი ეროვნების მოქალაქეებს. ეს ჩვენებები დაფიქსირებულია სისხლის სამართლის საქმეებში, შემდგარი სასამართლო პროცესების მასალებში.
სამი დღე ქალაქი იმყოფებოდა მკვლელებისა და ყაჩაღების ხელში, რომლებიც იდენდნენ სასტიკ მკვლელობებს, კლავდნენ და აწამებდნენ უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობას. თუმცა ამ სამი დღის განმავლობაში არც აზერბაიჯანული ხელისუფლება და არც საბჭოთა კავშირის ხელისუფლება არ ჩარეულა სიტუაციაში და არ უცდია სომხური მოსახლეობის გადარჩენა. და შემთხვევითი არ არის, რომ მომდევნო წლებში სომხების მასობრივი მკვლელობები განმეორდა მთელ აზერბაიჯანში. მასალებში მოწმეები ადასტურებენ, რომ მკვლელობები სუმგაითში ხდებოდა ეროვნული ნიშნით; დამრბევებს ჰქონდათ ბინების სიები, რომლებშიც ცხოვრობდნენ სომხები, და თავდასხმას და სასტიკ ქმედებებს სწორედ ისინი განიცდიდნენ.
საბჭოთა ხელმძღვანელობამ, რომელმაც მხოლოდ დარბევების მესამე დღეს გასცა ბრძანება სუმგაითში ჯარის შეყვანის თაობაზე, გასცა განკარგულება, რომ ეროვნული ნიშნით ჩადენილ მასობრივ მკვლელობებს მისცემოდა შეფასება, როგორც „ხულიგნური ჯგუფების მიერ ხულიგნური განზრახვით“ ჩადენილი ქმედება. ამ „დაკვეთის“ შედეგად, ერთი ცენტრიდან ორგანიზებული და მართული დანაშაული დაიყო ცალკ – ცალკე სისხლის სამართლის საქმეებად. სასამართლო პროცესების დიდი უმრავლესობა ჩატარდა ბაქოსა და სუმგაითში, სადაც დაზარალებული სომხები და მოწმეები – სუმგაითელი სომხები – შიშით ვერ ჩადიოდნენ, ხოლო სომეხი ადვოკატები მრავალი დაშინების შედეგად იძულებულნი იყვნენ მონაწილეობა შეეწყვიტათ სასამართლო პროცესებში. 80-დან მხოლოდ ერთ მსჯავრდებულს მიუსაჯეს სასიკვდილო განაჩენი, დანარჩენებმა კი მიიღეს რამდენიმეწლიანი პატიმრობა, ბევრმა – მხოლოდ პირობითი. რამდენიმე თვის შემდეგ დამნაშავეთა უმრავლესობა გაათავისუფლეს. დანაშაულის ორგანიზატორები ვერ დადგინდა. რამდენიმე თვის შემდეგ – 1988 წლის ნოემბერში, სუმგაითელი მკვლელების პორტრეტები გამოჩნდა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მიტინგზე წარწერებით „დიდება სუმგაითის გმირებს“. აზერბაიჯანში დამკვიდრდა სომხების მკვლელების ეროვნულ გმირებად გამოცხადების ტრადიცია.
სუმგაითში სომხების ჟლეტას მოჰყვა მრავალრიცხოვანი მსხვერპლის მომტანი დარბევები კიროვობადში (1988 წ. ნოემბერი), ბაქოში (1990 წ. იანვარი), სოფელ მარაგაში (1992 წლის აპრილი)… ის გარემოება, რომ დარბევები მეორდებოდა და მსგავსი მეთოდებით მიმდინარეობდა, იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ეს ტრაგიკული მოვლენები არ იყო სტიქიური და თვითნებური.
აზერბაიჯანის ხელისუფლების გენოციდური პოლიტიკის შედეგი გახდა 450 ათასზე მეტი სომხური მოსახლეობის იძულებითი დეპორტაცია და განდევნა აზერბაიჯანიდან.
2004 წლის 19 თებერვალს ბუდაპეშტში მომხდარი სასტიკი მკვლელობა, როდესაც ნატოს პროგრამით მიმდინარე კურსებზე „პარტნიორობა მშიდობისათვის“, აზერბაიჯანელმა ოფიცერმა ღამე ნაჯახით თავი მოკვეთა მძინარე სომეხ ოფიცერს, ხოლო შემდეგ თავის ქვეყანაში აიყვანეს გმირის რანგში, არის ყოველივე ამის ყველაზე სარწმუნო მტკიცებულება. დანაშაულის ჩადენისთანავე აზერბაიჯანის ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მკვლელი – რამილ საფაროვი წარმოადგენს პატრიოტიზმის მაგალითს ახალგაზრდებისთვის.
2016 წლის აპრილში აზერბაიჯანმა ისევ ჩაიდინა ფართომასშტაბიანი აგრესია არცახის მიმართ, და ისევ, ოთხდღიანი საომარი მოქმედებების შედეგად დაფიქსირდა და საერთაშორისო ინსტანციებს გადაეცა ბარბაროსობის და მშვიდობიან მოსახლეობასთან, მათ შორის მოხუცებთან, ანგარიშსწორების სასტიკი ფაქტები. ამ მოვლენების დროს აზერბაიჯანელმა სამხედროებმა თავი მოკვეთეს სამ სომეხ სამხედრო მოსამსახურეს, მათ შორის ერთ ერთს – ცოცხლად. აპრილის ომის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც მკვლელი ატარებს მოკვეთილ თავს აზერბაიჯანულ ქალაქებსა და სოფლებში და სურათებს იღებს „ნადავლით“ ხელში. ამ მოვლენების შემდეგ მოკლე დროში მკვლელს საჯაროდ გადაეცა აზერბაიჯანის სახელმწიფო ჯილდო.
გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ტრაგიკულ მოვლენაზე, რომელიც გადახდა თავს ქალაქ აღდამის მახლობლად მდებარე სოფელ ხოჯალის მკვიდრებს. 1992 წლის თებერვლის ბოლოს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სამხედრო ქვედანაყოფებმა ჩაატარეს ოპერაცია სოფელ ხოჯალის ახლობლად განლაგებული ცეცხლოვანი წერტილების ჩახშობის და აეროპორტის განთავისუფლების მიზნით, საიდანაც მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი და სხვა დასახლებული პუნქტები მუდმივად იცხრილებოდა აზერბაიჯანული სამხედრო ფორმირებების მხრიდან. ამ ოპერაციასთან დაკავშირებული გარკვეული დეტალი დღემდე უცნობია. ოფიციალური ბაქო იყენებს ამ გარემოებას საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ხოლო ხოჯალის მკვიდრების და სხვა აზერბაიჯანელი დევნილების ბედისწერა საიმედო ფარად იქცა, როგორც შიდა, ისევე საგარეო სახელმწიფო პროპაგანდის გაწევაში. მთელი ეს პროპაგანდა ტარდება მკვეთრად გამოხატული ანტისომხური ნიშნებით და გამოიყენება აზერბაიჯანელებს შორის სომხების მიმართ ეთნიკური აუტანლობისა და სიძულვილის გასაძლიერებლად. ასეთი ქმედების ეფექტური წარმოებისთვის აზერბაიჯანის პროპაგანდისტული მანქანა ყველა ხერხს მიმართავს: სინამდვილის დამახინჯება, სრულიად საპირისპირო ფაქტების მოწოდება, ისტორიული წყაროების გაყალბება…
აღდამის რაიონში ამ მოვლენების შედეგად სამოქალაქო პირების დაღუპვა აზერბაიჯაული ხელისუფლება ცდილობს წარმოუჩინოს მსოფლიო საზოგადოებას როგორც სომხების მიერ თითქოს და ჩადენილი ხოჯალის მკვიდრთა ჟლეტის ფაქტი, სინამდვილეში კი სომხურმა ჯარებმა შექმნეს ჰუმანიტარული კორიდორი მშვიდობიანი მოსახლეობის კონფლიქტის ზონიდან გასვლის მიზნით. ეს მოვლენები დღესაც შეიცავს მრავალ ცრუ ინფორმაციას და შეუსაბამოებებსა და თვითგამომრიცხავ გარემოებებს. ხოჯალის მოსახლეობის მკვლელობა მოხდა აღდამის ტერიტორიაზე, იმ ქალაქში, სადაც განლაგებული იყო აზერბაიჯანული შეიარაღებული ფორმირებების დამკვრელი დაჯგუფება. ამ დაჯგუფების მრავალი მეთაური მოგვიანებით დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში…
ყარაბაღის კონფლიქტის და „სუმგაითში“ მომხდარი მოვლენების, როგორც აზერბაიჯანის მიერ სომეხი ხალხის მიმართ წარმოებული პოლიტიკის, გენოციდის, ტერორის საჯარო გამოვლენის მიმოხილვისას, აქვე შეგახსენებთ ნობელის პრემიის ლაურეატის, დიდი ჰუმანისტის, აკადემიკოს ანდრეი სახაროვის სიტყვებს, რომელიც მან მოიყვანა მ. გორბაჩოვის მისამართით 1992 წელს გამოქვეყნებულ ღია წერილში: „თუ კი ამაში ვინმეს ეჭვი ეპარებოდა სუმგაითის მოვლენებამდე, ამ ტრაგედიის შემდეგ არავის დარჩება არანაირი ზნეობრივი უფლება მოითხოვოს მთიანი ყარაბაღის აზარბაიჯანისადმი ტერიტორიული კუთვნილების შენარჩუნება“.

სომხური მხარე ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიან გადაწყვეტილებას უჭერს მხარს – მოლაპარაკებების გზით და გმობს ძალადაობის ყველა ფორმას.

ბათუმში სომხეთის რესპუბლიკის
გენერალური საკონსულო.
2019 წლის 2 მარტი.