მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი ტელეკომპანია „ტვ12-აჭარას“ განცხადება

ტელეკომპანია „ტვ12-აჭარას“ განცხადება

27
0

ძვირფასო თანამემამულეებო, თვალს ვავლებთ რა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ვფიქრობთ, თითოეულ ჩვენგანს, როგორც მედიასაშუალების წარმომადგენლებს, გვეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის წინაშე, რომ ამ დაძაბულ ვითარებაში, ზედმიწევნით სწორად და ყოველგვარი შელამაზების გარეშე მივიტანოთ მაყურებლამდე ჩვენი საზოგადოების – დაპირისპირებულ მხარეთა სათქმელი, დავუტოვოთ მათ დასკვნების გამოტანის საშუალება, მიუკერძოებლად ავსახოთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და შევინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი ყველზე რთულ მომენტშიც კი.

ამასთან კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობას და სოლიდარულები ვართ აქციებზე დაშავებული ადამიანებისადმი, ეს იქნებიან პირველ რიგში ჩვენი კოლეგები, აქციის რიგითი მონაწილეები თუ სამართალდამცველები, რამეთუ ყველანი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან. განსაკუთრებულად მოვითხოვთ შს ორგანოებისაგან მედიის წარმომადგენლებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, რათა თითოეულ ჟურნალისტს, მიუხედავად იმისა თუ რომელ საინფორმაციო საშუალებას წარმოადგენს იგი, მიეცეს პროფესიული მოვალეობის განხორციელების საშუალება.

იქედან გამომდინარე, რომ გვაქვს ძალიან მცირე ტექნიკური და ადამიანური რესურსი, ტვ12-აჭარა ვერ ახერხებს ელვის სისწრაფით ცვალებადი მოვლენების ზედმიწევნით ოპერატიულად გაშუქებას, რის გამოც ხშირად გაისმის აქციების მონაწილეების მხრიდან ჩვენი მისამართით საყვედურები, მაგრამ გვერწმუნეთ, ჩვენი თანამშრომლები შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ ბათუმსა თუ დედაქალაქში მიმდინარე მოვლენათა ობიექტური ასახვის მიზნით.

ამჯერად, მეტი ოპერატიულობისთვის ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა პარასკევიდან, 6 დეკემბრის 18 საათიდან დაიწყოს პირდაპირი სტუდიური ეთერი განუსაზღვრელი დროით და საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა “მედიატორის” საეთერო დრო დაუთმოს ნებისმიერ მსურველს, ვისაც კი სურს გამოხატოს საკუთარი პოზიცია.

ეთერში სტუმრობის მსურველთა რეგისტრაცია დაწყებულია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 0 706 706 012 ან 598411226