საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას მეუღლემ სოციალურ ქსელში ქმრის სახელით წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ უკრაინიდან საქართველოში ქარდავას ექსტრადირება იგეგმება და ის თხოვნით მიმართავს სახალხო დამცველს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ მისი ინტერესები და უსაფრთხოება დაიცვან.
-„მოგეხსენებათ, წლებია, რაც ჩემს თანამებრძოლებთან ერთად პოლიტიკურად ვიდევნები 2012-ის რუსული ჰიბრიდული კონტრ-რევოლუციის შედეგად ხელისუფლების სათავეში მოსული პუტინის ოლიგარქის ხელისუფლების მიერ ერთადერთი მოტივით: პოლიტიკური სარჩულით შეკერილი ბრალდებებით გავენეიტრალებინეთ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები, რაც გარდა იმისა, რომ ემსახურებოდა „ვარდების რევოლუციის“ შედეგად განხორციელებული სასიცოცხლო რეფორმების დისკრედიტაციასა და სასიკეთო კვალის წაშლას, მთავარ მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუციების გეგმაზომიერ ჩამოშლას – რაც სახეზეა.“ – ნათქვამია წერილში.
ცნობისთვის, მეგის ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, მათ შორის არის სერგო თეთრაძის, „ციხის ბუნტის“, თანხის გაფლანგვის საქმეები.