მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ურეხის სოციალურ სახლში ეკომიგრანტებს ბინები გადაეცათ

ურეხის სოციალურ სახლში ეკომიგრანტებს ბინები გადაეცათ

247
0

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ურეხის სოციალურ სახლში 23 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აჭარის მთავრობა აგრძელებს სოციალური პროექტების განხორციელებას, რაც გამოიხატება სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფით.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში და ურეხის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლებში სტიქიის შედეგად დაზარალებული 75 ოჯახია საცხოვრებლით უზრუნველყოფილი. გასულ წელს 50 ეკომიგრანტმა ოჯახმა კაპრეშუმის სოციალურ სახლში დაიდო ბინა, წელს მათ რიცხვს ურეხის სოციალურ სახლში 23 ოჯახი შეემატა.

ბინები შერეული სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით იქნა გადაცემული. კომისიის შემადგენლობაში შედიოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით. ბენეფიციარები შერეული კომისიის წევრებმა სპეციალური კრიტერიუმის მიხედვით შეარჩიეს. ობიექტის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან მილიონ 432 ათას 788 ლარი დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ სოციალური სახლებში ბინებით უზრუნველყოფის გარდა, აჭარის მთავრობა პროგრამით, 2016 წლიდან დღემდე 150 ეკომიგრანტ ოჯახს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა. თითოეულ მათგანს გამოეყო თანხა 25 000 ლარის ფარგლებში საცხოვრებელი ფართობის შესასყიდად.