ხატმწერი, მხატვარი, პოეტი, მომღერალი, ჟურნალისტი – ეს შემოქმედების მთელი კასკადია და ერთი ადამიანისთვის გასამკლავებლად ძალიან ბევრი, თუმცა უფლის ნება, მისგან დაბერტყილი ნიჭი, გაუტეხავი სული და მდიდარი ფანტაზია თურმე შეუძლებელს შეგაძლებინებს…
„ხელოვანი არის ემოციების საცავი რომლებიც მოდიან ყველა ადგილიდან: ციდან, დედამიწიდან, ქაღალდის ზედაპირიდან, ობობის აბლაბუდიდანაც კი“… – დიდი პიკასოს ეს ფრთიანი აზრი განსაკუთრებული სიცხადით ეხება ერთი უჩვეულო შემოქმედის, საზოგადო მოღვაწისა და ჟურნალ „ხატიმამულის“ რედაქტორის ნანა მომცელიძის სულს და ისიც წარმატებით ანდობს ამ ემოციებს ზოგჯერ ფურცელს, ზოგჯერ ტილოს, ზოგჯერ ეკრანს და გულს ატანს საგზლად მნახველთან, მსმენელთან თუ მაყურებელთან…
სწორედ ამ ნიჭის კიდევ ერთხელ აღიარება, დაფასება და შეფასება გახლდათ მიზანი იმ მრავლისმთქმელი და არაჩვეულებრივი შემოქმედებითი საღამოსი, რომელიც აჭარის მწერალთა სახლმა შემოქმედ ქალბატონს საკუთარ იუბილესთან დაკავშირებით აჩუქა.
საღამო, რომლის ორგანიზება მწერალთა სახლის დირექტორმა ლალი კონცელიძემ ითავა, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით თედორაძემ გახსნა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ნანა მომცელიძის მრავალმხრივ შემოქმედებაზე, საზოგადოებრივ საქმიანობასა და გატაცებებზე, რეგიონის მწერალთა თავკაცმა ფასიან საჩუქრებთან ერთად, „წარმატებული მრავალმხრივი შემოქმედებითი საქმიანობისათვის“ აჭარის მწერალთა ორგანიზაციის დიპლომი გადასცა.
საღამოს გაძღოლა იუბილარის მეგობარმა, ჯგუფ „ზღვარის“ ლიდერმა, პოეტმა-კრიტიკოსმა სერგი ლომაძემ ითავა, იქვე იყო „ზღვარელი“ კახა ბაციკაძე, რომელმაც ნანა მომცელიძესთან ერთად შესანიშნავი სიმღერებით გაალამაზა საღამო, იუბილარს მიესალმნენ აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ფუტკარაძე, პოეტი ნინო უძილაური, სოფიო ღლონტი და სხვები.
ნანა მომცელიძე ის ხელოვანია, რომლის შემოქმედებას ემოციის გარეშე ვერ შეეხები, ვერც პირჯვარს გადაისახავ უემოციოდ მისი ხელთუქმნელი ხატების წინაშე, სულის აუფორიაქებლად ვერ ჩაიკითხავ მის პოეტურ სტრიქონებს, სმენას ატკბობს მისი სიმღერები, რომლებიც ხშირად თავისივე ლექსებზე იქმნება, მუდამ მრავლისმთქმელია მისი სატელევიზიო გადაცემებიც… წინ კვლავ ხელოვნების ოკეანეში გასავლელი დიდი და რთული გზაა,
და რა უნდა უსურვო ნიჭიერ შემოქმედს ამ გზაზე ზურგის ქარისა და უფლის შემწეობის გარდა…