დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,ამირან გამყრელიძის განცხადებით, მათი ცენტრი პირბადის მოხსნის რეკომენდაციას არ მიიჩნევს მიზანშეწონილად.
როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყანაში ეპიდვითარების არამდგრადი სტაბილიზაცია გვაქვს, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს წავიდეს გაუარესებისკენ.
„ბოლო პერიოდში ეპიდვითარება უმჯობესდება ძალიან ნელი ტემპით. ანუ, არამდგრადი სტაბილიზაცია გვაქვს, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს წავიდეს გაუარესებისკენ. ამის პირველი ნიშანი არის ის, რომ ბოლო 1 კვირის დადებითობის მაჩვენებელი ცოტა ზემოთ აიწია. ეს არ არის მყარი საფუძველი ვთქვათ, რომ ეპიდვითარება უარესდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო კვირაში დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ აღარ მოდის, სტაბილურია.
აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯერჯერობით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად პირბადის ხმარების მოხსნას. მესმის, რთულია ზაფხულია, მაგრამ საქართველოსთვის 300-700 შემთხვევა საკმაოდ დიდი რაოდენობა. ჯერ უნდა გავიჭირვოთ და პირბადე უნდა ვატაროთ”, – აღნიშნავს გამყრელიძე.
რაც შეეხება „კომენდანტის საათის“ მოხსნას, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვაზე საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს.
„საკოორდინაცო საბჭო ყოველ კვირაში ერთხელ მსჯელობს ყველა აქტუალურ საკითხზე, დიდი ალბათობით, ამ საკითხზეც ხვალ იქნება მსჯელობა“, – აღნიშნავს გამყრელიძე.
ლიკა შარაძე