რატომ დატოვა ,,ნაციონალური მოძრაობა”? რატომ გადაწყვიტა ბათუმის მერობა? როგორია ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის სამომავლო გეგმები? – ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ,,ADJARAPS“ ბათუმის, მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს გია ხალვაშს, ესაუბრა:
- ბატონო გია, გაიხსენეთ 2017 წელი, ანუ ის პერიოდი, როცა თქვენ ბუხრაძის ხელმძღვანელობის დროს პოლიციის სამმართველოში მუშაობდით, როგორი მდგომარეობა იყო მაშინ რეგიონში?
- წელი ცოტა მძიმედ მახსენდება იმიტომ, რომ ჩემთვის იყო პოლიციის სისტემაში კარიერის დანგრევის პერიოდი. როდესაც ბუხრაძე დაინიშნა აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსად, მას მოყვა მთელი რიგი ინსტრუქციები თუ როგორი „სპეცოპერაციები“ უნდა ჩაგვეტარებინა ბათუმში ანუ ყველა მოქალაქე უნდა დაჯარიმებულიყო 200 ლარით და არავინ დაგვენდო, ასევე სამსახურში კოლეგებს შორის მოხდა შიდა დაპირისპირება, რომელიც თვითონ ბუხრაძისა და მისი თბილისიდან ჩამოყოლილი თანაგუნდელების მიერ იყო წაქეზებული… მათ ძალიან ბინძური მეთოდებით შეძლეს თანამშრომლების დაპირისპირება და მე ამ დროს გამოვხატე პროტესტი, თუმცა ერთად ერთი ადამიანი ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვინც ღიად გამოვთქვი პროტესტი და განვაცხადე, რომ არ შეიძლებოდა რეგიონში მოქალაქეებისადმი ასეთი სიმკაცრე ანუ 200-ლარიანი ჯარიმების გამოყენება. ერთ ერთ მაღალჩინოსანს მივწერე კიდეც, რომ ბათუმში ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, რომ პატარა ქალაქის ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას ძალიან მძიმედ აწვებოდა კისერზე ეს ჯარიმები, რაც ცუდ შედეგს მოგვიტანს მეთქი. ამ მიმოწერიდან ზუსტად 10 დღე იყო გასული, როცა ჩემი მეწყვილე აჯარიმებდა ერთ-ერთ მოქალაქეს და მისგან მივიღეთ შეურაცხყოფა, რის გამოც დავაკავეთ და იფეთქა კიდეც საზოგადოებაში დაგროვილმა აგრესიამ, მერე რაც მოხდა, ყველას კარგად გვახსოვს… ორგანოდან ჩემი წამოსვლის მიზეზი იყო ის, რომ მაშინდელმა შს მინისტრმა დამაბრლა, თითქოს ყველაფერი ჩემი მოწყობილი იყო აპირებდა ჩემს დაკავებას, ჩემმა მეწყვილემ სასამართლო პროცესზე მოიტყუა და მე იძულებული გავხდი ჟურნალისტებთან ღიად და ხმამაღლა მესაუბრა ამ თემაზე, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ მე დამითხოვეს სამსახურიდან, თუმცა მე მაშინ გავაგრძელე სამართლებრივი ბრძოლა.
- თქვენ ახსენეთ, რომ გაბრალებდნენ ბათუმში არეულობის მოწყობას, სინამდვილეში ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან?
- საპროტესტი აქცია იყო იმ დღეს და ყველაფერი სპონტანურად მოხდა. მე არ შემიძლია ვინმეს რაიმე დავაბრალო, თუმცა ეს სპონტანურობა გამოიწვია კახა ბუხრაძის მიერ გატარებულმა რეპრესიებმა, რამაც საზოგადოებაში დათესა ძალიან დიდი აგრესია, რომელიც უკვე მოთმინების ზღვარზე იყო და იფეთქა კიდეცც.
- დღეს როგორი მდგომარეობა აჭარაში ბუხრაძის გარეშე?
- ზოგადად პოლიციას თუ შევაფასებთ, რეჟიმიდან და ზოგადად სისტემიდან გამომდინარე, 0-ის ტოლია, არ ხდება დანაშაულის პრევენცია, პირიქით დანაშაული მატულობს და კრიმინალური დაჯგუფებები უფრო მეტი უფლებებით სარგებლობს, ვიდრე პოლიცია. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებაში არ ვგულისხმობ რიგით პოლიციელებს, იმათ, ვინც დღეს მუშობს იქ.
- სამსახურიდან წასვლის შემდეგ რატომ შეურთდით ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“?
- იმ დროისათვის როდესაც მე პოლიციიდან წამოვედი ერთ-ერთი ძლიერი ოპოზიცია იყო და ზუსტად ამ მიზეზით შევუერთდი მას.
- შემდეგ მოგიწიათ პარტიის დატოვება, რა გახდა ამის მიზეზი?
- 2020-ის არჩევნების შემდეგ დავინახე, რომ ოპოზიციის ხალხს აღარ სჯეროდა, ოპოზიცია იყო უკვე ძალიან სუსტი, ამიტომ გადავწყვიტე გამოვსულიყავი ოპოზციური ფრთიდან და გავაგრძელე ცალკე ბრძოლა.
- რატომ გადაწყვიტეთ ბათუმის მერობა?
- 21 წელია ბათუმში ვცხოვრობ, ვიცი ყველა პრობლემა, იგივე პრობლემები მაწუხებს მეც, ამ 21 წლის განმავლობაში მესამე ხელისუფლება შეიცვალა და არავის გახსენებია ხალხი, ყველა ხელისუფლება ბიზნესის განვითარებასა და ინვესტიციებზე საუბრობს, ეს კარგია, მაგრამ აღნიშნული ინვესტიციებიდან ერთეულების ჯიბეებში ილექება ფული, ხოლო ბათუმლების უმრავლესობა, რომლებიც დასაქმებულნი არიან თუნდაც მოპოვებული ინვესტიციების საფუძველზე შექმნილ კომპანიებში (მინიმალურ ხელფასებზე), წლებია დაქირავებულ ბინებში ცხოვრობენ და მათი შემოსავალის დიდი ნაწილი მხოლოდ ქირაში მიდის, უამრავი ავტომანქანის მფლობელი დისკომფორტს განიცდის პარკირების არარსებობის გამო, ,ვიხდით პარკირების საფასურს, მაგრამ მომსახურეობა არ გვაქვს…, მე დაჯარიმებული მოქალაქის ქვითარი გავასაჩივრე და სამართლებრივად მოვუგე ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას, რითაც დავადასტურე, რომ ეს სისტემა გაუმართავია. ჩემი მთავარი სლოგანია ,,კომფორტული ბათუმი“, რაც გულისხმობს კეთიმოწყობილი ყოფა-ცხოვრების პირობების ერთობლიობას,
ყველა ბათუმელს ექნება შესაძლებლობა იაფად შეიძინოს ბინა ე.წ. იაფი სახლის პროექტის გაუმჯობესებული პირობებით, ბათუმში აღნიშნულ საკითხე 20 000-მდე მოქალაქემ შეიტანა განცხადება, თუმცა მხოლოდ 40-მა მიღოო ბინა; გავაუქმებ პარკირების გადასახადებს მანამ, სანამ არ მოწესრიგდება პარკირება. გაუქმდება ყველა ჯარიმა, რაც გამოიწერა პარკირებაზე (არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება მისი უკანონობის შესახებ); გაუმჯობესდება სოციალური პროგრამები; მეტი სიმწვანე ქალაქს – ყველა საცხოვრებელ კორპუსთან შეძლებისდაგვარად სკვერები და ეზოები მოეწყობა; ფ.ხალვაშის გამზირზე და აეროპორტი-კახაბრის დასახლებაში მოწესრიგდება საკანალიზაციო სისტემა – ეს ძირითადი პროექტებია, რაც ბათუმისათვის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების პარალელურად უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა, დღეს ჩვენ პრობლემა გვაქვს თვითმმართველობაში, პარტიული ნიშნით არჩეული ნებისმიერი კანდიდატი, მით უმეტეს, თუ ის მმართველი გუნდის მიერაა წარდგენილი, ვერასდროს შეძლებს დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ბათუმისათვის მნიშვნელოვანი პრობლემები, რადგან ის მუდმივად ვიღაცაზე იქნება დამოკიდებული, ამიტომ დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევას ალტერნატივა არ აქვს.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- სამომავლოდ ვფიქრობ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას.
- ავტორი: ხვიჩა მამულაძე