აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გერმანიის ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგს შეხვდა. ელჩი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გამოსამშვიდობებლად ჩამობრძანდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო გერმანიის მხრიდან აჭარის რეგიონში განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებს.
გერმანიის განვითარების ბანკი საქართველოში არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ბათუმის წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და აჭარის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში სანაპიროს დაცვის გაუმჯობესება. ასევე, უმნიშვნელოვანესია საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოება და გამყარება პირველ რიგში შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტთან მიმართებაში. ორთვინ ჰენიგი საქართველოში 2010 წლის 14 მაისიდან მსახურობს. მანამდე კი მუშაობდა მოსკოვში, ქაბულში, ბრიუსელში, გერმანიის წარმომადგენლობებში სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე.