აჭარაში ნატო-ს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს ამჯერად ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები და მოხალისეები შეუერთდნენ. „საინფორმაცო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს ინიციატივით და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მხარდაჭერით, პეტრას ციხის და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციაში სამოქალაქო კლუბების „დვრიტა“ და „ლილეს“ წევრების გარდა ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლებმა, სოფ. ციხისძირის მცხოვრებლებმა, საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა. აქციის მონაწილეებმა დაასუფთავეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მისასვლელი და მიმდებარე ტერიტორია. ვინაიდან ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძეგლის რეაბილიტაციის პროცესი, ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს სამშენებლო ნარჩენების გატანასა და სამუშაოების მწარმოებლებთან შეთანხმებით ჩაერთნენ ძეგლის ნაწილის გაწმენდით სამუშაოებში. დასუფთავების აქციის შემდეგ მოსწავლეებმა წაიკითხეს კლუბური მუშაობის შედეგად დამუშავებული ნაშრომები ევროინტეგრაციის პროცესის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი თავიანთი დამოკიდებულების შესახებ. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსმა მირანდა ჩარკვიანმა და „საინფორმაცო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა საუკეთესო ნაშრომის წარმომდგენ მოსწავლეებს სერტიფიკატები და საინფორმაციო ცენტრის სახელმძღვანელოები გადასცეს და აღნიშნეს, რომ ნატოს კვირეულის ფარგლებში
პეტრას ციხის ტერიტორიაზე დაგეგმილი ეს აქტივობა სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგან მე-6 საუკუნეში უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანეს მიერ გაშენებულ ქალაქს დიდი ხნის მანძილზე შავი ზღვის ფორპოსტის დატვირთვა ჰქონდა. ამდენად, ასეთი ძეგლების მოვლა-პატრონობა და მათი პოპულარიზების მიზნით განხორციელებული ყველა აქტივობა უმნიშვნელოვანესია როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისათვის, ასევე სამოქალაქო სექტორისთვის და რაღა თქმა უნდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისათვის.