მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება „აჭარაში არც ერთი საარჩევნო უბანი შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული არ არის“…

„აჭარაში არც ერთი საარჩევნო უბანი შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული არ არის“…

429
0
dav

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე თვეზე ნაკლები დრო რჩება, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში დასრულდა საარჩევნო უბნების გახსნის პროცესი, დარჩენილ დროს კი საუბნო საარჩევნო კომისიები არჩევნებისთვის საჭირო ფორმალობებსა და უბნების მომზადებას მოახმარენ.

 

dav
dav

არის თუ არა საარჩევნო უბნები ყველა კატეგორიის ამომრჩევლისათვის ადაპტირებული, სად და რა პირობებში მისცემენ ხმას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებით? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად და ადგილზე არსებული რეალობის გასაცნობად „აჭარა P.S.“ ამჯერად ქობულეთის 81-ე საარჩევნო ოლქს ეწვია.

დავიწყებთ იმით, რომ ქობულეთში თავად საარჩევნო ოლქის შენობაა არაადაპტირებული, აქ არც პანდუსია, არც სხვა რაიმე დამატებითი საშუალება შშმ პირთა თავისუფალი გადაადგილებისთვის და უფრო მეტიც, შენობის მეორე სართულზე (სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობს) ასასვლელი კიბე იმსიმაღლეა, ხშირად განსაკუთრებული საჭიროების არმქონე მოქალაქეებსაც კი უჭირთ ასვლა…

21979409_1708498529191237_908966285_nსაარჩევნო ოლქში ჩვენს კითხვებს მდივანმა მაია გოგალაძემ უპასუხა: მხოლოდ 17 ადაპტირებული უბანი ქობულეთში გახსნილი 65 საარჩევნო უბნიდან, მათ შორის ქალაქში არსებული 25 უბნიდან – 7, ხოლო სოფლებში არსებული 40 საარჩევნო უბნიდან – 10. მათ შორის აღსანიშნავია ისიც, რომ ისეთი დიდი უბნები, როგორებიცაა: #13 სოფელ ბუკნარის, #41 ჩაისუბნის, #22 ქვედა დაგვას, #23 გვარას, #24 დაგვას, #26 კვირიკეს, #27ქვედა კვირიკეს, #36 ქაქუთის, #38 სოფელ ქობულეთის, სადაც 1000-დან 1500-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული (აღარაფერს ვამბობთ ქალაქზე), აბსოლუტურად არაადაპტირებულია შშმ პირთათვის – ასეთია რეალობა ქობულეთში.

როგორც საარჩევნო ოლქის მდივანი გვიხსნის, უბნების ადაპტირებისთვის ზრუნვა მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა, სწორედ ამ უკანასკნელმა უნდა გადასცეს საარჩევნო ადმინისტრაციას ისეთი ფართები, სადაც ყველა კატეგორიის ამომრჩევლის ფიზიკური შესაძლებლობები იქნება გათვალისწინებული, ასე რომ, ოლქი იძულებულია იმ რეალობით იმოქმედოს, რა რეალობაც მას ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეუქმნა.

მაია გოგალაძის აზრით განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ამომრჩეველს, რომელმაც ხმა არაადაპტირებულ უბნებზე უნდა მისცეს, ისღა დარჩენია მიმართოს თავისი უბნის საარჩევნო კომისიას და გადასატანი ყუთით სარგებლობა მოითხოვოს. ამ კატეგორიის ამომრჩეველს ასევე შეუძლია არჩევნებამდე არაუგვიანეს ორი დღისა, დაუკავშირდეს ოლქს (ამ შემთხვევაში ქალბატონი მაია თავის ტელეფონს: 591 10 17 44 გვთავაზობს) და დააფიქსიროს მოთხოვნა გადასატანი ყუთის სახლში მიტანაზე.

რაც შეეხება თავად უბნების აღჭურვილობას, როგორც მაია გოგალაძე აცხადებს, ცესკომ უკვე გადმოსცა ოლქს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების მიერ ხმის შეუფერხებელი მიცემისთვის საჭირო ნივთები და აღჭურვილობა – საარჩევნო ბიულეტენების შესავსები ჩარჩო/ფორმები უსინათლოთათვის, გამადიდებელი ლინზები მცირემხედველი პირებისთვის, ხმის მიცემის სპეციალური კაბინები ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლისთვის.

11751817_907604049282734_1682476282521576309_n ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ ქობულეთში (მთლიანად აჭარის რეგიონშიც) მოქმედი ერთად-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც წლების მანძილზე ევროკავშირის მხარდაჭერით ხანდაზმულთა პრობლემებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზეც მუშაობს, როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ნანა კალანდაძემ განგვიცხადა, ორგანიზაციის 400-ზე მეტი ბენეფიციარიდან დიდი უმრავლესობა მარტოხელა, უმწეო, საწოლსმიჯაჭვული ან ეტლით მოსარგებლე ღრმაასაკოვანი მოხუცია, ეს ადამიანები თავისთავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კატეგორიაში გადიან და არაადაპტირებული საარჩევნო უბნები მათთვის ყველა არჩევნებზე აქილევსის ქუსლად რჩება. აქედან გამომდინარე, როგორც ნანა კალანდაძე ამბობს, ორგანიზაცია ყოველი არჩევნების წინ აცნობს ბენეფიციარებს თავიანთ უფლებებს და უხსნის, რომ იმ გარემოში, რა გარემოშიც მათ ხმის მიცემა უწევთ, ერთად ერთი იმედი მხოლოდ გადასატანი ყუთია. „ღირსეული სიბერის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, ასოციაციის იურისტები, სოციალური მუშაკები და მოხალისეები თავიანთ ბენეფიციარებს ხშირ შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიებთან თავად უწევენ შუამდგომლობას გადასატანი ყუთის საჭიროებასთან დაკავშირებით.

21979301_1731133476930771_1655930724_n  არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ თავმჯდომარის თომა კაკაბაძის აზრით, საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელში საარჩევნო უბნები განთავსებულია სკოლებში, ბაღებში, ისეთი ორგანიზაციების შენობებში, რომლებიც არჩევნების შემდეგაც ფუნქციონირებენ, ამიტომ ეს შენობები ისედაც უნდა იყოს ადაპტირებული და მისაწვდომი ყველა პიროვნებისთვის. ხელისუფლებას შეუძლია არჩევნებამდე მოამზადოს ეს შენობები და გახადოს ადაპტირებული, ანუ ის არ უნდა ელოდებოდეს 2018 წელს, როცა ეს საერთაშორისო კანონმდებლობით გახდება სავალდებულო. საარჩევნო ოლქს უბნების მოსაწყობად ფართებს ადგილობრივი მუნინციპალიტეტი გადასცემს და ხშირ შემთხვევაში იგნორირებულია შშმ პირების კონსტიტუციური უფლებები. თომა კაკაბაძის აზრით, ის ე.წ. ადაპტირებული შენობები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში მიუშენებენ ან მიადგამენ პანდუსს, არც ერთ სტანდარტს არ პასუხობს, რადგან პანდუსების უმრავლესობას ისეთი დიდი დახრა გააჩნია, მექანიკური ეტლით ასვლა გამორიცხულია. მისივე განცხადებით, რატომღაც დამკვიდრდა ტენდენცია, რომ თუ შენობას პანდუსი აქვს, ის ადაპტირებულია, ამ დროს კი მარტო პანდუსი არ არის ადაპტირება და მარტო ეტლით მოსარგებლე – შშმ პირი. – „თუ კი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანი შენობაში დამოუკიდებლად შეღწევასა და გადაადგილებას ვერ შეძლებს, ეს ადაპტირება აღარ არის“ – აცხადებს კაკაბაძე და დასძენს, რომ ის, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე, კარგად იცნობს თითოეულ საარჩევნო უბანზე არსებულ მდგომარეობას და ცალსახად შეუძლია დაასაბუთოს, რომ არა მარტო ქობულეთის, არამედ აჭარის რეგიონის თითქმის არც ერთი საარჩევნო უბანი შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული არ არის.

ჯემალ მეგრელიძე

Без названия  სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.                                 ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად,                                                     ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.