მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარაში ფერმერებს მობილური შესაწამლი აპარატები გადაეცათ

აჭარაში ფერმერებს მობილური შესაწამლი აპარატები გადაეცათ

123
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ავთანდილ მესხიძესთან ერთად ფერმერებზე ტექნიკის განაწილების პროცესს დაესწრო. პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის 2018 წლის პროგრამის ,,მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა’’ – ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია ხელით შრომის შემსუბუქება, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ეფექტურობის ამაღლება, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება, რაც საშუალებას მისცემს ფერმერებს მოიყვანონ უფრო მაღალი ხარისხის მოსავალი. პროგრამით გათვალისწინებულია რეგიონის მემცენარეობის დარგში დასაქმებულ ფერმერებზე და აგრომეწარმეებზე თანაგადახდის პრინციპით (ღირებულების 20%) 2044 ერთეული მობილური შემასხურებელი აპარატების მიწოდება. „ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის ერთ-ერთი უმთავრესია სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი პროექტების განხორციელება, ფერმერებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა. ზუსტად ერთ-ერთი პროგრამის მიხედვით, რომელიც შეიქმნა უშუალოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ჩვენ შევიძინეთ 2000-ზე მეტი პორტატიული გადასატანი სპეციალური შესაწამლი აპარატი, რომელიც სჭირდება და გამოადგება ადგილობრივ მოსახლეობას. ამ აპარატების დარიგება თანადაფინანსების პრინციპით მოხდება, 80%-ს გადაიხდის პროექტი, პროგრამა და სახელმწიფო, მხოლოდ 20% იქნება ფერმერის გადასახდელი. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის წარმატება და დარწმუნებული ვარ მათ შორის ფაროსანასთან ბრძოლაშიც ეს აპარატები იქნება ეფექტური ჩვენი რეგიონისა და ქვეყნისთვის“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. ერთეულის ღირებულება 900 ლარს შეადგენს. ფერმერებისა და აგრომეწარმეების გადასახდელი თანხა თანაგადახდის პრინციპით შეადგენს 181 ლარს. აღნიშნული ტექნიკა გადანაწილებული იქნება რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბათუმთან შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებზე. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1 827 466 ლარს.