დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე იმყოფებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ხულოს ცენტრში დასუფთავების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის მთავრობის წევრები და მაჟორიტარ დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ესწრებოდნენ.
დღეიდან მუნიციპალიტეტის 40 სოფელში 90 ნაგვის ურნა განთავსდება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა სპეციალური ტექნიკით განხორციელდება.
პროგრამის მეშვეობით აჭარის მაღალმთიანეთში ხელოვნური ნაგავსაყრელების არსებობის პრობლემა მოიხსნება.
ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლებიდან მყარი ნარჩენების გასატანად ორი მაღალი გამავლობის სპეციალური ავტომობილი იმუშავებს. მათ შეძენაზე ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 300 ათასი, ხოლო ნაგვის ურნებისთვის 65 ათასი ლარი გაიხარჯა.
ხულოსა და მუნიციპალიტეტიდან ნარჩენებს ბათუმის ნაგავსაყრელზე კვირაში სამჯერ გაიტანენ.
დასუფთავების პროექტის გაცნობის შემდეგ, ოფიციალური პირები ჯერ ღორჯომის შემდეგ სხალთის ხეობას ეწვივნენ, სადაც მოსახლეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანები გადაეცათ. მთავრობის თავმჯდომარემ სხალთაში, პარალელურად განახლებული კულტურის სახლი გახსნა. სხალთის კულტურის სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის 2016 წლის პრიორიტეტული ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა.
სამუშაოებისთვის 159 157 ლარი იყო გამოყოფილი. კულტურის სახლში შეკრებულ საზოგადოებას ზურაბ პატარაძე მიესალმა და მთავრობის მიერ მაღალმთიანი აჭარის განვითარების გეგმის შესახებ ესაუბრა.
როგორც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რეგიონის ხელისუფლებისთვის მთა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების, მთის კურორტებისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით. დაგეგმილია ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება, რომლებიც მოიცავს როგორც ახალი სკოლების, ბაღების, ლოჯისტიკური ცენტრების, ისე გზების მშენებლობას.
დღესვე, ზურაბ პატარაძე სხალთაში მდებარე შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა და მუზეუმის ის ექსპონატები დაათვალიერა, რომელიც შერიფ ხიმშიაშვილის შთამომავლებმა 2002 წელს უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს.