იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ დიასამიძემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ასმათ დიასამიძის ბრალდებებზე საპასუხო განცხადება გააკეთა. პასუხი ენმ-ის სარჩელთან დაკავშირებით ინფორმაცია სასამართლოზე მიმართვის შესახებ ჩვენთვს მედია საშუალებით გახდა ცნობილი. რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის გაცემას, მთავრობის აპარატს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართავენ სხვადასხვა ორგანიზაციები, მოქალაქეები და არასდროს არ შექმნილა პრობლემა, მითუმეტეს სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაშიც ინფორმაცია მთავრობის აპარატის მიერ გაიცა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ვფიქრობთ, რომ სრული ინფორმაცია მივაწოდეთ იმ განცხადების საფუძველზე, რა განცხადებითაც მოგვმართეს. აქვე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ დაზუსტების მიზნით ქალბატონ ასმათს არ მოუმართავს მთავრობის აპარატისთვის. თუ მას დამატებით რაიმე ინფორმაცია ჭირდებოდა, შეიძლებოდა მარტივად განცხადების შემოტანა დაზუსტების თაობაზე. თუმცა ეს მოწმობს, რომ სასამართლოსთვის მიმართვა ამ შემთხვევაში პოლიტიკურ შინაარს ატარებს-განაცხადა ოთარ დიასამიძემ.