მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი 20 წლისაა… რაში მდგომარეობს სტაბილურობის საიდუმლო არასტაბილური ფინანსური ბაზრის პირობებში? გავაძლიეროთ და გავძლიერდეთ – ბერმელის წარმატების ფორმულა მედიატორში
გავაძლიეროთ და გავძლიერდეთ! – ამ ორი მაგიური სიტყვის ერთგულებით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი ქართულ საფინანსო ბაზარზე უკვე არსებობის 20-წლიან ისტორიას ითვლის.
20 წელი სათქმელადაა ადვილი, თორემ მოულოდნელობებით სავსე ჩვენს ყოველდღიურობასა და არასტაბილურ ეკონომიკურ პირობებში, მაშინ, როცა ხან დინების საწინააღმდეგოდ, ხანაც კი ბეწვის ხიდზე გიწევს გავლა, ეს დრო ორ საუკუნეს უტოლდება. ამ გზაზე, იუბილარი კომპანიის მენეჯმენტისა და ასეულობით თანამშრომლის თავდადება კანონთან შესაბამისობის, მომხმარებლის კმაყოფილების, გუნდის გაძლიერებისა და კომპანიის საქმიანობის გაზრდა-გაფართოებისათვის, ნამდვილი გმირობის ტოლფასია.
წარმატება კი თავისით არ მოდის, ამ ყველაფრის უკან უდიდესი შრომა, მრავალი უძილო ღამე და დიდი ძალისხმევა დგას, ასე, მუხლჩაუხრელი შრომით, მისხალ-მისხალ გროვდებოდა წლები ბერმელის მხრებზე და შედეგად რეგიონში შექმნილი ერთი პატარა კომპანია თანდათან ისე იზარდა, მთელ საქართველოს მიწვდა…
დაარსებიდან მოკლე პერიოდში, 2014 წელს ბერმელი უკვე იყო ერთ ერთი წარმატებული, მზარდი და პერსპექტიული საფინანსო კომპანია ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, რაც სათანადოდ აღინიშნა და დაფასდა კიდეც…
ასე იწერებოდა ქალბატონი ეთერ ბერიძისა და ბატონი ზურაბ მელიქიშვილის ოჯახში დაბადებული ხორცშესხმული იდეის, აწ უკვე ბერიძე მელიქიშვილთა დიდი ოჯახის – ბერმელის ისტორია, თუმცა წარმატებასთან ერთად იყო რთული პერიოდებიც – 2008 წლის აგვისტოს ომი, როცა ბერმელმა პირველი უმკაცრესი გამოცდა წარმატებით ჩააბარა, 2017 წელს კი ბერმელი საქართველოს მიკროსაფინასო ორგანიზაციების ხუთეულში იყო, მაგრამ კომპანიას ბოლო წლებში მოუხდა მძიმე საზედამხედველო რეგულაციების და ამ ფონზე წარმოშობილი მაღალი საბაზრო კონკურენციის, აგრეთვე გლადანის ფილიალში შექმნილი პრობლემის გადალახვა, რამაც გამოიწვია გარკვეული შეფერხება, მაგრამ სადაც პროფესიონალიზმი და რჩეული საქმის სიყვარულია, იქ არის სიმტკიცეც და სტაბილურობაც, ამიტომ ბერმელმა შეძლო გამოწვევებთან გამკლავება და თავისი 20 წლის იუბილეს ბევრად უფრო გამოწრთობილი შეხვდა.
კორპორატიულ საღამოზე, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ბერმელის ხელმძღვანელობამ ორგანიზაციის 20-წლიანი საქმიანობა შეაჯამა და ის თანამშრომლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს კომპანიის წინსვლასა და წარმატებაში, გულუხვად დააჯილდოვა.
წინ ახალი დასაპყრობი მწვერვალები და ახალი მიზნებია, მათ შორის, მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაზრდისა და მართვის ხარისხის სტილის გაუმჯობესებასთან ერთად, კომპანიის ხელმძღვანელობა მიიწევს უმთავრესი მიზნისაკენ, აქციოს ბერმელი დიდი ქართული საბანკო ოჯახის წევრად და ახალი ბრენდის – ბერბანკის სახელით დაამკვიდროს იგი საფინანსო ბაზარზე. საამისოდ ბერმელს უკვე ყველა წინაპირობა გააჩნია.