მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმის მერია ტურისტული სეზონისთვის ემზადება

ბათუმის მერია ტურისტული სეზონისთვის ემზადება

271
0

#ბათუმისმერია #ვზრუნავთბათუმზე ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით მერიის სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან. გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური ტურისტული სეზონის დაწყებამდე ქალაქის ტერიტორიაზე 450 ათასი ცალი ყვავილის დარგვას უზრუნველყოფს. რეაბილიტირებულ ქუჩებზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. რეკონსტრუქცია ჩაუტარდება გოგებაშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერს. ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო ქვაფენილის რეაბილიტაციის, ძელსკამებისა და ზოოპარკის ვოლიერების სამღებრო სამუშაოებს ახორციელებს. სააგენტო ასევე უზრუნველყოფს პარკებისა და სკვერების კეთილმოწყობასა და განახლებას. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო სეზონის დაწყებამდე დაასრულებს ველობილიკების გადაღებვისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს. ტურისტული სეზონისთვის სრულ მზადყოფნაშია შპს ,,სანდასუფთავება“. იგეგმება დამატებითი ბრიგადების მობილიზება. ნაგავშემკრები კონტეინერების დაცლა განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში. პლაჟების დასუფთავების მიზნით იქმნება დამატებითი ბრიგადები, დაემატება 40 ადამიანი. ბულვარის ტერიტორიაზე იმუშავებს სპეცტექნიკა – მტვერსასრუტები. ცხელი ამინდების დადგომისთანავე დაიწყება ქუჩების მორწყვა. დეზინსექცია – დერატიზაციის ღონისძიებები კი მაისიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით თვეში ორჯერ განხორციელდება. ტურისტულ სეზონზე საგანგებო რეჟიმში იმუშავებს ბათუმის დელფინარიუმიც. გაიზრდება შოუების რაოდენობა – ივლისის განმავლობაში, ყოველდღურად გაიმართება ორი შოუ (ორშაბათის გარდა), ხოლო ივლისის ბოლოდან სექტემბრამდე ყოველდღურად სამი შოუ ჩატარდება. ტურისტული სეზონის დაწყებამდე დაგეგმილია დელფინარიუმის შენობის ფასადის, სახურავისა და სკამების სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ 1 ოქტომბრიდან 13 ივნისის ჩათვლით, დელფინების შოუზე დასწრების ღირებულება მოსწავლეებისთვის შეადგენს 9 ლარს, ნაცვლად 15 ლარისა. ბათუმის ბოტანიკური ბაღის ქვედა პარკის ტერიტორიაზე ორი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება – ბაღის ქვედა პარკის ტურისტული მარშრუტის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და პარკის ტერიტორიაზე კომუნიკაციების მიწისქვეშ ჩატანა, ასევე, ვიდეოსამეთვალყურეო ქსელის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, ქვედა პარკში მოეწყობა ბეჭდური ბეტონის საფარი, ბილიკები მოიკირწყლება ბეტონის დეკორატიული ფილებით, პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა სამი მოსასვენებელი სივრცე, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უფასო WI-FI-ით, ასევე განთავსდება საბაღე დეკორატიული სკამები და სანაგვე ურნები. პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, მიწისქვეშ გატარდება ელექტრო და ოპტიკურბოჭკოვანი ქსელი. ქვედა პარკის ტერიტორიაზე დამონტაჟდება ახალი დეკორატიული საპარკე ტიპის განათების ბოძები და ვიდეოსამეთვალყურეო კამერები. მიმდინარეობს საინფორმაციო დაფებისა და მანიშნებლების განახლება. უახლოეს პერიოდში, ბაღის ავტოფარეხს 3 ახალი ელექტრომობილი შეემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის მიზნით ქუჩების გადათხრაზე ნებართვები აღარ გაიცემა. აკრძალვა 25 მაისიდან 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. რაც შეეხება ე.წ. ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციას, პროექტი აქტიურად მიმდინარეობს და ზაფხულის პერიოდშიც შეუფერხებლად გაგრძელდება. ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას სარეაბილიტაციო სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო.