ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ იტალიის რეგიონ მარკეს დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში ბათუმის მერს ქალაქ პეზაროს ვიცე მერი დანიელე ვიმინი, პეზაროს მერიის კულტურის საბჭოს პრეზიდენტი ილარო ბარბანტი და იტალიელი ბიზნესმენები შეხვდნენ. შეხვედრის ძირითად ინტერესს პეზაროსა და ბათუმს შორის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და შემდგომი თანამშრომლობის გზების მოძიება წარმოადგენდა. ვიზიტის ფარგლებში, იტალია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისა და უდიდესი იტალიელი კომპოზიტორის ჯოაკინო როსინის გარდაცვალებიდან 150 წლის იუბილის აღსანიშნავად, 24-26 ნოემბერს, ბათუმში „იტალიის კულტურის დღეები“ გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, დღეს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ბათუმის სახელმწიფო კონსერვატორიაში გალაკონცერტი ,,ვივა როსინი“ მოეწყობა. ღონისძიებაზე მონაწილეობას ის ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ, რომლებიც წლების წინ სწავლობდნენ ქალაქ პეზაროს რენატა ტებალდისა და მარიო დელ მონაკოს სახელობის საოპერო აკადემიაში. 26 ნოემბერს კი, დაგეგმილია მეორე კონცერტი ფესტივალ ,,მომავლის ვარსკვლავების“ გამარჯვებულთა მონაწილეობით.