15-16 ივნისს, ბათუმში დაგეგმილ „ზაფხულის ფესტივალზე“ ცნობილი ქართული ბენდები და შემსრულებლები იმღერებენ. „მგზავრები“, „სალიო“, „კახაბერი და ხანუმები“, „ანიკი“ ფესტივალის სტუმრების განწყობაზე სხვა მოწვეულ და ადგილობრივ ბენდებთან ერთად უზრუნებენ. ყოველწლიური ფესტივალი წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. ულამაზესი საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ საფესტივალო სივრცეში სტუმრებს საშუალება ექნებათ გაერთონ, დაისვენონ და მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დაესწრონ. ფესტივალი 18:00 საათზე, დრამერების შოუთი და პანტომიმის მსახიობების კოსტიუმირებული მსვლელობით გაიხსნება. მუსიკალური პროგრამის პარალელურად, რომელსაც ადგილობრივი და მოწვეული ბენდები წარმოადგენენ, ბავშვებისთვის ჩატარდება თითების თეატრი, სთრით არტი, ილუზიონისტების შოუ, თიხის ძერწვის მასტერკლასები და სხვა საბავშვო აქტივობები. ფესტივალის სივრცეში 15-მდე ლაუნჯი და კაფე-ბარი სტუმრებს საზაფხულო მენიუს შესთავაზებს. იქვე მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სივრცეც. ზაფხულის ფესტივალს წელსაც დაამშვენებს ფრანების შოუ. ფესტივალი გასული წლის მსგავსად ორდღიანი იქნება.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ბათუმი ზაფხულის ფესტივალის მოლოდინში /ვიდეო/