აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულმა „მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაცია“ საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ ფინანსური ხელშეწყობით 22 აგვისტოს, ბათუმში თაფლის ფესტივალს გამართავს. ფესტივალი რეგიონში პირველად ტარდება და მიზანად ისახავს აჭარული თაფლის ცნობადობის გაზრდას, მეფუტკრეობის დარგისა და სოფლად ტურიზმის პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე.
ფესტივალზე, რომელიც ბათუმის ბულვარში – კოლონადებთან 12 საათზე დაიწყება, წარმოდგენილი იქნებიან მეფუტკრე-ფერმერები აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტიდან. გაიმართება აჭარაში წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებასთან ერთად ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს ორგანიზატორები აჭარის მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გასართობ ღონისძიებებსაც შესთავაზებენ.