მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმი 25 ყაზახური კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლებს

ბათუმი 25 ყაზახური კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლებს

255
0

5-6 ივლისს ბათუმი 25 ყაზახური კომპანიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს სააქციო საზოგადოება „Kazakh Invest”-ის მმართველობის თავმჯდომარის მოადგილემ, მეიერჟან მაიკენოვმა შეხვედრის შემდეგ მიიღეს. შეხვედრა ზურაბ პატარაძესა და მეიერჟან მაიკენოვს შორის დღეს შედგა. სავაჭრო-საინვესტიციო მისიის მიზანი, რომელიც 5-6 ივლისს გაიმართება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოტენციალის გაცნობაა. მისიის ფარგლებში აჭარას ყაზახეთის 25 კომპანიის წარმომადგენლები ეწვევიან, რომლებიც ისეთ სფეროებს წარმოადგენენ, როგორებიცაა, მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, მშენებლობა, ფარმაცეფტიკა, კვება და ა.შ. გარდა ამისა, სავაჭრო-საინვესტიციო მისია ითვალისწინებს ვიზიტებს რეგიონის მსხვილ საწარმოებში და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრების გამართვას. ყაზახეთის რესპუბლიკის განვითარებისა და ინვესტიციების სამინისტროს სააქციო საზოგადოება „Kazakh Invest”-ის მიერ ორგანიზებული სავაჭრო-საინვესტიციო მისია საქართველოში 2 ივლისს ჩამოვა. 4 ივლისამდე ყაზახი ბიზნესმენები შეხვედრებს თბილისში გამართავენ.„ყაზახეთი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ყაზახური კომპანიები დიდი მოცულობის ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში. ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ ხელი შევუწყოთ ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას ჩვენს რეგიონში. ამას ემსახურებოდა საინვესტიციო ტური ყაზახეთის რესპუბლიკაში, რომელიც ჩვენ რამდენიმე თვის წინ განვახორციელეთ და ამასვე ემსახურება ყაზახური კომპანიების სავაჭრო-საინვესტიციო მისია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. გარდა ამისა, ეს იქნება საუკეთესო საშუალება რეგიონში მოქმედი ბიზნესისათვის ახალი სავაჭრო-საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ ყაზახეთის ბიზნეს წრეებთან“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ასტანაში გამოფენა EXPO-2017-ის ფარგლებში იმყოფება. ქართული პავილიონი ასტანაში ხვალ გაიხსნება. გამოფენაზე მოწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები და საქართველოს პრეზიდენტი. ეს საქართველოს პრეზიდენტის რანგში გიორგი მარგველაშვილის პირველი ვიზიტი იქნება ყაზახეთში. ღონისძიებაში მონაწილეობას 125 ქვეყანა და 18 საერთაშორისო ორგანიზაცია იღებს. “ASTANA EXPO-2017”-ის სლოგანია FUTURE ENERGY. მონაწილე ქვეყნებს საშუალება ეძლევათ წარმოაჩინონ თავიანთი ტექნოლოგიური და საინჟინრო მიღწევები, საინვესტიციო პოტენციალი, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ქვეყნის კულტურა, სოფლის მეურნეოდა და სხვა.გამოფენაში მონაწილეობა იძლევა ქვეყნის პოპულარიზაციის უნიკალურ შესაძლებლობას ყაზახეთის მასშტაბით და არა მხოლოდ; გაიცნოს მსოფლიომ საქართველო, როგორც სუფთა ენერგიის მწარმოებელი, საინვესტიციო გარემოს სიმარტივით და ხელშეწყობით გამორჩეული ქვეყანა, კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი ჩვენს ენერგეტიკულ და სატრანზიტო შესაძლებლობებს, ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს.