დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმის ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ახალი ყინულის არენა სპორტის სასახლის მიმდებარედ შენდება და ჭადრაკის მსოფლიოს ოლიმპიადის მსვლელობისას დამატებით სივრცედ იქნება გამოყენებული. ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე ყინულის არენა განკუთვნილი იქნება ფიგურული სრიალის, ჰოკეის, ციგურებზე მასობრივი სრიალის სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩასატარებლად, ასევე სხვადასხვა დღესასწაულების, კონცერტების და გამოფენების მოსაწყობად. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, სპორტის სასახლე, ახალი ყინულის არენა და ოლიმპიური საცურაო აუზი საერთო ჯამში შექმნის ბათუმის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურულ, ისე სპორტული ტურიზმის მიმართულებით განვითარებას. „სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმში იმართება ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება. მსოფლიო მასშტაბის ღონისძება შეიძლება დავარქვათ მსოფლიო ჩემპიონატს ჭადრაკში, 180-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა, 10 000-მდე სტუმარს ველოდებით რეგიონში. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი გამოცდა და გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ ბათუმი ღირსეულად დახვდება ოლიმპიადას. სპორტული ინფრასტრუქტურა დროულად დასრულდება. თქვენ ეხლა ხედავთ მიმდინარეობს სამუშაოები ახალი სპორტული კომპლექსის აგების თვალსაზრისით. ეს არის პროექტის მესამე ფაზა, გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს სამუშაოები. კლომპანიები მუშაოებინ 24 საათიან რეჟიმში, მარტის ბოლომდე ისევ ველოდებით „ფიდეს“ მაღალჩინოსნებს. მოხდება უშუალოდ ამ ლოკაციების ინსპექტირება. ჭადრაკის ჩემპიონატის შემდეგ აქ მოეწყობა მაღალი სტანდარტების საცურაო აუზი. ასევე ყინულის სასახლე. ჯამში ეს არის ჩვენი მომავალი, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ბათუმს ეყოლება ბევრი ტურისტი, მათ შორის სპორტული ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით“, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.