31 იანვარს, 10 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ „აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია“ აჭარისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან ერთად მართავს მეწარმე ქალთა პირველ ბიზნესფორუმს აჭარაში. მასში ოთხმოცამდე მეწარმე ქალი მიიღებს მონაწილეობას. ასევე მიწვეული არიან ადგილობრივი, რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციები.
ბიზნეს ფორუმის მიზანია ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკაში, კერძოდ კი, მცირე და საშუალო ბიზნესში, მათი ჩართულობის გაზრდით, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებით და ახალი ბიზნესკონტაქტების შეძენით.
ფორუმის თანაორგანიზატორები და მხარდამჭერები ასევე არიან რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობები და მათი ახალი მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“. „აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციამ“ მუნიციპალურ „ქალთა ოთახებთან“ პარტნიორობით უკვე დაიწყო მუშაობა სოფლად მცხოვრები ქალების მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართვისათვის. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მუნიციპალური ,,ქალთა ოთახების~ კოორდინატორებს ჩაუტარდათ ბიზნესგეგმისა და ბიზნესპროექტის წერის ტრენინგები, რამაც შემდგომში განაპირობა მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური აქტიურობა.
ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმი ხელს შეუწყობს ბიზნესში ჩართული ქალების ცნობიერების ამაღლებას ბიზნესის რეგულაციებზე და ქალთა როლზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში; მათ გაუჩნდებათ სტიმული და მოტივაცია გაიჩინონ ახალი ბიზნესპარტნიორები და განახორციელონ ახალი ბიზნესიდეები.
მეწარმე ქალთა ბიზნესფორუმი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ მიერ იმპლემენტირებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ფასილიტაციით ჩატარდება.