აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 24 იანვრის სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ხვიჩა შარაშიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ ეს ინიციატივა, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებსა და დაფინანსებას განსაზღვრავს. ცვლილება გამოწვეულია მაჟორიტარული ოლქების კონფიგურაციის ცვლილებებით.
ბიურომ ერთხმად დაუჭირა მხარი დადგენილების პროექტის უმაღლესი საბჭოს სესიაზე განხილვის საკითხს. საკანონმდებლო ორგანოს სესიაზე განიხილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შემადგენლობის არჩევის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 28 ნოემბრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც სხდომის მონაწილეებს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარუდგინა. მისი განმარტებით, ცვლილება ეხება საკანონმდებლო ორგანოს ორი კომისიის პერსონალურ შემადგენლობას – საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიებს დავით თარხან-მოურავის ადგილმონაცვლე „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ზაზა ოქუაშვილი შეემატება.