ჩვენი მედიაჯგუფი იწყებს ახალ პროექტს „თანადგომა“, რომლის მიზანია გამოავლინოს უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები, გააშუქოს მათი ყოველდღიური პრობლემები და მოუწოდოს საზოგადოებას თანადგომისკენ. სტატიები მიეძღვნება უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ მრავალი შვილი, მოხუცებული ან ავადმყოფი, არ გააჩნიათ საკუთარი ჭერი, აქვთ ყველაზე დაბალი სოციალური სტატუსი და ქულა, სჭირდებათ პროდუქტის, მედიკამენტების და მკურნალობის თანხები. ჩვენ ვაჩვენებთ საზოგადოებას ასეთი ოჯახებისადმი თანადგომის აუცილებლობას, პროექტის მიმდინარეობა გაშუქდება მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის ოფიციალურ ვებ.გვერდსა და „ფეისბუქის“ გვერდზე, ტელეკომპანიების: აჭარის პირველი ონლაინმაუწყებლისა და „ტვ 12“-ის ეთერში. მაშ ასე, შემოგვიერთდით!
გიგო ცივაძე. ის უკვე 33 წლისაა, სხვებისგან თითქოს არაფრით გამოირჩევა, უყვარს სიცოცხლე და ფიქრი, ოღონდ სხვაგვარად ფიქრი, რადგან ბუნებამ მას დიდი სატანჯველი მოუვლინა – დაბადებიდან დღემდე თითქმის საწოლსაა მიჯაჭვული და… სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვის… ოჯახს თუ კი რამ ებადა, ყველაფერი მის ჯანმრთელობას შესწირა, უკანასკნელი იმედი – საცხოვრებელი ბინაც გირაოში ჩადეს, გიგოსთვის წამლები რომ ეყიდათ, ვალი ვერ გადაიხადეს და არც მეტი, არც ნაკლები, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ… ახლა გიგო, დედამისი და თავისი ტყუპისცალი ძმა, ქობულეთის სტატისტიკის სამმართველოს შენობაში, ერთ ოთახში, სრულიად არაადამიანურ პირობებში არიან შესახლებულები, ოთახს არც კარი აქვს, არც ფანჯრები და არც სხვა ელემენტარული პირობები.
გიგო ასფიქსიაში დაიბადა, 3 თვის ასაკში მოხვდა ავტოკატასტროფაში და მისი ცხოვრება იმ დღიდან რადიკალურად შეიცვალა… შეაჩერა ზრდა – განვითარება, საჭიროებდა ძვირადღირებულ მედიკამენტოზურ მკურნალობას, დედას უკან არაფერზე დაუხევია, თუმცა მთავარი განსაცდელი თურმე ჯერ ისევ წინ იყო… ძლიერმა ტკივილებმა და არასასიამოვნო პროცედურებმა ბიჭის ფსიქიკა შეარყია, მას ექიმებმა შიზოფრენიისმაგვარი (ორგანული) ბოდვითი აშლილობა დაუდგინეს… როგორც სამედიცინო დასკვნაშია მითითებული, „პაციენტს აღენიშნება ტკეპნილი მეტყველება, გამოთქვამს სისტემატურ სომატურ ჩივილებს, ბოდვით იდეებს, აღენიშნება უსიამოვნო შეგრძნებები მთელ სხეულში, ამბობს, რომ თავი ეთიშება და ზოგჯერ სხეულს ვერ გრძნობს, სიტუაციის აღქმა არარეალურია“… მძიმე დაავადებიდან გამომდინარე აკვიატებული ფიქრებისა და აუტანელი საცხოვრებელი პირობების გამო, გიგოს არაერთხელ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა, ამიტომ დედა და ძმა იძულებულნი არიან მორიგეობით უდარაჯონ…
როგორც გიგოს დედა – გუგული ცივაძე გვიხსნის და სამედიცინო დასკვნაშიცაა მითითებული, პაციენტი მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებს, ამის გამო ოჯახის წევრები ვერ ახერხებენ სახლში მის მატრო დატოვებას და სამუშაოდ გასვლას და ხშირ შემთხვევაში ნახევრად მშივრები არიან…
თავად გიგოს დედაც ლეიკემითაა დაავადებული, თუმცა როგორც თვითონ გვიხსნის, საკუთარი თავის მისახედად ვერასდროს იცლის, პენსიისა და სოციალური შემწეობის ანაბარად დარჩენილ ოჯახს ეს შემოსავალი გიგოს სიცოცხლისათვის საჭირო მედიკამენტების შესაძენადაც კი არ ჰყოფნის, რის გამოც თვიდან თვემდე ვალებს ვალები ემატება. პრეპარატ სოლიანის ერთი აბი, რომელიც გიგომ დღეში ერთხელ უნდა მიიღოს, 4 ლარზე მეტი ღირს, ეს თვეში დაახლოებით 120 ლარია, აღარაფერს ვამბობთ სხვა წამლებზე, რომლებიც სისტემატურად სჭირდება მას.
ქალბატონი გუგული ცრემლებს ვერ იკავებს და გვეუბნება, რომ მისი პრობლემები კარგად იციან ადგილობრივ ხელისუფლებაში, დეპუტატებმაც, თუმცა მარტო სიტყვიერი და მორალური თანადგომა საკმარისი არ არის…
ჩვენი წერილის მიზანი გიგოს და მისი ოჯახის სატკივარის კეთილ ადამიანებთან მიტანაა, იქნებ გამოჩნდეს ვინმე შეძლებული, ვინც თუნდაც ერთჯერადად მაინც დაეხმარება ოჯახს და ამით ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს იმ დიდ ტკივილს, რასაც ისინი განიცდიან.