მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება დავით ჩხარტიშვილი: -„ეს სისტემა რესტრუქტურიზაციას მოითხოვს!“  

დავით ჩხარტიშვილი: -„ეს სისტემა რესტრუქტურიზაციას მოითხოვს!“  

2514
0

 რატომ ვართ ასეთ დღეში, ვინ შეგვაჩვენა, ნუთუ ასე რთულია სამმილიონიანი ქვეყნის მართვა ისე, რომ ამდენი გაჭირვებული და უმუშევარი არ გვყავდეს? რომ თანამდებობებზე ღირსებების და დამსახურების მიხედვით ინიშნებოდნენ და არა პირფერობისა და ნეპოტიზმის მიხედვით? საქართველო პატარა ქვეყანაა, მდიდარი ყველანაირი რესურსით, თუმცა ზოგიერთი წარჩინებული მეგაპოლისის ერთი უბნისოდენა. საერთოდ, როგორ გავიგოთ რა ხდება ჩვენს თავს და როგორ მივხდეთ თუ რანაირად მოვიქცეთ ამის მერე? ამ და სხვა კითხვებით პუბლიცისტ დავით ჩხარტიშვილს მივმართეთ:

– „თავგზიანობის უქონლობისას ეცემა ხალხი“-ო, ვკითხულობთ სოლომონის იგავებში. ჩვენს ნეოლიბერალებს არ უყვართ ეს ძველი ტრუიზმები. ჰგონიათ, რომ ანაქრონიზმია და კაცობრიობა მას მერე, რამენაირად წინ წაიწია რეფლექსიის ამ სფეროში. გულწრფელად სჯერათ, რომ თავად „პროგრესს“ ემსახურებიან. დანარჩენი „გრუზინები“ კი ბნელი რელიქტებია, რომლებიც უნდა გაანათლონ, ანდა სულაც გაანადგურონ. ოღონდ ეპოქა არ უწყობთ ხელს, ამიტომაც ჩაქოლვის ან დახვრეტის ნაცვლად აბულინგებენ, ანდა სულაც “сancel culture”-ს (უარყოფის კულტურა) მექნიზმებს იყენებენ. მერედა, დიდწილად ნეოლოგიზმებით გვესაუბრებიან, ეს კი უკვე სუბკულტურულ დონეებზე ზრდის ნაპრალებს და საუბარი, მუნჯს, ყრუსა და ბრმას შორის დიალოგს წააგავს.

– მეც, ეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიმაჩნია საქართველოსთვის და რა უნდა გავაკეთოთ ამ ნაპრალების ამოსავსებად, ასევე რას მოგვიტანს ეს?

– უამრავ სიკეთეს! სუბკულტურებს შორის იმდენად დიდი დაშორიშორებებია, რომ ერთმანეთის „კულტურულ კოდებსაც“ ვეღარ კითხულობენ და კაცი არ ფიქრობს ამის გამოსწორებაზე. სახელმწიფო, საგანმანათლებლო პროპაგანდა ან „დიდი იდეა“ როგორც საერთო, „ეროვნული კოდი“ აღარ არსებობს. ეს, რომ მოხერხდეს კონვენციალური ენის და მეტაორიენტირის კრისტალიზაცია. როგორც მაგალითად ილიას დროს, შემდეგ კი საბჭოეთის პერიოდში გამოგვივიდა. რის შედეგადაც, საქართველო ჯერ მენტალურად გაერთიანდა იმპერიის ფორმატში, მერე კი მოწინავე რესპუბლიკად იქცა საბჭოეთის მასშტაბით. დღეს კი რა გვაქვს? ის სუროგატები, რაც არსებობს სხვადასხვა ჯგუფში კვაზიიდეოლოგიებისა თუ ერზაცრწმენების სახით,  ვერ ახერხებენ რეალობის სწორ პრიზმაში გარდატეხას, არათუ მთელი ქვეყნისთვის ე.წ. „ზრდის წერტილების“ დანერგვას. ანდა როგორ? დიდწილად სოროსის ფონდის პროდუქტია ყველაფერი – აქედან ეს ზოგადეროვნული ჩაძირვები მითოლოგიაში, არქაულ ნაციონალიზმში და პროვინციალიზმში თუ მდაბიო, მემარცხენე ლიბერალიზმში. გამოკვეთაც კი ძნელია; საერთოდ რა ფორმაცია, რა აქსიოლოგიური სკალა დომინირებს დღეს საქართველოში, იმდენად არეულია ყველაფერი ერთმანეთში. პროევროპულობის ეტიკეტით ნაციონალისტები გამოდიან, პრორუსების მანტიით შავრაზმელები გვევლიებიან, ლიბერალების ეგიდით ნეოლიბერალები. აბა, მითხრას ვინმემ, რა კავშირი აქვს ლოკს თუ იუმს, პირობითად ბაია პატარაისთან? არაპირდაპირი კი ბატონო, როგორც ბიბლიას და პლეიბოის ჟურნალს გუტენბერგის დაზგასთან, მაგრამ რატომღაც ბაიას და მისნაირი კონტინგენტის პოზიციონირება ხდება როგორც ლიბერალების.

– ანეკდოტია, ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული სწავლება კაცობრიობის ისტორიაში დავიდა ამ დონეებზე.

– ტრაგიკომედია უფროა. მერედა, ნახეთ ერთი რა პატრიოტულ წვაში იმყოფებიან სექსუალური უმცირესობები, ასეთ რამეს ვგონებ ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ და ყველა ერთად, ეს სეგმენტი ორიენტალიზმითაა განმსჭვალული. რომელიც უკვე თავის მხვრივ, ან სიწითლეში, ანდა სულაც სიყავისფრეში გადადის, ხშირადაც ეზოთერიკაში და ა.შ.

– წმიდა წყლის პოსტმოდერნისტული სიტუაციაა. ატომიზირებული, ორიენტაცია აღრეული საზოგადოება გვაქვს ფაქტია, ჩვენ კი წლებია „ივერიის გაბრწყინებას“ ველოდებით და მოვესწრებით კი?

– აბსურდის ქვეყანას ვაშენებთ, რომელიც ვერანაირად ვერ გაბრწყინდება ამ ალგორითმით. რამდენიც არ უნდა ილაყბოს თამადებმა, და გინდ ასიათასიანი მიტინგები ატარონ „თავისფლების“ სახელით, ან დღედაღამ ილოცონ ტაძრებში. თუგინდ ირბინე ყოვედღიურად სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ოკუპაციის ზოლის გასწვრივ. მოკლედ, ამ პოსტმოდერნისტულ პროექტს თუ უახლოეს ხანებში ქართული მოდერნისტული პროექტი არ დაუპირისპირდა და მმართველმა ძალამ ახალი დოქტრინის მიღებით პარლამენტის დონეზე არ გაამაგრა, მართლაც ცუდადაა ჩვენი ქვეყნის საქმე.

– მასე რთულადაც არ უნდა იყოს საქმე. ასე თუ ისე არც ომია, ნელ-ნელა ეკონომიკაც ვითარდება, სააკაშვილის სასამართლო მიდის, მეგის ქარდავაც ციხეშია.

– არ ვაბუქებ, ვცდილობ მაქსიმალურად დელიკატური ვიყო. თუმცა მერწმუნეთ, საქმე ბევრად უარესადაა, ვიდრე ამის არაუშვერი ტექსტით აღწერაა შესაძლებელი. ამიტომაც, უფრო დაბალ დონეებზე აღარ მივდივარ, კონვენციალური ლექსიკონი  არ მეყოფა იმ უმსგავსობების აღსაწერად, რაც ხდება თუნდაც პროვინციების დონეზე. დავძენ მხოლოდ; აქ, საერთოდ კატასტროფაა და გნიასი, მიმიკრირებული უვიცებისა და მაამებლების. რომლებიც ყოვლად დაუმსახურებლად იკავებენ რეგიონებში საკვანძო თანამდებობებს. საშუალოზე დაბალი, დიდწილად პორტირებული ან სულაც აბაშიძისდროინდელი ოდიოზური ფიგურები. სხვის ნაბრძოლზე და ნაშრომზე მოსული მასა, რომელსაც ქვეშვრდომებად მათზე რუხი და უმაქნისი კონტინგენტი მოჰყავს „ტაიაშვილობის“ კრიტერიუმით.

– ვგონებ, როცა ზევით მოხდება კონცეპტუალურ დონეზე გადააზრება არსებული ვითარების, ქვემორე ავტომატურადაც დაეწყობა ყველაფერი. მაგიტომაც, ამ ეტაპზე რეგიონალური საქმეების გარჩევას დეტალურად აღარ შევყვეთ და მთავარ ხაზს დავუბდრუნდეთ აჯობებს. 

– გეთანხმებით, არ ღირს დაწვრილმანება, როცა ძალზე რთულ, მაგრამ უმნიშვნელოვანეს თემას ვეხებით. არ ვიცი რამდენად შევძლებ სწორ ფორმულირებას; ჩვენსა და რეალობას შორის ფილტრები არსებობს; დიდი იდეებისა, თუ იდეოლოგიების, ანდა კვაზიიდეებისა თუ რწმენების ფორმით.  ჩვენ – „ადამიანს“, როგორც ბიოლოგიურ არსებას, არ გვაქვს შეხება უშუალოდ რეალობასთან, მხოლოდ ამ ფილტრების მეშვეობითღა აღვიქვამთ ამა თუ იმ მოვლენას და პერსონას. რის შედეგადაც ჩვენი სოციალიზაცია და მოქალაქეში ტრანსფორმაცია ხდება ხოლმე უხსოვარი დროიდან. სიტყვაზე, დიდი იდეები და კონფესიები ათასწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა დიდი მასწავლებლების მიერ და ორგანულად ედებოდა ჩვენს ბიოლოგიურ ბუნებას, სწორედ რომ ამ ევოლუციურმა და რაც მთავარია, ორგანულმა პროცესმა დაბადა ადამიანი, ამ სიტყვის საუკეთესო და დიდი გაგებით. სოკრატე, ბუდა, მუხამედი, ხაიამი, ნიზამი, რუმი და გოეთე, ილია, რუსთაველი, რენესანსი, განმანათლებლების პლეადა და ა.შ., ეს ის „ბიფურკაციის წერტილებია“, რომლებმაც თანამედროვე ცივილიზაციის სახე განაპირობა და რომლის მოშლა სურთ გარკვეულ ძალებს „პროგრესის“ სახელით. არადა მოშალე, გამიჯნე ერთმათისგან და მხოლოდ ბიოლოგიაღა გვრჩება – როგორც ეს ისტორიის გარიჟრაჟზე იყო, სანამ აღმასვლას დავიწყებდით. აი ეს თანამედროვე სწავლებები, შექმნილია რომელიმე ჯგუფისა თუ კორპორაციის დაკვეთით კონკრეტული მიზნის მისაღწევად. ამიტომაც ისინი მხოლოდ ამრუდებს რეალობას, უკვე იმის გამო, რომ ხელოვნური და არაორგანულია.

– კარგად ვიცნობ მაგ ხალხს, პრინციპში რა ცნობა უნდა. დღეს ისინი დომინირებენ ქართულ პარტიულ ტელევიზიებში და მათი მთავარი მახასითებელი აგრესიული დოგმატიზმია. რომელიც, ცოტა არ იყოს მაშინებს. ასეა, როცა ერთი წიგნი გაქვს წაკითხული და ის გგონია ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია, ანდა ზედმეტად აკერპებ ვინმეს, როგორც ეს „მიშისტების“ შემთხვევაში გვხდება. სამყაროსაც შავ-თეთრ ფერში აღიქვამ ამ შემთხვევაში. მოკლედ, რამდენად დაცულია ზოგადად ის ხალხი, ვინც ჯერ კიდევ არ მოქცეულა მაგ კვაზიიდეოლოგიების გავლენის ქვეშ?

– არანაირად არ არიან! არ ეგონოს ვინმეს, რომ დაცულია ამ კვაზიიდეოლოგიებისგან. საქმე რაშია, რაც უფრო, ასე ვთქვათ „ლიბერალურად“ მოქმედებენ ეს იდეოლოგიები და მათი ადეპტები, მით უფრო ეფექტურია მანიპულაცია. რაც უფრო აგრესიულად, მით უფრო მეტი მერყევი ელემენტი ემხრობა. საპირწონე, თვითკმარი და „დიდი იდეოლოგია“ თუნდაც მმართველი ძალის მხრიდან არ ჩანს. ამიტომაც, ძალზედ სერიოზული, ღრმა საერთო ჰუმანიტარული მომზადება უნდა გაააჩნდეს პიროვნებას, რომ იმუნიტეტი ჰქონდეს მსგაზვსი ზემოქმდების ტექნოლოგიების მიმართ. სხვათა შორის, მთელი კაცობრიობის ისტორია ამის დასტურია. აგერ, „მიშისტებს“ და მათთან აფილირებულ ძალებს რომ მოეშვა, 1967 წელს, კალიფორნიაში მომხდარი ერთი სახასიათო ამბავი რომ გავიხსენოთ საკმარისია; ეს როდესაც ისტორიის მასწავლებელმა რონ ჯონსმა სკოლაში ექსპერიმენტი ჩაატარა და სამ კვირაში კლასი, აგრესიულ ფაშისტებად აქცია. ზიმბარდოს სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი აიღეთ თუნდაც, და უამრავი სხვა, რომლის სათითაოდ ჩამოთვლა და აღწერა, გასაგები მიზეზების გამო შეუძლებელია ახლა. რისი თქმა მინდა და, მსგავსი ექპერიმენტები უკვე 30 წელია მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში და უბედურება ისაა, რომ ჯერ არ ჩანს ლიდერი რომელიც ეტყვის „არას“ ამ ცდებს საქართველოს მოსახლეობაზე. ესეც არაფერი, მარტივად მოგვარდებოდა სათანადო ნების შემთხვევაში, რომ არა კიდევ ერთი პრობლემა რომელიც ამ პრობლემის მოგვარებას ართულებს. მარკ ტვენის არ იყოს – „ადვილია ხალხის მოტყუება, რთულია გადაარწმუნო ისინი, რომ მოატყუე“. რადგანაც კოგნიტიური შესაძლებლობები ცალკე აღებული საშუალო სტატისტიკური ადამიანების ძალზე შეზღუდულია; ისინი გულწრფელად ფიქრობენ, რომ თვითონვე აყალიბებენ საკუთარ აზრებსა და წარმოდგენებს, რომ თვითონვე ირჩევენ ღირებულებებს, არადა ეს იდეები მათ ჩამოუყალიბეს ჯგუფებმა და ქვეყნებმა, რომელთა ინტერესებში არც ამაყი, არც მებრძოლი, არც თვითკმარი, არც მშრომელი ქართველი არ შედის. თუნდაც ჩვენი ქვეყნის გაერთიანება სრულებითაც არ აწყობთ მაგ ძალებს. და არ ეგონოს ვინმეს, რომ ასეთი ჯგუფები მხოლოდ ჩრდილოეთითაა, სამხრეთითაც და დასავლეთშიც მრავლად არიან. წლებია ეს ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სამშობლოს წინააღდეგ მიზამნიმართულად მიმდინარეობს. ამიტომაცაა, რომ ყველა ქართულ სუბკულტურას თავისი გაგება გააჩნია მიმდინარე და ისტორიული მოვლენების, რომ წარმოდგენა არ აქვთ ფართო მასებს, თუნდაც 20- იანი წლების რეალურ ისტორიაზე.

– არადა მაგ პერიოდში უნდა ვეძებოთ დღევანდელი საქართველოს წარუმატებლობის მიზეზები და წარმატების რეცეპტიც. პირობითად კონსევრატორები, პირობითად ლიბერალებს და პირიქით უყურებენ როგორც უცხოს, მტერს და ესეც უარმაზარი პრობლემაა. ლიბერალების ერთ-ერთ უმსხვილეს და აგრესიული დოგმატიზმით გამორჩეულ სეგმენტს, ნეოლიბერალებს კი ჰგონიათ რომ რაღაც ახალს ამკვიდრებენ კონსერვატორებთან სამკვდრო-სასიცოცხლო ჭიდილში, არა?

– ასე ეგონათ სხვათა შორის მანქურთებსაც, ბანდერლოგებს, კომკავშირლებს, ჰიტლერიუგენდს, მერე ხუნვეიბინებს და ა.შ. ერის, დროის, სივრცის მიუხედავად ასეთი მექამზების გამოყენება ერთნაირად მოქმედებს ყველაზე. საქმე რაშია; იგივე ნეირონული კავშირების აქტივიზირება მიმდინარეობს ტვინში, რაც ათი და ასი ათასი წლის წინ. შესაბამისად, იგივე რეფლექსიაა, ოღონდ ონდავ უფრო კულტურულ კალაპოტში მოქცეული. ამ მხვრივ არაფერი იცვლება-თქო. ევოლუცია ძალიან კონსერვატიული პროცესია, აი, ეს არ ესმით ჩვენს ენჯეოებს, „მიშისტებს“ და ნეოლიბერალებს. ებრძვიან ყველაფერ ტრადიციულს. რიტუალს – არადა რიტუალი, წესრიგს ნიშნავს. თავად ბიოლოგია მოითხოვს რიტუალს და მაგიტომაც, როცა ქრება ერთი ტიპის რიტუალი, ჩნდება მეორე ტიპის კვაზირიტუალები. მათი, ნეოლიბერალურ-მიშისტური რიტუალები, რომელიც მათ „თავისუფლების“ გამოხატულება ჰგონიათ, არადა საბოლოოდ მხოლოდ ქაოსს იღებენ. ეს ყველაფერი, ანთროპოლოგიის ანა-ბანას არცოდნის გამოც ხდება.

– გამოდის, საკუთარი იდეოლოგიის მძევლები ხდებიან? არადა მასეთი დალტონიკები არ იყვნენ, დაინახავდნენ სხვა იდეოლოგიების და რწენების სილამაზესაც…

– უკიდურესობებშიც არ გადავარდებოდნენ და ეს ყველას ეხება; კონსერვატორი მაგალითად, ცოტა ფართოდ რომ აზროვნებდეს, არასდროს გადაიქცეოდა ობსკურანტისტად. რაც ხშირად გვხდება ქართულ სინამდვილეში. არც ლიბერალი ყოველ გაფაჩუნებაზე ქუჩაში სამიტინგოდ არ გავიდოდა. მერედა, მაგ სეგმენტების მასას რომ გავანებოთ თავი, ლიდერებს შეხედეთ. ამ ჩვენს ბიზნეს, პოლიტკურ კლასსა და ინტელიგენციის დაბეჩავებას. ამის მერე ვინმეს კიდევ უკვირს, რომ ასეთ დღეში ვართ? ზედაპირზე დევს მიზეზი, დანახვა არ გვინდა. რადგანაც დანახვას მოჰყვება ფიქრი ცვლილებებზე, ცვლილებები კი კომფორტის ზონიდან გამოსვლას საჭიროებს, რისთვისაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, ე.წ. სუბპასიონარები, მზად როდია. პასიონარული ნაწილები კი ზოგი ერთ ნარატივში, ზოგი მეორე მითში ცურავს. მოკლედ რომ ვთქვათ, სისტემის ნაწილებია. სისტემას კი რომელმაც ეს ვითარება შვა, ვერ შეცვლი და ეს ჩემი მოგონილი არაა, დევიდ იუმის დროიდანაა ცნობილი. ამიტომაც ერთი მოლოდინიღა მაქვს ამ გარემოებებში; როგორც გარედან მოგვახვიეს ეს სისტემა, ისე გარედანვე თუ შეიცვლება.

– როგორ, როცა ასეა მიშვებული დინება, ვინ შეძლებს ასეთ მამულიშვილურ საქმეს?

– სოფოკლეზე უკეთ ვის ესმოდა დრამატურგიის კანონები? ჰოდა, მაგიც კი ასეთი ჩახლართული სიუჟეტების გახსნისთვის მიმართავდა ე.წ. “Deus ex machina” ხრიკს, ანუ „ღვთაებრივ მანქანას“. პიესის ფინალში გამოჩნდებოდა ხოლმე მოწყობილობა და გმირებს თუ ანტიგმირებს, მასოვკას, ზოგს ზეცაში, ზოგს კი ტარტაროსში მოისროლებდა. ასეა აქაც, ჩვენს შემთხვევაში, ივანიშვილი მისი ექვსი მილიარდით, სამ მილიონიან ქვეყანაში, ლამის „ღვთაებვრივი მანქანაა“ და მასვე თუ შეუძლია, მისი ირიბი შემოქმედების დალაგება. ისე, როგორც ეს ახალ რეალობას შეესაბამება. ეს, ასევე შეუძლიათ იმ ძალებს, რომლებიც თავის დროზე შეთანმხდნენ მისთვის ხელისუფლების გადაცემაზე და იზამენ კიდევაც. უბრალოდ ბევრად მტკივნეულად და დიდი ბიძგებით მოხერხდება ეს ტრანზიტი ამ შემთხვევაში. რაც ქართველი ხალხის ინეტერესებში ნამდვილად არ შედის.

– მესმის რასაც მიანიშნებთ; დღეს ნათელია რომ თორმეტში, ხელისუფლების ცვლილება, სავარაუდოდ რაღაც დათქმებით მოხერხდა. მეც ამით ვხსნი პირადად „ოცნების“ კოალიციურ რეჟიმად წარდგენას მაშინ და „მიშისტებითა“ თუ ნეოლიბერალებით გადატენვას…

– მართალია! ახლა კი, ახალი შეთანხმებისთვის ემზადებიან და ეს აღარ უნდა იყოს ნეოლიბერალებით გადატენილი „ოცნება“ და მით უფრო, ისეთი სიტუაციური და დეიდეოლოგიზირებული გაერთიანება, როგორიც აქამდე იყო. ამავე დროს, ჟანრის მიხედვით, მასთან აფილირებული სხვა ბევრი ძალაც გამოჩნდება – დროა! საქმე რაშია ახლა, გახსოვთ ხრუშოვის რევიზია საბჭოური სისტემის. მან სტალინის კულტის დეკონსტრუქცია მოინდომა, თუმცა ფუნდამენტს, ლენინიზმს ხელი ვერ მოჰკიდა. თუმცა, სწორედ რომ მაგ ზედნაშენის მოშლა არ აპატია ისტორიამ და საბოლოო ჯამში ლენინიზმიანა ჩამოიშალა საბჭოური სისტემა. ასეა აქაც, ამ ისტორიული მაგალითის ექსტრაპოლაციას თუ მოახდენთ დღევანდელობაზე, ნათლად დაინახავთ რომ ივანიშვილმა კი მოახერხა სააკაშვილის რეჟიმის დეკონსტრუქცია, მაგრამ საფუძვლებს, ანუ რაზეც იდგა „მიშიზმი“, კულტს, ფენომენს, ხელი არ ან ვერ მოკიდა. აი, ახლა ზუსტად ის მომენტია, როცა უნდა ჩაერთოს საქმეში ივანიშვილი ისევ და „მიშიზმის“ სრული დეკონსტრუქცია მოახდინოს. რადგანაც არა მხოლოდ სისტემა მოითხოვს რესტრუქტრიზაციას, არამედ გარე ფაქტორებიც კარნახობს ცვლილებებს ფუნდამენტურ დონეებზე და ეს ჩვენი პატარა, ლიმიტროფი ტიპის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. არადა, შესაძლოა ჩაგვიყოლონ, თუ „მიშიზმის“ ნატამალიც კი დარჩა ამ ქვეყანაში.

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე