წინარე, X-ეპიზოდის დ) ნაწილში გვითხარი რომ, ხელახალ არჩევნებს მიესალმები რამოდენიმე პირობით; მმართველი ძალა ახალი დოქტრინით უნდა წარსდგეს ერის წინაშე და კადრებზეც გადაიხედოს. და რომ არაა ნორმალური, როდესაც მცოდნე, ივანიშვილის ხაზის კომპეტენტური მხარდამჭერ-გამტარებლები, წერა-კითხვის უცოდინარი „შანტრაპით“, ანდა სულაც გადაღებილი სოროსელებით ნაცვლდება. ისიც, რომ უსასტიკესი ანტიკორუფციული კამპანიაა წამოსაწყები მთელი ქვეყნის მასშტაბით და რომ ბევრი სხვა რამეცაა გასაკეთებელი, მაგრამ დანარჩენზე ღია ტექსტით ვერ გვეტყვი. გაუგებარი აქ, ორი რამაა დავით; პირველი, – რატომ არ ასრულებს ბიძინა ივანიშვილი იმ პარტოკრატების ეპოქას, რომლებმაც მიიყვანეს საქმე აქობამდე? განა, თვალშისაცემი უწიგნურობა, მიმიკრია, უკიდეგანო პირფერობა, „ცალი კალოშით მოსულების“ წარმოუდგენელი გამდიდრება სახ_მოხელის რანგში და ა.შ., არ უნდა გამხდარიყო საკმარისი მიზეზი, ფუნდამენტურ-სისტემური ცვლელებებისთვის? მეორე, და ამომწურავი ფორმულირებისთვის, ლინკონლნის აი ეს სიტყვები, ვგონებ ზედგამოჭრილი იქნება უკეთესი ფოკუსირებისთვის გზავნილზე, – „მე მტკიცედ მჯერა ხალხის. თუ სიმართლეს ეტყვით, შეიძლება დაეყრდნოთ მათ ნებისმიერ ეროვნულ კრიზისში. მთავარია, რეალური ფაქტები მივიტანოთ მათთან“. იმის თქმას ვცდილობ, რომ სახელმწიფო ორგანიზების სფეროში, უმნიშვნელო არ არსებობს, და მაგიტომ ამ ლინკოლნისეული მიდგომით უნდა იყოს განმსჭვალული ნებისმიერი დეტალის განხილვაც კი. რადგან – ნახევრად_სიმართლე, ანდა საქმის გამფუჭებელი პასუხისმგებელი პირების სახელ-გვარების არ_თქმა კრიზისულ სიტუაციაში, უფრო ზიანის მომტანია, ვიდრე სრული სიმართლე, რომელსაც არიდებ თავს …
- ცრუ შთაბეჭდილება შეგექმნა ჯემალ; თუ ვერიდები რაღაც ნიუანსების გამხელას, ხომ გაგიგია გამოთქმა, – „არწივი ბუზებზე არ ნადირობსო“ და იქნებ, იმის გამოც ხდება ასე, რომ მეათეხარისხოვან მნიშვნელობას ვანიჭებ სიმპტომატიკას. რადგან, მთავარი აქ ისაა რომ, – ციკლში წამოჭრილი საკითხები მკითხველს, ადგილობრივი რეალობის და მიმდინარე გლობალური პოლიტიკური პროცესის მთლიან, ურთიერთ_განმაპირობებელ და მეტადრე მართებულ აღქმაში ეხმარება. ასევე, გამოსავალის დანახვაში! მერედა, რომც წამოგყვე, – ჩავშალო საკითხი მაგ დონეებზე მაქსიმალური დეტალიზაციით. წინარე, ქრესტომატიული ტიპის ფილოსოფიურ-პოლიტიკური პუბლიცისტიკა, რომელიც შიდა და გარე ტენდენციებს აშუქებს „by default“, საგამოძიებო ჟურნალისტიკით ჩავანაცვლო, ანუ საზრისების გენერაცია, – ინფორმაციით-თქო. ან/და სულაც, მამხილებელ მანიფესტად ვაქციო, სადაც სახელ-გვარები და ფაქტები იქნება წამოწეული წინა პლანზე, რას მივიღებთ ამით? არც არაფერს, რადგან პრობლემა არა ზედნაშენში და ცალკეულ ატომებშია, არამედ იმაში, რაზეც ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვსაუბრობ, – სტრუქტურაში მთლიად და არაადეკვატურ რეაქციებში გამაღიზიანებლების მიმართ! თან, მერამდენეჯერ და პირდაპირ ვეუბნები საქართველოს მთავრობას, თუგინდ ეზოპესეული ენით შიგადაშიგ, – რომ ძველი მეთოდები აღარ მუშაობს! რომ იგნორირება დაგროვილი პრობლემატიკის, რაგინდ მტკივნეული იყოს მათი გადაწყვეტა, არ შეიძლება! რადგან მეტადრე რთულ ფორმებს ღებულობს აკუმულირებული ნეგატივი გარემოებების გათვალისწინებით და მათი მხრიდან ტაქტიკური წაყრუება აშკარა დივერსიებზე, მომხვეჭელობაზე, არაპროფესიონალზმზე და ა.შ., საბოლოო – სტრატეგიულ მიზანზე მიღწევის გამო, არაა გამართლებული! სიტყვაზე, – ნამდვილად დიდებული მიზანია და კარგად მაქვს გაცნობიერებული, თუ რა არის ეს. ასევე, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული მასთან მიმავალი ლიდერი თუ პარტია, და რომ „სცილასა და ქარიბდას“ შორის უწევს ქართულ სახელმწიფოს გავლა. მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიზანი როდი ამართლებს შერჩეულ ტექნიკურ საშუალებებს. მეტსაც და მეტადრე გულწრფელად გეტყვი, – ამათთან მიმართებაში ენაზე მიტრიალებს ხოლმე, ტალეირანის ცნობილი ვერდიქტი ბურბონებს. რომ „ვერაფერი ისწავლეს ამდენი გაკვეთილიდან და კი ამთავრებენ შესაბამისად“_ო. მაგრამ, ჯერ-ჯერობით მაინც არ ვკარგავ იმედს, და ქე ხედავ, თუ რა წვეთი წყლის სიჯიუტით ვცდილობ სიტუაციის გამოსწორებას.
- კეთილი დავით, მაგრამ გეტყვი პირდაპირ, რომ მე ვერ დამარწმუნე და სხვები არ ვიცი; ასეა თუ ისე, დავუბრუნდეთ X_ეპიზოდის ბ) ნაწილში დაანონსებულს. კერძოდ, თუ რა არის სინამდვილეში ევროპული ცივილიზაცია და დანაპირებისამებრ ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით გავშალოთ ეს საკვანძო მომენტიც. თან წავიმძღვაროდ „ликбез“_ი, ცხონებული პროფესორ ამირან კახიძის შვილის, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველის, ისტორიკოსს ემზარ კახიძის სოც_ქსელში გამოქვეყნებული სახასიათო რეპლიკით; „რა ზედაპირული წარმოდგენა აქვთ ამ ტელეწამყვანებს დასავლეთზე, თურმე მარტო აქაურ დემოკრატიაზე ზრუნავენ, ვითომ არ არსებობს ახლო_აღმოსავლური პრეცენდენტები ან ლათინურ_ამერიკული წარსული გამოცდილება. ბუნებრივია, ურჩევნიათ რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს, მაგრამ თუ ეს არ მოხერხდება საკუთარი გეოსტრატეგიული ინტერესი მათთვის პრიორიტეტულია“_ო. მიხვდებოდი, თუმცაღა მკითხველს მაინც განვუმარტავ რომ, ეს პასაჟი „ფრეიმინგისთვის“ მესაჭიროება. ანუ, რომ უკეთ გამოჩენილიყო, თუ რის გამო მრუდდება ჩვენი დიალოგი ხოლმე, და რომ ქართულ სატელევიზიო სივრცეში გაბატონებული აი ამ ტიპის „მიშისტური“ აგიტ_პროპის გამო, იძულებულნი ვართ შევიტანოთ კორელაციები ჩვენს ნარატივშიც. გზადაგზა ჩიხებს მივადგეთ-თქო, აქცენტირება განტოტებაზე ვაკეტო, პარალელურ სიუჟეტებში გადავუხვიოთ და ა.შ. მოკლედ, კითხვის მეტადრე რთული არქიტექტონიკის და სპეციფიკის გათვალისწინებით, შორიდან დაწყებას გთავაზობ, – რადგან ისტორიულ ჭრილში ჩაყვინთვის და „საზრისების სივრცეში“ გაბატონებული მემარცხენე ლიბერალური იდეოლოგიის დეკონსტრუქციის გარეშე, არაფერი ღირებული გამოვა. მით უფრო, არ მოხდება ამ ჩვენი დიალოგის დოქტრინალურ დონეებზე ასახვა …
- ნუ, მაქსიმუმ პლატონის გამოქვაბულის მობინადრეების დარად ჩრდილების აღწერით შემოვიფარგლები. ავღმოჩნდები სიტუაციაში, როდესაც ვერც შეპირებულ ახალ დოქტრინის მონახაზს შევთავაზებ საქართველოს მთავრობას, ვერც არსებული სტრუქტურის რეალურ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ანატომიას დავანახებ რიგით მკითხველს და მაშინ რა გაეწყობა ნაკისრი მისიის ასეთი უიღბლო ჩავრდნისას? ვხუმრობ ჯემალ, რადგან არ არის ამის თეორიული შანსიც კი (იღიმის). კი, ურთულეს ამოცანას შევეჭიდეთ ნამდვილად, რადგან აზროვნების ისეთ კლინიკურ ფორმასთან გვიწევს ჭიდილი, როგორიცაა ლიბერალიზმის თანამედროვე ფორმა, თან ქართული პარანოიდალურ-მიშისტური სპეციფიცით. ასევე, რთულია ამის კეთება იმის გამოც რომ, – ჩამოყალიბებული, პრაქტიკული მოდელი და მწყობრი თეორიული ალტერნატივა მაგ ფინაჩი სწავლების არ გაგვაჩნია. მაგრამ, შეუძლებელი აქ არაფერია მაინცდამაინც, და მით უფრო ჩვენი გამოცდილება-შემართებით (იცინის). ესღაა, კიდევ ერთი შედარებით შემაბრკოლებელი პრობლემა, რომ ფაქტობრივად, საუბარი გვიწევს ერთი ლიბერალური მატრიცის პირობებში. იმ დროს, როდესაც ტრადიციონალისტ-კონსერვატიული ტიპის მზა მატრიცას ვერ ვთავაზობთ რეალობაში არსებულ და ხელშესახებ ნიმუშად. რაც ართულებს ფორმულირებას და მეტადრე მინდობილ-დამოკიდებულს გხდის ცალკული მკითხველის ფანტაზიაზე. ასევე, მსოფლაღქმის და მაღალი აბსტრაქციებით აზროვნების უნარზე. აი, რაც იყო მაგალითად, და თან სისტემურ დონეებზე, – საბჭოეთის და ფაშიზმის სახით მე-20 საუკუნის განმავლობაში. წყობა-ფორმაციის ჩინური ვარიანტი კი, ჩვენსგან კულტუროლოგიურად ძალძე შორსაა, რომ მისაბაძ, ანდა სამუშაო ორიენტირად ივარგოს. მინდა სწორად გამიგოს მკითხველმა, – კი არ ვთავაზობ მას ლიბერალიზმის ალტერნატივად ამ წყობებს, უბრალოდ მაგალითად მომყავს იმის, თუ როგორ გაგვიადვილდებოდა საქმე, რომ მემარცხენე ლიბერალიზმის დარი, ან/და მასეთივე სისტემურად მწყობრი, მაგრამ ნეო_ტრადიციონალისტურ პარადიგმაზე მორგებული მმართველობის ფორმა რეალუარად არსებობდეს. მაქითკენ კი მიდის, – მაგრამ გამარჯვებამდე ბევრია გასაკეთებელი, და ჯერ ერთი ხალხი, მერე რესურსი მოსაზიდი …
- ეგღაა მანუგეშელი დავით, რომ მარტონი არ ვართ გარჯაში, და ჩვენს გარდა სხვა, ბევრად წონიანი წრეებიც მუშაობს არსებულ პრობლემაზე; თუგინდ პატრიკ დენინს, ნოტრ-დამის უნივერსიტეტის პროფესორს, პოლიტიკურ კონსერვატორ-თეორეტიკოს დავესესხოთ აღებული გეზის მართებულობაში. იდეოლოგიის დარგში, დონალდ ტრამპის ეს უაღრესად ავტორიტეტული მრჩეველიც ამბობს რომ, – „ლიბერალიზმი, ესაა წამალი ავადმყოფობისგან, რომელიც თქვენ ნელ-ნელა გკლავთ“. ამიტომ, ამერიკის პარალელურად და ყოველგვარი კომპლექსების გარეშე გავაგრძელოთ საქართველოსთვის იდეალური მმართველობის ფორმის ძიება. ბოლო-ბოლო, ჩვენ ხომ აქ, ფაქტობრივად დაზვერვას ვაწარმოებთ ბრძოლით და პრეტენზია, ჭეშმარიტების უკანასკნელ ინსტანციაზე სულაც არ გაგვაჩნია. ასევე, ვცდილობთ კულტურულად და მსოფლმხედველობრივად მოვუმზადოთ ნიადაგი იმ ახალს, რაც უცილობლად დამკვიდრდება ადრე თუ გვიან საქართველოში დომინანტ დისკურსად. მართალი ხარ იმაშიც რომ, – თუგინდ არ იყო მზად მწყობრი სისტემის წარდგენისთვის საბოლოო ვერსიით – მაგ დიდებული საქმისთვის, მაქსიმალური რაოდენობის წესიერი და ჭკვიანი მოქალაქეების მოზიდვა იმ საერთო პლატფორმაზე, სადაც განუწყვეტლივ იმუშავებენ ახალი ანტი_ლიბერალური დოქტრინის გაჩენაზე ჩვენს ძალებს არ აღემატება. დავსძენდიღა ბანალობით, – ეს რომ არ გაკეთდეს ევოლუციურად, ბოლოს მოხდება რევოლუციურად. რადგან, უნდა თუ არა ვინმეს ქართული ისტებლიშმენტიდან – საერთაშორისო ტრენდია კონსერვატიმზი …
- სხვათა შორის, მაგიტომაცაა ინგლისურენოვან და არა რუსულ სამყაროში, სიტყვა “disruption” ზე_პოპულარული დღეის მდგომარეობით (რედ. ანუ, „ძველის დანგრევა და მისი ახლით ჩანაცვლება“). რაც, სხვა თვალსაჩინო ნიშან-ფაქტორებთან ერთად, ვეღარ აძლევს დაინტერესებულ პირებსა თუ ორგანიზაციებს აქ, – მონათლონ კონსერვატიზმის ეპოქის გარიჟრაჟი მორიგ რუსულ პროპაგანდისტულ ფანდად. იგივე, – კონსტიტუციიდან ჯერ ვერ_ამოღებულ, 78 მუხლზე დაყრდნობით „ლეგიტიმურად“ ებრძოლონ „მოსკოვის ხმას“ ჩვენი სახით და „რუსულ ხელისუფლებას“ (იცინის). მოკლედ, ხნულების ცოტაოდენი დაძაბვა გვმართებს ყველას, შემდეგ ვოლუნტარისტული ბიძგი, მას მერე თამამი იდეოლოგიური გარღვევა და …
- ანალოგიურად ვხედავ პროცესს დინამიკაში მეც დავით, და ბოლოში თუ რა გამოგვივა, ეგ არ ვიცი. ხოდა, მთელ ამ „პაზლში“, ჩემთვის გასაკვირი კიდევ ერთი რამაა; მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებების, „ტრამპიზმის“ ტრიუმფალური მსვლელობის მიუხედავად, ქართული მეინსტრიმულ_პარტიული მედია, მასზე აყოლილი ისტებლიშმენტის უდიდესი ნაწილი, ჯიუტად ქადაგებს იგივეს, რასაც ლამის მთელი ეს პოსტსაბჭოთა წლები და რატომ ხდება ასე? ისევ ტყუილი იმის მაგიერ, რომ სიმართლე თქვან „a-la ლინკოლნისეულ“ სტილში და ლინკოლნის დარად დაეყრდნონ ხალხს ეროვნულ კრიზისში. მერედა, – მთავრობაც რომ ყოყმანობს და მინიშნებებით შემოიფარგლება ჯერჯერობით, აი ეს რაღაა? მაგალითად, „შეჩერებაზე“ და „ღირსებით სვლაზე“ საუბრობს, ახალ დოქტრინაზე მუშაობა-დეკლარირების ნაცვლად და ა.შ.
- ეს კითხვა მეც მაქვს მათ მიმართ; უკვე აშკარაა, რომ მიმდინარე მოვლენების, სოც_ქსელებისა თუ სხვა ალტერნატიული, არა_ლიბერალური საინფორმაციო წყაროების შეუზღუდავი არსებობის პირობებში და გათვალისწინებით. მასებში, აი ეს ძველი მითოლოგემები ნატოსა და ევროკავშირზე, ლიბერალურ სამოთხეზე, ჩამოშლილ რუსეთზე, ჩამორჩნილ აზიაზე და ა.შ., – ვეღარ აღზძრავს, იმ სიმძლევრის ტალღას, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ჯერ კატარზისისთვის და შემდეგ ფერისცვალებისთვის ესაჭიროება. რის გარეშე – ვერც რუსთან დალაგდები, სოხუმ-ცხინვალსაც ვერ დაიბრუნებ, ვერც სოფელს და წარმოებას ააღორძინებ. ზოგადეროვნული კატასტროფა, „მიშიზმ-ზვიადიზმის“ რეინკარნაციის სახით კი, და შემდგომი ქაოს-ოკუპაციით, გარდაუალია!
(გაგრძელება იქნება)
ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე