წინა, მეათე ეპიზოდის, ვ ნაწილში, დიალოგი ევროპული ცივილიზაციის არსზე შეჩერდა; მომენტზე, თუ როგორი არის ის სინამდვილეში და რამდენად რელევანტურია ეს ქართულ წარმოდგენებთან. კითხვაზე, – მართლაც ხომ „აღთქმული მიწა“ არაა, რომ „ცალ ფეხზე ვიხტუნოთ“, დავბრმავდეთ და დავყრუვდეთ, რათა შეღწევის უფლება მოვიპოვოთ მანდ. პარალელურად, საინტერესო დრამატურგიით ვითარდებოდა მოვლენები საგარეო მიმართულებითაც. კერძოდ, – „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, მუშაობა შეჩერდა ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში …
- ბარემ, ვისარგებლებ რა შემთხვევით, – ტრადიციისამებრ ოდნავ გადავუხვევ ძირითად თემას და ორიოდე აბზაცით, ჩემს მოქალაქეობრივ პოზიცია-შეხედულებასაც მოვახსენებ მკითხველს ამ ინციდენტის გარშემო; ნამდვილად არასასიამოვნო საყურებელი იყო ევროპელების უტიფრობაზე. მაგრამ შინაარსობრივად, ეს ბევრად ცუდი ამბავია საბჭოში მოკალათებული ევრო_ბიურაკრატიისთვის, ვიდრე ჩვენთვის. რადგან, თუ ასე გაგრძელდა, ეს რუდიმენტი მალე საერთოდ შეწყვეტს არსებობას. თუგინდ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ევროპის საბჭო უბრალო დუბლირებას ახდენს ევროკავშირის ფუნქციების და ევროკავშირის ხელმძღვანელობა დიდი ხანია რაც მსჯელობს მის გაუქმებაზე.
- ისე კი, ცნობისთვის ვეტყოდი მკითხველს რომ, ევროკავშირის წევრების გარდა მაგ ორგანიზაციაში, რამოდენიმე სახელმწიფოღა იყო გაწევრიანებული, – რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო და ლიმიტროფი მოლდოვა. ახლა კი, როდესაც რუსი გასულია, თურქეთ-აზერებაიჯანს საერთოდ არ აინტერესებთ ევროპელების აზრი და „BRICS”_ში გასაწევრიანებლად ემზადებიან, – ევროპის საბჭოს აღმზრდელობითი მისიაც ქრება!..
- ნუ, დამატებით ტრამპ-მასკის ეფექტზე და ვენსის ეპოქალურ „სპიჩზე“ მიუნხენის კონფერენციაზე რომ აღარაფერი ვთქვა, ვგონებ ეს ფაქტიც საკმარისია თავად ევროპისთვის სავალალო სურათის დასანახად თემაში დეტალურად ჩაუხედავი მკითხველის მხრიდან. შესაბამისად, სანერვიოლოც აქ არაფერია და ჰერმან ჰესსეს არ იყოს, როდესაც ამბობს – „ისწავლეთ სერიოზული დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც იმსახურებს სერიოზულ დამოკიდებულებას და იცინეთ დანარჩენზე“_ო. ჩვენც ღიმილით და სტოიკური სიმშვიდით შევეგებოთ საქართველოს მტრების მიერ „სუვერენული დემოკრატიის“ მშენებლობის გზაზე დაგდებულ ამ კენჭ-подлянка_ს (იცინის). თუგინდ სხვა რაკურსით, ძენ-სწავლების ტრადიციაში გავითავისოთ, და ნათლად დავინახავთ მიზანთან მიმართებაში რაოდენ უმნიშვნელო გაუგებრობას აქვს ადგილი. მერედა, გააჩნია რის გამო ვიტუქსებით ამ ხუხულის მხრიდან. დაე არ ჩამეთვალოს სნობიზმში, და ჯერ კიდევ „ანტიგონეში“ გვხდება მოსაზრება, რომ არის მეფის და ღმერთების კანონი. „ანტიგონე“ კი, მოგეხსენება საერთო ევროპული კულტურული კოდია და სწორედ რომ მაგ პატერნის თანახმა, – კარგი კაცი ან/და ღირსეული საზოგადოება ყოველთვის ირჩევს ღმერთების კანონს!
- და აი ეს „დოქსა“ ჩემო დავით (რედ. ძვ. ბერძნული δόξα საყოველთაოდ მიღებული მოსაზრება), სისხლითაა დატანილი ფილაზე by default, ანუ მეტა_ორიენტირია იუდეველ-ევროპული ცივილიზაციაში, არა?
- დიახაც; სწორედ რომ იმ სიმბოლურ და საკრალურ ერთობაში, რომლის არსს ეტყობა ვერა და ვერ ითავისებს გარკვეული კლასტერის „შპანა“ აქ. ფორმალიზმს დაყაბულებული, ევროპას – „Wizz Air“_ით მგზავრობას, კლუბში ტინგიცობას, ნარკოტიკებით თრობას, გემბლინგს თუ ეიფელის კოშკის ფონზე ფოტოების გადაღებას რომ უტოლებს და ა.შ. ანუ, ცუდი მეფის არაბუნებრივ მოთხოვნებზე არდამორჩილებას კანონიკური ხასიათი აქვს ევროპულ ცივილიზაციაში-თქო. ასე რომ, ვინ ვის სჯის მანდ და მით უფრო უფლის თვალში მართალი ვინაა, პირადად ჩემთვის კითხვის ქვეშ როდია. ჩაიხედონ სოფოკლეს ნაშრომებში ბოლო-ბოლო, ანდა სულაც მათ გურუს, ლევან ბერძენიშვილს დაეკითხონ. ეს ბოლო პასაჟი, რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით (იღიმის).
- სადარდებელი მართლაც არაფერი ყოფილა მანდ; სერიოზულად კი, შემდეგ საკითხს მინდა მივუდგე დავით; არაერთხელ გაგისვამს ხაზი რომ, ე.წ. დიდი საზრისების ეპოქა დასრულდა 90-იანებში. და რომ ერთად ერთი, იმ მომენტისთვის დარჩენილი გლობალური მოდერნისტული პროექტი, რომელსაც კიდევ შეეძლო მასშტაბური საზრისების გენერირება გარდაიცვალა საბჭოთა კავშირის გაქრობასთან ერთად. ამგვარად დადგა ე.წ. „უდროობის ხანა“, რომელსაც ფრენსის ფუკუიამამ „ისტორიის დასასრული“ უწოდა და ა.შ. მეტიც, ტრადიციონალისტების ისეთმა გამოჩენილმა წარმომადგენელმა, როგორიცაა რენე გენონი ამ ეპოქის შესახებ საერთოდ გვაუწყა რომ, “ჩვენ რეალურად შევაბიჯეთ ფინალურ ფაზაში. ბნელი ეპოქის უბნელეს პერიოდში, როცა ლპობის პროცესში მყოფი სამყაროს გადარჩენა მხოლოდ კატაკლიზმს შეუძლია, რადგან აღარ დარჩა მისი ხსნისა და განახლების სუფთა გზა. სამყარო ფერფლიდან უნდა აღდგეს”_ო და ა.შ. ხოდა, სანამ დაიწყებდე-თქო მაგ და წინარე პერიოდის ახსნა-განჯადოებას, მინდა შეგახსენო რომ, ჩვენი დეკლარირებული მიზანი ამ ციკლში, სწორედ ასეთი „დიდი საზრისის“ ძიება-რეანიმაცია, და საქართველოზე მორგება იყო. ანუ, ჩვენი პატივცემული მკითხველისთვის შეპირებული ისტორიის შესაბამისი რაკურსიდან მოყოლით, თანამედროვე სიცრუის ონტოლოგიის დეკონსტრუქციაში დახმარება და ქვეყნისთვის საგზაო რუკის სახით ალტერნატიულ პროექტის დადება გვქონდა და გვაქვს განზრახული. რასაც გზა და გზა გადავუხვევდით ხოლმე და რისი გაკეთება შეჯამებისას რეკომენდირებული ნამდვილად აღარაა. თუნდაც, წმიდა სტილისტური თვალსაზრისით და ა.შ., – რომ არ გადავღალოთ მკითხველი-თქო. ბოლო-ბოლო, ზომის გამო ისეთ შედევრებს როგორიცაა ციცერონის „ტუსკულანური საუბრები“ და სენეკას „მორალური წერილები მეგობარ ლუკილიუს“ აღარ კითხულობს ხალხი და მით უფრო ჩვენს ტრაქტატს არ ეზიარება კაცი ამის გამო. დაბოლოს, დავიზღვიოთ მაინც თავი და კიდევ ერთხელ შევახსენოთ მას, რომ არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნია ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაზე. რომ ყველაფერი აქ მოსმენილ-წაკითხულიდან, მხოლოდ ვერსია იქნება ისტორიის და მიმდინარე მოვლენების შენეული ინტერპრეტაცია …
- დავსძენდიღა ჯემალ; მთლიანობაში, მაქსიმალურად მიუკერძოებული ისტორიული ექსკურსი და გულწრფელი საუბარი მეგობრებს შორის გზაგასაყარზე მდგარი ქვეყნისთვის მეტადრე საჭირბოროტო საკითხებზე. რომლებიც არავის ახვევს თავს შეხედულებებს და სხვა დანარჩენთან ერთად, დიალოგ-დისკურსების გაფართოვებისაკენ მოუწოდებს ქართულ საზოგადოებას პარტია-კლასტერების მიღმა. ასევე ცდილობს ძალზე დელიკატურად გამოიყვანოს ის მთვლემარე მდგომარეობიდან.ჰმ, მონუმენტალურ ამოცანას კი შევეჭიდეთ ისე (იღიმის).მოკლედ, როგორც არ უნდა განვმარტოთ პროლოგში, საბოლოო ჯამში მაინც მკითხველის შესაფასებელია მასზე შეთავაზებული, აი ეს ჩვენეული სუბიექტ-ობიექტური მეტა_ნარატივი. ამიტომაც შორიდან, კერძოდ ე.წ. „ღერძული დროიდან“ დავიწყებდი. ეს საჭიროა, რომ მკითხველთან ერთად დეტალურად გავიარ-გადავღეჭო იმ მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის ყველა რგოლი, რომლბმაც მიმიყვანა წინარე პროეტქტამდე. მაშ ასე, – დავესესხები მიგნებას, რომელიც იასპერსის „ისტორიის დასაწყისი და დანიშნულება“_ში აღმოვაჩინე; ჩვენთვის საინტერსო ამბების ათვლა იწყება სწორედ რომ მაგ პერიოდში, დაახლოებით 900 – 200 წლებში ძველი წელთაღრიცხვით. რადგან, თუ მაქამდე ადამიანები და ღმერთები „ერთად“ ცხოვრობდა, ანუ ერთიან მითში-თქო და შესაბამისად კოორდინატთა ერთიან სისტემაში თანაარსებოდა, – რომელშიც იერარქია, ზედა-ქვედა, კარგი-ცუდი, კეთილშობილი-ქვენა და ა.შ. არ არსებდა. ნუ, ასე ვთქვათ „ჰორიზონტალურ სამყაროში“ და პარალელურ რეჟიმში თანაარსებობდნენ-თქო, – სადაც ღმერთები ადამიანის თანამებრძოლები, ნათესავები, მეტოქეები და მეგობრები იყო მხოლოდ და არა მისაბაძი ნიმუში და ორიენტირი. მოკლედ, რაღაც კოგნიტიური რევოლუციის დარი ხდება მაგ პერიოდში და იბადება ახალი სამყარო – ყველა რელიგია და ფილოსოფია იმ სახით, რა სახითაც ჩვენ მათ დღეს ვცნობთ. ასე მაგალითად, – კონფუცი, ლაო ძი, ბერძნული ფილოსოფია, ებრაელი წინასწარმეტყველები და ა.შ., ყველაფერი ეს მაგ ეპოქის პროდუქტია ცნობისთვის. ჰორიზონტალი ჩანაცვლდა ვერტიკალით და …
(გაგრძელება იქნება)
ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე