– ვგონებ, შეზღუდული საგაზეთო ფორმატის მიუხედავად შევძელით და წინა, IX_ა) / _ბ) ეპიზოდებში ქართული პოლიტ-მედიის უდიდესი ნაწილის და გარე ძალების მიერ კულტივირებული; პირობითად, – ე.წ. ევრო-ატლანტიკური გეზის მაქსიმალური დემისტიფიკაცია მოვახდინეთ. მათი უშუალო კურატორების – თეთრი სახლის ახლანდელი ადმინისტრაციის მრავალწლიან, ძირგამომთხრელ როლზე ვისუაბრეთ მიკიბ-მოკიბვის გარეშე და ფუნდამენტურ დონეებზეც გავაშიშვლეთ მათი რეალური მოტივაცია-მიზნები. თან, მმართველ პარტიაში მაქციების ჩანერგვის მექანიზმები გავშიფრეთ, როლი და მოქმედების მოდელ-ალგორითმი ავღწერეთ. ახლა კი ოდნავ წა_ვუტრირებ დავით, მაგრამ ყველა იმ თეზისსა და კონცეპტს, რაც ამ ციკლში გამოვიყენეთ გლობალური, ე.წ. „ომის პარტიის“ ზრახვების, არგუმენტაციისა, თუ ხედვების გაქარწყლებისთვის, ერთ წინადადებაში რომ მოვუყარო თავი, დაახლოებით შემდაეგნაირად გაიჟღერებდა; „ეს იყო გულახდილი საუბარი აშშ-ს უნიკალურ ღვაწლზე, ჩვენი სამშობლოს კულტურულ-სოციალური ყოფის დეგრადაციაში, დეინდუსტრიალიზაციასა & მასობრივად ჰიპერ_ვესტერნიზირებული იდიოტ-მომხმარებლების გაჩენა-გატრენდებაში და ა.შ.“ აი, ეს მაქსიმა ნახევრად ხუმრობით, რა თქმა უნდა და …
– ხუმრობა იქით იყოს ჯემალ, და წინარე ციკლის მეშვეობით მართლაც მნიშვნელოვანი ამოცანა გადავწყვიტეთ; გაზეთ აჭარა P.S.-ის საიტის გავრცელების არეალში მაინც. რომელიც, ხაკერული თავდასხმების სამიზნედ კი იქცა ამ საუბრების დამძიმების პარალელურად და მეტიც, „facebook“-ის ცენზურა შლის ჩვენს დიალოგებს გამოქვეყნებისთანავე. მაგრამ, გარდა ამ ხარვეზებით მომუშავე ელექტრონული საშუალებებისა, ხომ ბეჭდური ვერსიაც გაგვაჩნია და აი, უკვე ამ მამა-პაპურ ველზე, აშშ-ს საელჩოს საცეცები ვეღარ მოგვწვდება. ასევე, შევახსენებდი ერთგულ მკითხველს რომ, როგორც კი დასრულდება ეს ციკლი, ტექსტი წიგნის ფორმას მიიღებს და უკვე აქ, უძლური იქნება სრულიად სახ-დეპი (იცინის). ისე კი, ეს არეალიც არც თუ ისე მცირე რაოდენობის პასიონარ, განათლებულ და რთულად მოაზროვენე მოქალაქეს მოიცავს. რაც სავსებით საკმარისია, თუგინდ შენელებული, მაგრამ ქართული სახელმწიფოსთვის საჭირო იდეების ინდოქტრინაციისთვის გადაწყვეტილებების მიმღებ წრეებში. ამიტომ, ვისარგებლებ რა შემთხვევით, და კიდევ ერთხელ ვთხოვ მათ, რომ მეტი გულდასმით მოეკიდონ ჩვენს მიერ წამოწეულ უმნიშვნელოვანეს საკითხთა განხილვას. შენს წარმოთქმულ პროლოგზე კი დავძენდი რომ, სწორედ იმ მეტა-ნარატივის დეკონსტრუქცია მოვახდინეთ წინარე ციკლით, რომელსაც დეკადებია ახვევდნენ საქართველოს მოსახლეობას და ამყოფებდნენ კიდეც ამ გულისამრევ სიმულაციაში. ჩვენ კი ლამის პირდაპირი მნიშვნელობით დავუმტვრიეთ საქართველოს მოქალაქეებზე საგულდაგულოდ მორგებულ-გამრუდებული ოპტიკა უშუალოდ იმათ, ვინც შენივე მოსწრებული ფორმულირების არ იყოს, – „პასუხისგებელია ჩვენი სამშობლოს კულტურულ-სოციალური ყოფის დეგრადაციაში, დეინდუსტრიალიზაციასა და მასობრივად ჰიპერ_ვესტერნიზირებული იდიოტ-მომხმარებლების გაჩენა-გატრენდებაში“. დაბოლოს ავღნიშნავდი რეფრენად; დეტალიზირებულთან, ისეთი ხარისხით მიახლოვებული მინიშნებებით და ოპტიკით მოვახერხეთ ეს, რომ იმ საერთო საქმეზე, რასაც ზეპარტიულ, „ანტიმიშისტურ მოძრაობა“ ჰქვია ზოგადად, რამენაირად არ გვევნო. ანუ, მეტადრე დელიკატური მიდგომა გამოვამჟღავნეთ.
– რაც, ამ ეტაპზე საკმარისად კი მიიჩნიე, იმისათვის რომ, პასუხისმგებელ პირებს და ძალოვნებს, ამ ჩვენს დიალოგებზე დაყრდნობით მყისიერი რეაგირება მოეხდინათ. მაგრამ ვატყობ, ეს შენი ხავერდოვანი ტონალობა და დელიკატური მინიშნებები, არ დარჩა საკმარისი პრობლემის მოსაგვარებლად. ხოდა თუ მასეა და მეთანხმები, ისიც ითქვას მაშინ ამ დასკვნით ეპიზოდში, და ბარემ მანიფესტირების დატვირთვაც რომ ჰქონდეს; ხდებოდა და ხდება ყველა ეს უმსგავსობა, ასევე უამრავი გადაღებილი „კონიუკტურშიკის“ გამო ვერტიკალში და არა მხოლოდ აშშ-ს ჩარევის გამოისობით. ანუ, სახელწმიფოწარმოქნელ ინსტიტუტებში მაქციების, ვაჭრების, ძველი რეჟიმების ოდიოზურ-კორუმპირებული ფიგურების სიმრავლის გამოც-თქო. ჰმ, რაღა შორს ვიარო და, ანგაჟირებულ სოც-კვლევებს დავეყრდნო. ბოლო-ბოლო პოპულარული გაზეთის და დამოუკედებელი ტელევიზიის მთავარი რედაქტორ-დირექტორი ვარ და წლებია სოციუმის მაჯისცემაზე მიჭირავს ხელი. შესაბამისად, მშვენივრად ვიცი, რომ ჩვენი მკითხველი, ჩემი მეგობრების უმეტესობა და ეს დიდი წრეა, გაოგნებული შეჰყურებს „საკადრო პოლიტიკაში“ გაბატონებულ ტრენდს. ჰოდა ვგონებ, აი, თუნდაც იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ რა მეტამორფოზა გველის უახლოეს ხანებში, და გველის ეს ფუნდამენტური ტრანსფორმაცია უცილობლად საერთაშორისო ტენდეციების წყალობით და ა.შ. იქნებ დადგა-თქო იმის დრო, რომ სახელ-გვარების დასახელებასაც აღარ მოერიდო დავით. რადგან, თუ ადრე ეს კატასტროფული ვითარება ამ კონკრეტულ სფეროში „კოლექტიური დასავლეთის“ ხრიკებს და ქართულ „deep state“-ს გაიძვერობას ბრალდებოდა, დღეს ის უფრო ინერციით და უპასუხისმგებლობით ხდება. სხვათა შორის, ისევ ივანიშვილის, კალაძის და კობახიძის აღიარებას თუ დავეყრდნობით, ეს ასეა და რამე კონცეპტუალურად ახალს, არც ჩვენ ვამბობთ. პრინციპში, მაგალითებიც იმდენია, „ოცნებიდან“ „ნაცებში“ გადაბარგებული VIP-პერსონების და მათი წვრილფეხა მიმდევარი კადრების უეცარი „გამიშისტებისა“, რომ ამ პრობლემაზე წაყრუება ვერანაირად გამოვა.
ასეთი დესტრუქციული ელემენტის არსებობა ვერტიკალში, ყველა დროის და სივრცის თანმდევი გვერდითი ეფექტია. არაბუნებრივი იერარქია და დაუმსახურებლად აღზევებული ლექი, როგორც წესი დომინანტი ტენდენციაა, როდესაც სისტემური მიდგომა არ არსებობს. ანდა, ემბრიონალურ დონეზეა ინსტიტუიონალური თვითშეგნება ე.წ. ელიტებში და მით უფრო მძაფრდება ეს პრობლემა, საზოგადოებრივი ტრანსფორმაციების პერიოდში. მაგალითისთვის, აშშ-ს სამოქალაქო ომის გმირის, გენერალ ჯონ სალივანის მეტაფორით განვარტავ; „რაც უფრო მაღლა ძვრება მაიმუნი, მით უკეთ ანათებს მისი წითელი უკანალი“-ო. მიგვესადაგება, რადგან ისიც მსგავს, ქვეყნის ტრასფორმაციის სიტუაციაში ცხოვრობდა, და ჩვენსავით გაოცებული შეჰყურებდა, თუ როგორ მიძვრება სხვის ნაბრძოლ-ნაშრომზე ათასი ჯურის მიმიკრირებული, „халяв“-ის მოყვარული მედროვე ვერტიკალში.
– ექსტრაპოლაცია მკითხველს ნამდვილად არ გაუძნელდება. საკმარისია მიმოიხედოს, არა?
– Увы (იღიმის), და მოკლედ, შეიძლება ვიკამათოთ მათ დოზირებაზე ამა თუ იმ ეპოქაში, ხარისხზე ამა თუ იმ ქვეყანაში, გავლენებე და ა.შ., მაგრამ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს მაინც იქნება ამა თუ იმ ფორმით. მერედა, არაერთხელ გვისაუბრია მინიშნებებით ამ საკითხზე და შენიშვნას კი ვიღებ შენსგან. თუმცაღა, ბოლომდე ვერ მოგყვები და ქე გითხარი, თუ რატომ ვარიდებ თავს მეტ კონკრეტიკას. დავსძენდიღა, რომ დაუშვებელია ყასაბივით იმოქმედო მიკროქირურგიაში. ანუ, ამჯერზეც სტრატეგიული მოთმინება გვესაჭიროება-მეთქი.
– განა არ მესმის, რომ სიფრთხილე გვმართებს, ისტორიული თვალსაზრისითაც ესოდენ მნიშვნელოვან, მორიგი „ბიფურკაციის წერტილის“ მონაკვეთში. მაგრამ, აი როგორც კეთილსინდისიერი მოქალაქე ვერ ვიღებ რა, ამ შენეულ, ცივ არგუმენტებს a-la პოზიტივისტურ სტილში და მომკალი.
– მესმის ესეც; გულანთებული, პატრიოტი ქართველისთვის რთულია დუმილი დაოს-ეულ მანერაში, როდესაც ხედავს თუ როგორ უხრავს ეს უტიფარი, ყველაფრის მკადრებელი კატეგორია სამშობლოს და შვილების მომავალს…
– განა მხოლოდ მიმდინარე პერიოდში ხდება, და დეკადებია რაც ასეა. გარდამავალ დროშასავით გადადიან ერთი წყობიდან მეორეში, მხოლოდ ერთი დანიშნულებით – პირფერობითა და ტაშის კვრით რომ საკუთარი ქონება გაათმაგონ ბიუჯეტის ხარჯზე…
– რა არის აქ გასაკვირი, ჩვეულებრივი სვავებია რა, ბუნებით „მარადიორები“. მერედა, ამ სხვის ნაბრძოლ-ნაშრომზე თან, ისეთი გონორებით არიან წამოსკუპებულნი – ვითომცდა რამე ღვაწლი მიუძღოდეთ, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დამარცხებაში. ჰმ, ანდა სულაც რაიმე ტიპის სხვა სამოქალაქო სიქველის მატარებლები იყვნენ. მოკლედ, პრობლემა არახალია-თქო, – იყო, არის და იქნება. წარმოიდგინე და, ლეგენდარული რეფორმატორი სოლონიც წუხდა ამის შემხდვარე. კერძოდ კი, სამ კატეგორიად ჰყოფდა ის საბერძნეთს; პირველ კატეგორიას, მის გულწრფელ მომხრეებს, თანამებრძოლებს ის მოიხსენიებდა ხოლმე, საბერძნეთის ღირსეულ შვილებად. მეორე კატეგორიასაც, იმის მიუხედავად რომ მისი პოლიტიკური ხაზის წინააღმდეგი იყვნენ, საბერძნეთის ღირსეულ შვილებად თვლიდა მაინც. რადგან ხედავდა, რომ მათაც უნდოდათ წარჩინებულ საბერძნეთში ცხოვრება, ოღონდ სხვა, თავისებური წარმოდგენა ჰქონდათ საბერძნეთის მოწყობა-მომავალზე და ეგაა. მესამე კატეგორიას კი, საბერძნეთის ნამდვილ მტრებად მოიხსენიებდა. აი იმ გაიძვერა ხალხს, პირველ და მეორე კატეგორიასთანაც რომ იყვნენ სიტუაციურად და სინამდვილეში, საბერძნეთის ბედი სულაც რომ არ აინტერსებდათ. მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე რომ ზრუნავდნენ პერმანენტულად, და სამშობლოს უბედურებებზე ხელის მოთფობას, დოვლათის დაგროვებას რომ ცდილობდნენ სოლონამდე, სოლონის დროს, სოლონის შემდომ და ჩვენამდე…
– სწორედ რომ ამ პერსპექტივიდან ვარ მომხრე იმისა, რომ ითქვას სათქმელი ბოლომდე, რადგან მაინც ითქმება და მოეკითხებათ სათითაოდ მალეღა. კერძოდ, როდესაც არასასურველი შედეგი და შეცდომბის კეთილსინდისიერი ინვენტარიზაციის დრო დადგება.
დიახაც ითქმება (!), იქამდე კი მეც ვიტოვებ დუმილის უფლებას. ანუ, იმ მომენტამდე, როდესაც ეს „არასასურველი შედეგი და შეცდომბის კეთილსინდისიერი ინვენტარიზაციის დრო დადგება“ (იღიმის). რადგან დიდი საქმე, არ უნდა გადავაყოლოთ პატარას, ტექნიკურ საკითხს იდეა, ნარატივებს დისკურსი და ა.შ. ჭადრაკში, „გამბიტის“ პრინციპი ხომ გახსოვს ჯემალ, – ვთმობთ მცირეს, რათა დიდს „მატი“ დავუსვათ და არა კომბინაცია, არამედ პარტია დავასრულოთ ჩვენს სასარგებლოთ. აი ეს ნიუანსები კი თავის მხრივ, ბევრად მნიშვნელოვანია „სახელ-გვარების“ დასახელებას ახლა. რადგან, სწორედ რომ ეს არის ის დიდი პრობლემა ქართულ სოციო_პოლიტიკურ ველზე, რომელიც აპირობებს სინამდვილეში ასეთ უსუსურობას, არათანმიმდევრობას და უსისტემობას მანდ. ანუ არამც ინერცია, ან სახ-დეპი, ელემენტარული სიხარბე, სიბრიყვე თუ არქაული ნეპოზტიმი ან ტრაიბოლიზმი და ა.შ. (იცინის) / აი, ესაა და არა სხვა რამ, რის გამოც ეს ველი განიცდის სისტემური აზროვნების ნაკლებობას, ჰიპერ-ემოციურ ჭრილში ატარებს უახლეს ისტორიას, და მიმდინარე მოვლენებს სადღეგრძელო-მედუქნების პრიზმაში აღიქვამს.
ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე (გაგრძელება იქნება)
მთავარი სხვადასხვა დავით ჩხარტიშვილი: X_ა), დასკვნითი ეპიზოდი / „მივმართავ მათ, – ვისზეც დამოკიდებულია საქართველოს...