ტელეარხი 25-ის ყველა თანამშრომელი, გარდა ფინანსური და ტექნიკური განყოფილებებისა, სამსახურიდან გათავისუფლებულია- გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიის დირექტორმა თანამშრომლებს ერთი საათის წინ წერილობით აცნობა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტელეკომპანიის დირექციამ გადაწყვეტილება ტელევიზიის მუშაობის ეფექტურობის გაზრდისა და განახლების მიზნით მიიღო.
„სამსახურები ხელახლა დაკომპლექტდება, როგორც ძველი, ასევე ახალი, კონკურსით შერჩეული კადრებით და საინფორმაციო გამოშვება ეთერს 11 იანვრიდან დაუბრუნდება“-ნათქვამია გია სურმანიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გაცნობებთ იმასაც, რომ წერილში საუბარია აგრეთვე გადაწყვეტილების მიღების წინაპირობაზეც. კერძოდ, საუბარი გვაქვს 2015 წლის 14 დეკემბერს “ტელეარხ 25”-ის საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტზე, რომელიც ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის მშობელის დაპატიმრებას ეხებოდა, რის გამოც, ტელეკომპანიის საინფორმაციოს ხელმძღვანელსა და ამ თანამშრომელს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. მომხდარი შელაპარაკების გამო, საინფორმაციოს ხელმძღვანელმა მაია მერკვილაძემ, რომელიც 18 წელია აღნიშნულ მედია-საშუალებაში მუშაობს და უკვე 8 წელია, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელია, დირექციისგან თანამშრომლის სამსახურიდან დაუყოვნებლივ განთავისუფლება მოითხოვა. დირექციის პასუხის შემდეგ, რომ ასე მყისიერად ვერ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, რადგან აუცილებლად უნდა შესწავლილიყო ეს საკითხი, და პარალელურად, ამ დაძაბული სიტუაციის განსამუხტავად, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ორივე თანამშრომლის გაშვება ანაზღაურებად შვებულებაში, მხოლოდ გარკვეული დროით…
რაც შეეხება ტელეკომპანიის დანარჩენ 35 თანამშრომელს, ტვ 25-ში უმართავი პროცესები დაიწყო, რომელმაც უარყოფითად იმოქმედა ტელევიზიის რეიტინგსა და საერთოდ, კომპანიის მუშაობაზე. აქედან გამომდინარე, ტელეკომპანიის დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება, ტელევიზიის მუშაობის ეფექტურობის გაზრდისა და განახლების მიზნით, გარდა ფინანსური და ტექნიკური განყოფილებებისა, გაანთავისუფლოს ყველა თანამშრომელი და მოახდინოს სამსახურების ხელახალი დაკომლექტება, როგორც ძველი, ასევე ახალი, კონკურსით შერჩეული კადრებით. საინფორმაციო გამოშვება ეთერს 11 იანვრიდან დაუბრუნდება.
PKTV-ს იმერეთის ბიურო ტვ 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროს მაია მერკვილაძეს გაესაუბრა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა:
“14 დეკემბერს, საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა მასალა არხის ერთ-ერთი თანამშრომლის მამის შესახებ, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. მასალის ეთერში გაშვების შემდეგ, მე, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს დაკავებულის შვილმა, გამოშვების რეჟისორმა შეურაცხყოფა მომაყენა და განადგურებით დამემუქრა. ოთახიდან მისი გაყვანა რამდენიმე ადამიანმა ძლივს მოახერხა, ამის შემდეგ დირექტორს ვთხოვე, მოსულიყო ტელევიზიაში, რათა მუშაობის საშუალება მომცემოდა. დირექტორი, გიორგი სურმანიძე მალევე მოვიდა. რადგან 2-საათიან გამოშვებამდე ცოტა დრო იყო დარჩენილი, მძიმე სტრესის მიუხედავად, მაშინვე დავურეკე საღამოს გამოშვების რეჟისორსაც და ვთხოვე ნიაზ კონცელიძე შეეცვალა, თუმცა კონცელიძემ შემცვლელს უარი უთხრა, პულტთან დარჩა და მისი იქიდან გარიდება ვერც დირექტორმა მოახერხა. გამოშვება ეთერში გავიდა, მე მოვითხოვე რეჟისორის შეცვლა და მისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა. გაჯიუტებული თანამშრომლის საეთეროდან გაყვანა ვერც 5-საათიან გამოშვებაზე მოხერხდა, რადგან მას მხარდამჭერი გამოუჩნდა ჯემალ ვერძაძის ნათესავის სახით, რომელიც ტელევიზიაში არაფორმალურ მმართველად ითვლებოდა. იმ ადამიანის გვერდით, რომელიც რამდენიმე საათის წინ ფიზიკური განადგურებით მემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა, საეთეროში მუშაობა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. დირექტორი ტელევიზიაში არ იმყოფებოდა. ისე დატოვა არხი, მდგომარეობის შესაცვლელად ვერაფერი იღონა. გვითხრა, რომ მეორე მფლობელს, ჯემალ ვერძაძეს უნდა შეხვედროდა და გაერკვია, რატომ უშლიდა უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს მისი ნათესავი. მე ვთხოვე წამყვანს და მეორე პროდუსერს, ჩემ გარეშე გასულიყვნენ პირდაპირ ეთერში, მაგრამ მათ, სიტუაციის უმართაობის გამო, უარი განაცხადეს. 5-საათიანი გამოშვება ეთერში არ გასულა. გიორგი სურმანიძე ტელევიზიაში მხოლოდ 11-ის ნახევარზე მოვიდა, თანაც ნასვამი და გვითხრა, რომ ვერძაძესთან შეხვედრა ვერ მოახერხა”, – აცხადებს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია მერკვილაძე.
ტელეარხი 25-ის ჟურნალისტების ერთი ნაწილი სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობს. საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია მერკვილაძე ზეწოლად აფასებს ტელევიზიის მფლობელებისგან იძულებით შვებულებაში გაშვებას. ტელეკომპანიის მფლობელებმა საინფორმაციო სამსახურის უფროსის 2 თვით გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საინფორმაციო გამოშვებაში ერთ-ერთი თანამშრომლის მამის დაკავების შესახებ ინფორმაცია გავიდა, ტელეკომპანიის მენეჯმენტმა კი იმის ნაცვლად, რომ კრიზისული სიტუაცია ემართა, საინფორმაციო სამსახურის უფროსი შესრულებული მოვალეობის გამო დასაჯა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასა და მფლობელთან კითხვები აქვთ ტელევიზიის საინფორმაციოს სამსახურის თანამშრომლებსა და თოქ- შოუ „დიალოგის“ გუნდის წევრებს. ისინი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების განმარტებასა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის – მაია მერკვილაძის სამსახურში დაუყოვნებლივ დაბრუნებას მოითხოვენ. დღის განმავლობაში კომენტარი არ გაუკეთებიათ ტვ 25 – ის მფლობელებს – გია სურმანიძეს და ჯემალ ვერძაძეს
„ტელერახი 25-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის იძულებით შვებულებაში გაშვებას პროფესიულ საქმიანობაში უხეშ ჩარევად აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც.
ტელევიზიის მფლობელებთან კითხვები აქვს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსაც“.
თოქ-შოუ „დიალოგის“ პროდუსერი ტელევიზიის მფლობელების გადაწყვეტილებაში საინფორმაცი სამსახურის უფროსის სამსახურიდან გაშვებას პოლიტიკური ნიშნით აფასებს.
რაც შეეხება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელს, იგი თვლის, რომ ეჭვები პოლიტიკურ გავლენასთან დაკავშირებით გაძლიერდება და შესაბამისად, ტელევიზიის მიმართ ნდობის მაჩვენებელი შემცირდება, თუკი „ტელეარხი 25-ის“ მფლობელები კონკრეტულ განმარტებებს არ გააკეთებენ.
ტელევიზიის გენერალური დირექტორი გია სურმანიძე მთავარი პროდუსერისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, კიდევ ერთი მფლობელი ჯემალ ვერძაძე მომხდარის მიზეზებზე საუბარს უკვე ყოფილ თანამშრომლებს კითხვაზე პასუხის გაცემას ხვალისთვის პირდება,
აქვე აღვნიშნავთ, რომ „ტელეარხი 25“-ის საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდიუსერის იძულებით შვებულებაში გაშვებას ეხმაურება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ამის შესახებ ინფორმაცია თავად საინფორმაციო სამსახურმა მოგვაწოდა:
ქარტიის საბჭო ტელევიზიის მფლობელებს მოუწოდებს, ნათლად განმარტონ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები. ქარტიის საბჭო არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ამახვილოებს ყურადღებას.