აჭარაში დღეს პოლიტიკოსების, მეცნიერების, იურისტებისა თუ, უბრალოდ, რიგითი მოქალაქეების აზრი ავტონომიის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ორად არის გაყოფილი. ერთნი მიიჩნევენ, რომ ავტონომიის გაუქმებით გარე ძალები ისარგებლებენ, ხოლო მეორენი ამტკიცებენ, რომ ავტონომიის სტატუსი წარსულის გადმონაშთია, უსარგებლო სიმსივნეა საქართველოს სხეულზე და, იმავდროულად, ცენტრალური ბიუჯეტისთვის ზარალიანიც… მავანნი ფიქრობენ, რომ აჭარის ავტონომიის სტატუსის თემა საქართველოსთვის ამ მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ ფონზე გარკვეულმა ძალებმა ხელოვნურად წამოწიეს და იგივე მავანნი გაურკვეველი წარსულისა თუ პროფესიის ადამიანებს რუპორად იყენებენ, რათა ავტონომიურ რესპუბლიკაში სიტუაცია ხელოვნურად დაიძაბოს!..
ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება საერთაშორისო სამართლის დოქტორი, ასლან ჰუსეინის ძე აბაშიძე:
– ბატონო ასლან, ყარსის ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი მხარეები არიან თურქეთის რესპუბლიკა, ხოლო მეორე მხარეს წარმოადგენდა აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, ანუ საქართველო ცალკე სუბიექტად კი არა, ორ მეზობელ ქვეყანასთან ერთ საერთო სუბიექტად არის წარმოდგენილი და თუკი მართლაც დადგა დღის წესრიგში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ავტონომიის ანულირების საკითხი, რომელიც, ფაქტობრივად, ყარსის ხელშეკრულების გაგრძელებაა, რა პოზიცია შეიძლება დაიკავოს ამ შემთხვევაში სომხეთმა და აზერბაიჯანმა?.. საინტერესოა, თუ სტატუსის განსაზღვრა მხოლოდ ქართულ მხარეს შეუძლია ყველა ხელშეკრულების ანულირების მოშველიებით?..
– უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა მოგახსენოთ იმისთვის, რომ დამიკავშირდით და ჩემი აზრით დაინტერესდით. რაც შეეხება შეკითხვას, თქვენ აზერბაიჯანისა და სომხეთის ხელისუფალნი სულელები ხომ არ გგონიათ? ჯერ ერთი, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ საერთო კავკასიურ თამაშში აზერბაიჯანი თურქეთის პოზიციას დაიკავებს, რადგან საერთო ინტერესები აქვთ ნებისმიერ სფეროში!.. ახლა, რაც შეეხება სომხეთს, შესაძლოა, სომხეთმა თავისივე ინტერესებიდან გამომდინარე იხმაუროს, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც რუსეთის ნებას დაჰყვება, რადგან რუსეთი ეტყვის, ჩვენ თურქეთთან კარგი ურთიერთობები გვაკავშირებს და გაჩერდითო!.. ახლა სომხეთი საქართველო ხომ არ არის, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსებს ტანკებით და ეს მაშინ, როცა იმავე ქალაქ გიუმრიში სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის უდიდესი სამხედრო დანაყოფი დგას? ასე რომ, საქართველო, როგორც ყარსის ხელშეკრულების, ისე აჭარისთვის ავტონომიის სტატუსის გაუქმების პერსპექტივაში, თურქეთის რესპუბლიკასთან პირისპირ, მარტოდმარტო დარჩება და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას, საზოგადოებამ განსაჯოს!!!
დღეს საქართველოში ყველა მიმართულებით რთული ვითარებაა და გამოვრიცხავ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აჭარაში ერთი მარგინალური ჯგუფის ჭკუაზე გაიაროს!.. იმასაც ვფიქრობ, რომ გაურკვეველი ადამიანებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები, რომლებიც იურისტებად, ანდა გამსახურდიას ხელისუფლების მომხრეებად ასაღებენ თავს _ მართულნი იყონ გარკვეული ძალებისგან, რათა აჭარაში დესტაბილიზაციის, ანდა თუ გნებავთ შეიარაღებული დაპირისპირების კერები გაჩნდეს!!!
– აჭარისთვის ავტონომიის სტატუსის გაუქმებაზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გამორიცხავს ის ჯგუფი, რომელიც ბათუმში უკვე მოსახლეობასაც ხვდება და ცენტრალური პრესის საშუალებით დიდი კამპანიაც აქვთ გაჩაღებული.
– ჯერ ერთი, რეფერენდუმის ჩატარება ადგილობრივ დონეზე აბსოლუტურად გამორიცხულია, რადგან კანონით რეფერენდუმის შესახებ მასში აუცილებლად უნდა ჩაერთოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, მთავრობა და ა. შ., რაც გამორიცხულია!.. ვფიქრობ, რომ როგორც თურქეთთან, ისე რუსეთთან, დაძაბულობის ახალი ესკალაცია დღევანდელ ხელისუფლებას აზრადაც არ მოუვა!.. მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ თითიდან გამოწოვილი თემით სპეკულაციაში საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციის აშკარა ნიშნებს უეჭველად დაინახავს, რადგან ამ პროვოკაციას ისეთი ადამიანები უწევენ პროპაგანდას, რომლებსაც არათუ სრულიად საქართველოში, არამედ აჭარაშიც კარგად იცნობენ და ისიც კარგად უწყიან, რომ ეს ადამიანები სინამდვილეში აჭარის ავტონომიის ბედ-იღბალზე კი არ ზრუნავენ, არამედ ზრუნავენ, პროვოკაციის ფონზე იტივტივონ და იმავდროულად ფინანსურადაც მოძლიერდნენ!.. ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლება რომც წავიდეს აჭარის ავტონომიის სტატუსის გაუქმებაზე, ჯერ ერთი, ამით ვერაფერს მოიგებს და მეორეც, წააგებს ძალიან ბევრს!.. მოდით, ახლა ისიც ვთქვათ, რატომ გამოიტანეს ავტონომიის სტატუსის გაუქმების საკითხი ამ ვითარებაში განსჯის თემად?.. საქმე ის არის და ეს აუცილებლად უნდა ითქვას, რომ თავად სააკაშვილის ხელისუფლებისა და აჭარის დღევანდელი ხელისუფლების გამოისობით ისე დამახინჯდა ავტონომიის არსი, რომ ახლა გასული საუკუნის ხელშეკრულებებს გადასწვდნენ და დღეს აჭარაში შექმნილ ვითარებას ყველაფერს გასულ საუკუნეში გაფორმებულ ხელშეკრულებას აბრალებენ. ეს ხომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს?.. ანუ თავად დაამახინჯეს, გამოშიგნეს, ბუტაფორიად აქციეს ავტონომიის არსი და ახლა ამ სიმახინჯეებს უკვე ახალ ხელისუფლებას უყენებენ, როგორც დანაშაულს?.. აი, მაგალითისთვის: ცუდია თუ კარგია, დღეს გერმანიაში ბავარიის ავტონომია, როგორც ტერიტორიულად, ისე ეკონომიკურად?.. გარწმუნებთ, რომ ბავარიის ავტონომია დღევანდელ გერმანიაში როგორც ტერიტორიულად, ისე ფინანსურად, ძალიან ძლიერი ავტონომიაა და თუკი გერმანელები ახერხებენ ავტონომიის არათუ არსებობას, პირიქით, უამრავი სიკეთით სარგებლობას, საქართველომ სულ მცირე მაგალითი ხომ უნდა მიიღოს ასეთი რეალობიდან?.. ქალბატონო ირინა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მომეცით საშუალება, გავცნობოდი როგორც `ქრონიკა+~-ით, ისე გაზეთ „პრემიერის“ საშუალებით იმ ადამიანების აზრს, რომლებიც არათუ აჭარის მოამაგეებად მოიაზრებენ თავს, არამედ ყველაფრის მცოდნე იურისტებადაც, მაგრამ მაგათ ინტერვიუებიდან ხომ საინტერესოა ყველაზე მთავარი, პირადად მე რა ამოვიკითხე?.. ამოვიკითხე ის, რომ, თურმე, ეს ბატონები აჭარის ავტონომიის გაუქმების აუცილებლობას ხედავენ მხოლოდ იმაში, რომ აჭარას ძვირი უჯდება ადგილობრივი ხელისუფლების შენახვა, რომელიც საქართველოს ბიუჯეტიდან მსუყედ ფინანსდებაო… ახლა ასე დავსვათ საკითხი, _ თუკი აჭარიდან სახელმწიფო ბიუჯეტში უამრავი თანხა შედის და შემდეგ ბიუჯეტიდან აჭარის ხელისუფლების შესანახად ასევე მსუყე თანხები ირიცხება _ რა შუაშია აქ ავტონომიის სტატუსი?.. ანდა როდესაც აჭარაში ცენტრალური ხელისუფლება ერთიმეორის მიყოლებით აგზავნის საკუთარ კადრებს მაღალ ინსტანციებში და საქართველოს არც ერთ ქალაქში არც ერთი, თუნდაც ბათუმელი პროფესიონალი არ მიჰყავთ სამუშაოდ, ესეც ავტონომიის სტატუსის გამო ხდება?!. ის, რომ აჭარაში ეთნიკური სურათი ნელ-ნელა და მიზანმიმართულად იცვლება, ესეც ავტონომიის სტატუსის ბრალია, თუ იმ ცენტრალური ხელისუფლების, რომელმაც ათიათასობით თურქი აჭარის როგორც სანაპირო ზოლში, ისე დანარჩენ აჭარაში შეუსია?!. რეფერენდუმის ჩატარებაზე როცა საუბრობენ ეგ ვაიპროფესორები, ვაიიურისტები და ზოგიერთი შარაზე გადებული ვაიინტელიგენტი, რატომ არ ფიქრობენ იმაზე, რომ აჭარაში როგორც ეთნიკური, ისე სარწმუნოებრივი თვალსაზრისით საგანგაშო მდგომარეობაა?.. თუკი ეს ვერ გაუთავისებიათ ჩვენს აჭარელ ე. წ. კოლეგებს, რაზე ვსაუბრობთ მაშინ? ღმერთმა ნუ ქნას, აჭარლებმა მაგ ხალხის ჭკუაზე გაიარონ, რადგან უდიდესი განსაცდელის წინაშე დადგებიან და თუკი ეს ადამიანები ამ გზით აჭარის ხელისუფლებაში მოსვლასაც გეგმავენ, მაშინ აბსოლუტური გარანტიით გიცხადებთ იმას, რომ აჭარა საერთოდ დაიღუპება, რადგან _ აი, ყველაზე გათახსირებული ხოჯები რომ არიან და სეპარატისტული იდეოლოგიით დატვირთული, იმათზე უარესები იქნებიან, შემდეგ იმ ფირფიტასაც ამოატრიალებენ, რომელზეც აჭარის ავტონომიის გაუქმებაზე გულიანად საუბრობდნენ!.. ეს ადამიანები არასდროს, არც ერთ დონეზე არაფერს წარმოადგენდნენ და ახლა თუ იღლიაში `პაპკით~ დაიარებიან, ბევრს არაფერს ცვლის, გამიგეთ?!. მთელი უბედურება ის არის, რომ ამ ეტაპზე და ამ ძნელბედობის ჟამს ავტონომიის გაუქმების საკითხის წამოჭრა ჩემი აზრით ემსახურება ერთადერთ მიზანს, _ დესტაბილიზაციას და პროვოკაციას!.. სრულიად არ არის შემთხვევითი ისიც, რომ დღეს აჭარის უზენაეს საბჭოში „რესპუბლიკელებისა“ და „ნაცმოძრაობის“ კუდების გადაბმით პარალიზებულია უზენაესი საბჭო, სადაც ფარული გარიგებების შედეგად 8 ხმით თავიანთი კანდიდატი ფუტკარაძე გაიყვანეს. მურმან დუმბაძე, ეს ზნეობისგან დაცლილი კაცი, რომელიც აქამდე აკონტროლებდა არა მხოლოდ აჭარის უზენაეს საბჭოს, არამედ, ერთგვარად, კადრების განყოფილებასაც, გრძნობს რა დღეს რომ შეიძლება ბერკეტები ხელიდან გამოეცალოს, ყველანაირ პროვოკაციაზე მიდის იმიტომ, რომ გნებავთ, ვადამდელ და გნებავთ, ვადაში არჩევნებზე აღარავითარი პერსპექტივა მას აღარ გააჩნია ისევ ხელისუფლებაში დაბრუნების!!! ამიტომ ახლა, მით უმეტეს იარაღით მომარაგებული, ნებისმიერ ფასად ცდილობს შეინარჩუნოს არათუ გავლენა მთელ აჭარაზე, არამედ მუდმივი შანტაჟისა და პროვოკაციის გზით აკონტროლოს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება როგორც თბილისში, ისე აჭარაში! მე აჭარელი კაცი ვარ, კარგად მომეხსენება, ვინ ვინ არის, ვინ ვისთან მეგობრობს, ვინ ვისთანაა ნათესაურ კავშირში და ვის ვისთან რა პოლიტიკური ურთიერთობები აკავშირებს. ამიტომ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ აჭარისთვის ავტონომიის სტატუსის გაუქმების ინიციატივა ერთი უპერსპექტივო გუნდის მხრიდან წამოჭრილი – ვითომ პრობლემაა, სინამდვილეში კი ამ ძალების ზურგს უკან ის გაქნილი ვაიპოლიტიკოსები დგანან, რომლებიც დღეს მურმან დუმბაძესთან ერთად შეძენილი იარაღით საკუთარ ქონებას იცავენ და სხვას, _ არაფერს!.. თუმცა, ალბათ, იმის ალბათობას, რომ მათ პროვოკაციას შესაძლოა მართლაც მოჰყვეს გარკვეული დაძაბულობები, სრულიად არ გამოვრიცხავ და საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მოვუწოდებ, ამ ჯგუფების საქმიანობას ყურადღებით მოეკიდოს!..
– ბატონო ასლან, მხოლოდ საქართველოზე რომ იყოს დამოკიდებული აჭარის ავტონომიისთვის სტატუსის გაუქმება, ამას გაცილებით ადრე გააკეთებდნენ სხვა ხელისუფლებები, არ მეთანხმებით?
– იცით, რა ხდება? აჭარის ავტონომიის სტატუსს, ისევე როგორც ყარსის ხელშეკრულებას, საერთაშორისო ხელშეკრულებები იცავს და ნუთუ ეს არაფერს ნიშნავს? მე, როგორც საერთაშორისო სამართლის დოქტორი, გეუბნებით, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს და მეორეც, ეგ ვითომ პატრიოტები რომ გამოდიან და ხალხს ატყუებენ, ავტონომიური რესპუბლიკა თავის დროზე რელიგიური ნიშნით დააარსესო, საერთოდ აღარ რცხვენიათ? დავიწყოთ იქიდან, რომ ავტონომიის სტატუსი ეძლევა ტერიტორიას და არა რომელიმე რელიგიურ კონფესიას!.. ანუ არაფერ შუაშია და არსად, არც ერთ ხელშეკრულებაში არ წერია, რომ აჭარის ავტონომია მიეცათ იმ აჭარლებს, რომლებიც ისლამის მიმდევრები არიანო, გამიგეთ?!. უფრო გასაგებადაც გეტყვით: აჭარის ავტონომია დაარსდა თურქეთის ოფიციალური საზღვრების დასაფიქსირებლად და თუკი ჩვენ ავტონომიის, ისევე როგორც ყარსის ხელშეკრულების გაუქმებისაკენ წავედით, რომლებიც ერთმანეთთან უშუალო კავშირში არიან, მაშინ ამ ნაბიჯით ხელ-ფეხს ავუხსნით როგორც თურქეთს, ისე რუსეთს, რომლებიც იძულებულნი გახდებიან და შესაძლოა კიდეც ელოდებოდნენ, ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები არათუ შეგვახსენონ, არამედ გვაიძულონ კიდეც მათი შესრულება!!!
ასე რომ, ჯგუფი, რომელიც დღეს „ურაპატრიოტული“ ლოზუნგებით გამოდის: „გაუქმდეს აჭარის ავტონომიის სტატუსი“, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მტრები არიან და რაც მალე მიხვდება საქართველოს მოსახლეობა ამას, მით უფრო ადრე აგვცილდება ის საფრთხე, რომელიც ამ ქაოსურ ვითარებაში, ამ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, როდის ამოყოფს თავს, არავინ ვუწყით!..
ირინა გოგოსაშვილი, გაზეთი „ქრონიკა +“