მთავარი სტატიები ელოდეთ იპოთეკარების ახალ ტალღას გომარდულიდან…

ელოდეთ იპოთეკარების ახალ ტალღას გომარდულიდან…

360
0

საკურორტო ზონა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულში 2004 წელს გაიხსნა, როგორც ადგილობრივები ყვებიან კურორტის საქმე წლების მანძილზე კარგად მიდიოდა, არც ქართველი და არც უცხოელი ტურისტების სიმცირეს განიცდიდნენ, ეწყობოდა სპორტული ტურნირები თხილამურებით სრიალში, დატვირთვით მუშაობდნენ საოჯახო სასტუმროები, კოტეჯები თუ კაფე-რესტორანები…
თუმცა ადგილობრივების განმარტებით, ბოლო სამი წელია ტურისტების ნაკადმა საგრძნობლად იკლო, რადგან იკლო ხელისუფლების ყურადღებამაც და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სეზონზე კურორტამდე მისასვლელი გზაც კი არ იწმინდება…
სწორედ ამის გამო განიცდის სოფელი მიგრაციას. გომარდულში ჩასასვლელად ჩვენ, ჟურნალისტებსაც დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, თოვლისგან ჩაკეტილი გზის დასაძლევად უამინდობაში რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა მოგვიხდა, ადგილზე ჩასულებს კი ცარიელი კურორტი და გულშეღონებული ადგილობრივები დაგვხვდნენ…
არც მეტი, არც ნაკლები, გომარდულში სულ რაღაც ოთხი ტურისტი ვიხილეთ, ძირითადად ახალგაზრდები, რომლებიც სამთო კურორტს დროის გასატარებლად ეწვივნენ, მაგრამ…
გოგიტა დიდმანიძე, ტურისტი: – გომარდულში სამ მეგობართან ერთად წამოვედი, გვეგონა დავისვენებდით და კარგ დროს გავატარებდით, მაგრამ ერთი ღამე მანქანაში გავატარეთ, ადგილობრივები რომ არ დაგვხმარებოდნენ, ვინ იცის, რა მოგვივიდოდა… მოკლედ, როგორც იქნა, მოვაღწიეთ და ახლა კარგად ვისვენებთ. ძალიან ცუდია, ასეთ შესანიშნავ კურორტს ყურადღება რომ არ ექცევა.
სოფლის უხუცესი ჯიგარ ჭაღალიძე ითხოვს, რომ აჭარის მთავრობა გამოეხმაუროს ადგილობრივთა გულისტკივილს და კვლავ დაიწყოს საკურორტო ზონამ ფუნქციონირება.
აქ არსებული კოტეჯები ტურისტთა ნაკლებობის გამო არ ფუნქციონირებს, თუმცა შესაძლებელია სამჯერადი კვებით კერძო სახლის დაქირავება. ერთ-ერთი სახლის მეპატრონის ნუგზარ ბერიძის განცხადებით, წელს ტურისტთა ნაკლებობა ყველაზე მეტად შესამჩნევია, მისი თქმით, გასულ წლებთან შედარებით წელს დამსვენებლის 10 პროცენტიც კი არ შემოსულა… იმის გამო, რომ მას და მის თანასოფლელებს საკურორტო ბიზნესის განვითარების მიზნით კრედიტები აქვთ აღებული და რამდენიმე წელია სეზონი პრაქტიკულად ჩავარდნილია, ძალიან ცუდ დღეშია და ჯერ კიდევ არ იცის, რა ელოდება მის საკურორტო ბიზნესს, კრედიტების გადახდას გაძვირებული ვალუტა და გაუფასურებული ლარიც ართულებს. ნუგზარ ბერიძე მთავრობის მხარდაჭერას ითხოვს და მოუწოდებს აჭარის ხელისუფლებას, გზა მაინც გაწმინდოს, რომ ტურისტებს გადაადგილების პრობლემა არ ჰქონდეთ.
როგორც გომარდულელები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, სოფლის ტურისტულ ზონად გამოცხადების შემდეგ მათ საკუთარი სახნავ-სათესი ფართობებისა და საძოვრების დათმობა მოუხდათ, მართალია, მაშინ ხელისუფლება ადგილობრივებს კომპენსაციებს შეჰპირდა, მაგრამ მას შემდეგ ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა… როგორც ჩანს აქაც მოტყუებულები აღმოჩნდნენ.

თამაზ ქობულაძე, ზეინაბ ქათამაძე