მთავარი სტატიები „ეს ჩემი სული, ქვის ნატეხივით,  სამშობლოს კედელს ჩააშენდება“…

„ეს ჩემი სული, ქვის ნატეხივით,  სამშობლოს კედელს ჩააშენდება“…

376
0

მიყვარს დანდალოს რგული ხეხილი, ხევი თამარის ხიდით მმშვენდება

ეს ჩემი სული, ქვის ნატეხივით, სამშობლოს კედელს ჩააშენდება…

 ბატონ ფრიდონს განსაკუთრებით უყვარდა გაზაფხულის ეს დრო. ის ხომ მაისში დაიბადა. დაიბადა ჩვენთვის, საზოგადოებისთვის. მის მიერ განვლილი ცხოვრების გზა ფართო გზაა ყოველი ჩვენგანისათვის. ის ხომ აჭარელი კაცის მაჯისცემა იყო. უზომოდ შეყვარებული თავის კუთხეზე,ხალხზე. მან შეძლო ჩვენი სათქმელი ეთქვა სრულიად საქართველოსათვის – საქართველო მისთვის იყო სულის განუყოფელი, შემადგენელი ნაწილი. საქართველოსაც, ქართველ ხალხსაც უყვარდა ბატონი ფრიდონი. უყვარდა მისი პოეზია, შემოქმედება, სადაც არ უნდა ყოფილიყო ის – კახეთში, რაჭაში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, ქართლში თუ ყველაზე მიუვალ სოფელშიც, ბატონი ფრიდონი ყველგან, როგორც თავის სახლში გრძნობდა თავს. ყველა კუთხე თავისებური სიყვარულით უყვარდა. ის თავის პატარა გულში იტევდა ამ ღვთისნიერ, კურთხეულ ქვეყანას და გულით დაატარებდა მას. ქართველმა ხალხმა ჩვენმა საპატრიარქომ დამსახურებული პატივი მიაგო პოეტს, ის მართლაც ქვის ნატეხივით ჩაეაშენა ჩვენი სამშობლოს უწმინდესი სალოცავის კედელს და მშვიდად განისვენებს ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში დიდი ადამიანი, მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე. წავიდა და თან გაიყოლია დარდი თავისი საყვარელი საქართველოსი, მემლექეთისა, რომლის ბედი და იღბალი, წარსული, აწმყო და მომავალი აწუხებდა პოეტს, მოქალაქეს, მამულიშვილს. ეს წუხილი კარგადაა ნათქვამი თავის უკვდავ მემლექეთში:

მითხარ, როგორაა მემლექეთი, ჩემი სანატრელი საქართველო,

რამე იმნაირი გამაგონე, გული დაკოდილი გავამრთელო.

ღმერთს შევთხოვთ ბატონო ფრიდონ, რომ უახლოეს დროში თავდახრილი გვეთქვას თქვენს საფლავთან, რომ შენი მემლექეთი, შენი სანატრელი საქართველო კარგადაა, გამთლიანდა და გაბრწყინდა. თქვენი ამქვეყნიური სიცოცხლე წააგავდა ანთებულ სანთელს, რომელიც თვითონ იწვის და სხვას გზას უნათებს!…

პეტრე არძენაძე

სურათძე: ფრიდონ ხალვააში, ვანო პაპუნიძე და პეტრე არძენაძე, ფრიდონის 80 წლის იუბილეზე.