„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ქედის მუნიციპალიტეტიდან იაშა შერვაშიძე, რომლის ძმისშვილი, ასლან აბაშიძის ხელისუფლების დროს ქედის პოლიციის უფროსი, ხოლო შემდეგ „ნაციონალების“ დამრტყმელი ძალა, მხილებულია 2011 წლის ბათუმის აქციის დროს ტელევიზიასთან ჩატარებული დარბევის ორგანიზებაში. როგორც ჩანს ის „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიმართ აშკარა ტერორზე გადადის და მისი ოჯახის წევრები ამ ადამიანების მიმართ თავდასხმებსაც არ ერიდებიან… ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა აქტიურმა სახემ, პოლიტოლოგმა ასლან ლორთქიფანიძემ ექსკლუზიურად, ტელეკომპანია „ტვ12“-ის პირდაპირ ეთერში, ჯემალ მეგრელიძის საავტორო პროგრამა `მედიატორის~ სტუდიაში განაცხადა.
– მინდა ერთი ექსკლუზიური განცხადება გავაკეთო სპეციალურად თქვენი საინფორმაციო საშუალებით, რომელიც აქამდე არ მითქვამს და ეს ფაქტი უკავშირდება იმას, რომ 2011 წლის 21 მაისის ბათუმის მოვლენებში იაშა შერვაშიძის ძმისშვილის და საერთოდ, ამ ოჯახის მონაწილეობასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია მქონდა 21 მაისის მონაწილე არა ერთი ადამიანისგან, ამიტომ საჯარო სივრცეში, სოციალური ქსელებით მივმართე ძალოვან სტრუქტურებს, რომ ამ საქმის გამოძიებით დაინტერესებულიყვნენ და ამ ყველაფერზე პასუხი იყო მიმდინარე წლის 11 მაისს, კაფე-ბარ „ლატერასაში“, სადაც მეგობართან ერთად ვისხედით, დაახლოებით 5-6-კაციანი ჯგუფი ფიზიკურად თავს დამესხა… უცნობი ჯგუფის მიერ ჩემზე თავდასხმის დროს ერთ-ერთმა თავი გამაცნო, რომ ის იყო პარლამენტარ იაშა შერვაშიძის ძმისშვილი და დამიწყო ფიზიკური ანგარიშსწორება. ეს იყო პრაქტიკულად `ნაციონალური მოძრაობის~ რევანში იმ აქტივისტებზე, რომლებიც მაშინ მათ წინააღმდეგობას უწევდნენ და დღემდე ეს საქმე არის პროკურატურაში, პროკურატურა კი პრაქტიკულად არ იძიებს ამ პროცესს.
– ანუ ფაქტის შემდეგ თქვენ მიმართეთ ძალოვან უწყებებს და არავითარი რეაგირება არ მომხდარა?
– სანამ თქვენთან მოვიდოდი, მე გენერალურ პროკურორს მივწერე წერილი, იმიტომ, რომ არც ერთ ჩემს მცდელობას მომხდარიყო სრულფასოვანი გამოძიება ჯგუფური თავდასხმისა, შედეგი არ მოყოლია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს უკავშირდება 21 მაისის მოვლენებს და იმ ადამიანებს, რომლებმაც დაინახეს იაშა შერვაშიძის ოჯახის წევრების პროვოკაცია, რაც მე არ დამინახავს, უბრალოდ მე ვეყრდნობი იმას, რასაც აცხადებენ თვითმხილველები. ამ მოვლენების უშუალო მონაწილეები კი ამბობენ, რომ სწორედ მათ (შერვაშიძის ძმისშვილმა) მოახდინეს პროვოცირება, ესროლეს ქვები ტელევიზიის შესასვლელ კარებს, ჩატეხეს მინები, რაც გახდა აქციის დარბევის და ადამიანების დაპატიმრების წინაპირობა… დღეს ეს საქმე არის პროკურატურაში და სამწუხაროა, რომ დღეს ისევ რჩებიან ისინი ჩვენს ხელისუფლებაში, ყველა ხელისუფლებაში, რაც აქამდე ყოფილა და დღესაც მათ აქვთ გარკვეული გავლენები და ეს რომ იყოს მარტო ჩემი პრობლემა, ამაზე საერთოდ არ ვისაუბრებდი, ეს არის განზოგადოებული პრობლემა, როდესაც არ ხდება და ვერ ხდება სამართლიანობის დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში. მე გულწრფელად განვიცდი ამ მდგომარეობას.
– მე ახლა ბატონო ასლან, თავს უფლებას მივცემ და მივმართავ ქართულ სამართალდამცავ ორგანოებს და მათ ხელმძღვანელობას, რომ აუცილებლად დაჩქარდეს ეს პროცესი, იმიტომ, რომ არავინ არის დაზღვეული ასეთი თავდასხმებისგან…
– დაველოდოთ გენერალური პროკურორის პასუხს და ალბათ ამის შემდეგ კიდევ მოგვიწევს ამაზე საჯაროდ და ღიად საუბარი.
P.S. წინამდებარე მასალის გაზეთ „აჭარა P.S.“-ში გამოქვეყნების შემდეგ, რედაქციის ცხელ ხაზზე შემოვიდა მუქარის შემცველი ზარი, ახალგაზრდა მამაკაცი ჩვენს თანამშრომელს ამგვარი მასალის დაბეჭდვის გამო თავის მოჭრით დაემუქრა… ჩვენ ბუნებრივია, ნომერი დაფიქსირებული გვაქვს, თუმცა ყველა მცდელობა გაგვერკვია ზარის ავტორი, უშედეგოდ დასრულდა, ვინაიდან ნომერი მუდმივად გამორთულია.